Powered by Jasper Roberts - Blog

15:49 25.10.2017
როდის დავიხოცებით ყველა გლობალური დათბობისგან? პროგნოზი

ზაფხულის ბოლოს, ბრიტანულმა Times Higher Education-მა ნობელის პრემიის 50 ლაურეატი გამოჰკითხა. ჟურნალს აინტერესებდა ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ეკონომიკის სპეციალისტების აზრი კაცობრიობის გლობალურ პრობლემებზე. გამოკითხულთა უმრავლესობამ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გლობალური დათბობა დაასახელა.

 

 

რა არის საშიში გლობალურ დათბობაში?

 

ჯერ კიდევ 2015 წელს, ექსპერტები ახალ საგანგაშო მაჩვენებელზე ალაპარაკდნენ. ნახშიროჟანგის (СO2) საშუალო შემცველობამ ატმოსფეროში ჰაერის მილიონ ნაწილაკზე 400 მოლეკულა შეადგინა, რაც ახალი რეკორდია. СO2-ის მაღალი კონცენტრაცია აჩქარებს გლობალურ დათბობას - საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე იზრდება. ნახშიროჟანგი ეგრეთ წოდებულ სათბურის აირებს მიეკუთვნება. ატმოსფეროში კონცენტრირებული ასეთი აირები მზის ენერგიის ნაწილს აკავებს და ჩნდება “სათბურის ეფექტი” - დედამიწა ცხელდება. თუ სათბურის აირები საერთოდ აღარ იქნება, პლანეტა ყინულის ბურთად გადაიქცევა. მაგრამ დღეს მისი რაოდენობა ნორმაზე ბევრად მეტია. და ბოლო 100 წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა გაიზარდა 0,86°C-თ.

 

 

ეს ხომ გრადუსზე ნაკლებია? ბევრია?

 

საკმაოდ. ახლა პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 15°C-ია. გამყინვარების პერიოდში საშუალო ტემპერატურა იყო სულ რაღაც 4°C-ით ნაკლები. ასე რომ 0,86 - ცოტა არ არის. კაცობრიობა შეეჩვია გარკვეულ კლიმატში ცხოვრებას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თუ ტემპერატურა პლანეტაზე საშუალოდ 3°C-ის ფარგლებში გაიზრდება, ცხოვრება განსაკუთრებულად არ შეიცვლება. მაგრამ თუ დედამიწა უფრო გათბება, ამას ისეთი ცვლილებები მოჰყვება, რომლისთვისაც კაცობრიობა მზად არ არის.

 

 

როდის შეიძლება ეს მოხდეს?

 

ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუ სათბურის აირების გამოყოფა არ შემცირდება - დაახლოებით 2055 წლისათვის ტემპერატურა შეიძლება 2°C-ზე მეტად გაიზარდოს, ხოლო 2100 წლისთვის - 4°C-ით. ყველაზე ოპტიმისტური სცენარი ასეთია: სათბურის აირების გამოყოფა პიკს 2020 წელს მიაღწევს, შემდეგ კი ვარდნა იქნება. ასეთ შემთხვევაში, საუკუნის ბოლოს ტემპერატურა მხოლოდ ერთი გრადუსით მოიმატებს.

 

 

რა საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობა ადამიანებს?

 

მეცნიერები უამრავ უბედურებას წინასწარმეტყველებენ. აქ მხოლოდ რამდენიმე ძირითადი საფრთხეა:

ზღვის დონის გაზრდა. ყინულების დნობის გამო წყლის დონე იზრდება, რასაც კუნძულების და მიმდებარე ზონების ჩაძირვა მოჰყვება. კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) პროგნოზით, ზღვაში წყლის დონე, ეკოლოგიური სიტუაციის მიხედვით, 2100 წლისთვის 26-82 სანტიმეტრით გაიზრდება.

კლიმატური პირობების შეცვლა და წყლის რეზერვების განაწილება. გლობალური დათბობის გამო, ზოგიერთი რეგიონი შეიძლება მტკნარი წყლის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც წყლის რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. გარდა ამისა, მომავალში სავარაუდოდ გაიზრდება ისეთი სტიქიური უბედურებები, როგორებიცაა ქარიშხლები, ტყის ხანძრები და წყალდიდობები.

კრიზისი სოფლის მეურნეობაში. ცვლილება ამინდის პირობებსა და წყლის რესურსების გადანაწილებაში სოფლის მეურნეობაზე აისახება. მაგალითად, ბევრი კულტურა ტრადიციულ რეგიონებში აღარ გაიზრდება.

გარეული ცხოველების და მცენარეების გაქრობა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბევრი სახეობა გაქრება, რადგან ვერ შეძლებს სწრაფად ცვლად პირობებთან ადაპტაციას.

ოკეანის მჟავიანობა. ნახშიროჟანგის მნიშვნელოვან ნაწილს ოკეანე შთანთქვას. ეს ცუდად აისახება მის მობინადრეებზე. კვების ჯაჭვის მოშლას შეიძლება სახეობათა შემცირება და სხვა უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს.

 

 

გლობალური დათბობა უკვე ახდენს სამყაროზე გავლენას?

 

დიახ. ბოლო 45 წლის განმავლობაში არქტიკული ყინულის მოცულობა 13%-ით შემცირდა. 100 წლის განმავლობაში ზღვებში წყლის დონე 20 სანტიმეტრით გაიზარდა. ბევრ რეგიონში სულ უფრო ხშირად არის ექსტრემალური სიცხეები, კოკისპირული წვიმები და სერიოზული ბუნებრივი კატაკლიზმები. კლიმატის ცვლილების გამო მოსავალი ნადგურდება და ზოგიერთი სახეობის პოპულაცია - როგორც ოკეანეში, ისე ხმელეთზე - მცირდება.

 

 

გლობალური დათბობა როგორ გაჩნდა?

 

მეცნიერების უმრავლესობის აზრით, მთავარი მიზეზი - ინდუსტრიალიზაციაა. საწარმოების და ტრანსპორტის გამონაბოლქვი ატმოსფეროში სათბურის აირების, კერძოდ ნახშიროჟანგის კონცენტრაციას ზრდის.

 

 

გლობალური დათბობის შეჩერება შეიძლება?

 

უცნობია. თუმცა, შესაძლებელია მისი შენელება და ზიანის შემცირება. პრობლემა ის არის, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ კაცობრიობა შეწყვეტს სათბურის აირების გამოყოფას, გლობალური დათბობა ათობით წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდება იმის გამო, რომ მაგალითად, ნახშიროჟანგი ატმოსფეროში ძალიან დიდხანს ნარჩუნდება. გლობალურ დათბობასთან ბრძოლა ძირითადად შემოიფარგლება სათბურის აირების გამოყოფის შემცირებით - მთავარი საერთაშორისო დოკუმენტები სწორედ ამ პრობლემას ეძღვნება.  

 

 

ამბობენ, რომ გლობალური დათბობა მითია. ვის დავუჯერო?

 

დიახ. თეორიას ბევრი აკრიტიკებს. მაგრამ თავად გაზომვებს, რომლებიც აჩვენებს, რომ პლანეტაზე ტემპერატურა იზრდება, იშვიათად აყენებენ ეჭვქვეშ. ხშირად დავა ამ მოვლენის მიზეზებს ეხება - ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და არ უკავშირდება ნახშიროჟანგის გამოყოფას. სათბურის აირების წყაროები ხომ ძირითადად ბუნებრივია, ხოლო მთავარი მათ შორის - წყლის ორთქლია, და არა ნახშირბადის დიოქსიდი. მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეცნიერო წრეების წევრთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ გლობალური დათბობა არსებობს და მისი მთავარი მიზეზი - სათბურის აირებია, რომლებიც ატმოსფეროში ადამიანის საქმიანობის წყალობით ხვდება. არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომელთა თანახმად, მეცნიერთა 97% ამ თეორიას ეთანხმება.

 

 

კარგი, მაშინ როდის დავიხოცებით ყველა?

 

არავინ იცის. სასურველია, თუ მეცნიერთა პროგნოზებს მომავლის წინასწარმეტყველებაში არ ავურევთ. პლანეტის ცხოვრებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, და არავინ იცის, როგორ შეიცვლება ის 10, 50 და 100 წლის შემდეგ. არავინ იცის ასევე, როგორ განვითარდება ურთიერთობა ქვეყნებს შორის, იქნება თუ არა გლობალური კონფლიქტები, რა ბედი ელის წარმოებას და ტექნიკურ პროგრესს.

ავტორ(ებ)ი : imedinews.ge