Powered by Jasper Roberts - Blog

16:37 24.10.2017
,,თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა" - თამაზ მეჭიაური

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური თიანეთში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს უკავშირებს. როგორც მეჭიაურმა საიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუცნაშვილის ინტერესებშია, რომ ”ქართული ოცნების” კანდიდატი გავიდეს და საკუთარი პოზიციები გაიმყაროს თიანეთში. 



”რაც ხდება თიანეთში, ვინც ამ მარაზმს აკეთებს, არის ქუცნაშვილი. მისი ინტერესი ამ რაიონში არის ცალსახა. მას აქვს ფინანსური და ბიზნესინტერესები და თუ რაიმე სტრატეგიული არსებობს, ყველაფრის დასაკუთრებას ცდილობს. ქუცნაშვილის სამოურავოა. ქუცნაშვილი ამ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს და მიდის ვა-ბანკზე”, - განაცხადა მეჭიაურმა.



მისივე თქმით, ”დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი”, რომელმაც თიანეთის მე-20 უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რეალურად ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 



”ჩვენ ვითხოვთ იმ განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც გაბათილებული ბიულეტენები სრულიად უკანონოდ აღადგინეს. ახლა როცა მიხვდნენ, რომ პროცესი შესაძლოა წააგონ, ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცით შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, რომ მთლიანად უბნის შედეგების გაუქმება მოხდეს”, - განაცხადა მეჭიაურმა. 

ავტორ(ებ)ი : IPN.GE