Powered by Jasper Roberts - Blog

12:50 14.10.2017
„ზეცისა და ქვეყნის შემაერთებელი“–სვეტიცხოვლობა - უფლის კვართის დღესასწაული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. სვეტიცხოველი ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებაც აღინიშნება.

 

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა იესოს ყრმობისას მოუქსოვა კვართი, რომელიც, მაცხოვრის ასაკის მატებასთან ერთად, სასწაულებრივად იზრდებოდა. საუფლო კვართის შესახებ მრავალი წმინდა მამა საუბრობს: კვიპრიანე კართაგენელი, კოზმა მაიუმელი, ისიდორე პელუსიოტი, მაქსიმე აღმსარებელი, აგრეთვე, სწავლული და ფილოსოფოსი ბერი თეოდორე ზიგაბენი.

 

ჯვარცმის შემდგომ მაცხოვრის კვართისა და სამოსლის გადანაწილების თაობაზე მახარებლები მოგვითხრობენ, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველი კიდევ უფრო აკონკრეტებს და გვამცნობს, რომ მხედრებმა კვართი არ განხიეს, მხოლოდ სამოსელი განიყვეს ოთხ ნაწილად. ამით აღსრულდა წინასწარმეტყველება, რომელიც დავითის 21-ე ფსალმუნში იყო განცხადებული – „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფსალმ. 21:19).

 

XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა, შეიწოვა სისხლი, ოფლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.

 

თეოდორე ზიგაბენი აღნიშნავს, რომ, როგორც ყოველთვის, ჯვარცმისასაც ქრისტეს სახელოებიანი პერანგი ეცვა, არა შეკერილი, არამედ „ზეით გამოქსოვილი“– ანუ კვართი, კვართის ზემოდან კი, – ორი სამოსელი, რომელიც ოთხმა მხედარმა ოთხად დაანაწილა, არა იმის გამო, რომ ის ძვირფასი იყო და მისგან რაიმე სარგებელი ექნებოდათ (იესოს ხომ ღარიბ გალილეველთა მსგავსად უბრალოდ ეცვა), მათ ეს უფრო უფლის შეურაცხყოფის მიზნით მოიმოქმედეს. რაც შეეხება კვართს, ის ხელუხლებელი დარჩა; აზრიც არ ჰქონდა რომ განეხიათ, რადგან პერანგი მთლიანად დაიშლებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საღვთო განგებულება იყო.

 

კვიპრიანე კართაგენელი წერს, რომ, როდესაც იოანე ღვთისმეტყველი უფლის კვართის განუყოფლობაზე გვამცნობს, ამით ქრისტეს ეკლესიის მთლიანობას, მის დაურღვევლობას უსვამს ხაზსო (,,კათოლიკე ეპისტოლე ეკლესიის ერთიანობის შესახებ“).

 

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კი ასე განმარტავს: „ზეით გამოქსოვილი კვართი აღნიშნავს სათნოებათა ერთიან (მთლიან) წნულს და საღვთო მადლით მოქსოვილ კავშირს, რომელიც შიგნით ჩვენს გულისხმიერებას ფარავს, რომელსაც ჩვენი მცონარებისა და სიზარმაცის გამო ხშირად მკვლელი დემონები გვაკარგვინებენ, თუმცაღა ნებადართული არა აქვთ იმდენად დასერონ ჩვენი გულისხმიერება, რომ აღარ გვესმოდეს, რა არის სათნოება. ამგვარად, ჩვენ ყოველთვის ვხვდებით რაა სათნოება, ეს კია, არ ვსარგებლობთ მისი საფარველით. განყოფილი სამოსელი კი გარეგან საფარველს აღნიშნავს, რომელიც გრძნობისმიერი სიმდიდრისაგან შედგება, რაც ოთხ ამქვეყნიურ შედგენილობად განიყოფება, რომელთა მიმართ მიკერძოებასაც ეს კაცისმკვლელი დემონები შეგვაგონებენ. სხვა თვალსაზრისით ზეით გამოქსოვილ კვართში შეიძლება თითოეული ჩვენგანის ზეგარდამო შთაბერილი სული მოვიაზროთ – იგი უკერველია, რამდენადაც უბრალო და არართულია, რომელსაცა „ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა“.

 


როგორ მოხვდა კვართი საქართველოში?


ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე, როდესაც ნაბუქოდონოსორმა ისრაელი დაარბია, ებრაელების ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა (სავარაუდოდ ქართველებსა და ებრაელებს შორის უკვე არსებობდა მჭიდრო კავშირი, რადგან ისინი უცნობ ქვეყანაში არ წავიდოდნენ) და თან ჩამოიტანეს უდიდესი სიწმინდე, – წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი (რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარშია დაფლული).

 

საერთოდ, სხვადასხვა ქვეყანაში განთესილი ებრაელების წარმომადგენლები ებრაული პასექის პერიოდში იერუსალიმში იყრიდნენ ხოლმე თავს. სწორედ ამ დროს დაემთხვა მაცხოვრის ჯვარცმაც. ამიტომაც, იესოს წამებას ებრაელები საქართველოდანაც დაესწრნენ, – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი.

 

ჯვარცმისას, ლურსმნების დაჭედების ხმა სასწაულებრივად მცხეთაში ელიოზის დედას ესმა. მომხდარით თავზარდაცემულმა აღმოსთქვა: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!“ და წამებული ღმერთ-კაცის თანალმობით სრულად მოცულმა განუტევა სული.

 

როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზეც წილი ყარეს (მათ. 27:35), იგი ელიოზს შეხვდა. ეს უდიდესი სიწმინდე ელიოზმა მცხეთაში ჩამოაბრძანა. მისი და, სიდონია, ტირილით შეეგება ძმას მცხეთის კარიბჭესთან, უდიდესი სიყვარულით მკერდში ჩაიკრა „ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა“ და დედის მსგავსად უფლის ვნების განმცდელი მსწაფლ აღესრულა. კვართისა და სიდონიას დაშორება ვერავინ შეძლო და ამიტომაც ერთად დაკრძალეს.

 

აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში.

 

კვართი უფლისა ესაა ქართველთა ერის ქრისტეზე დაწინდვის ნიშანი და ამავ დროს მისი საფარველი (თუმცა საფარველი არა მარტო ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, არამედ ყოვლისა ერისა). ეს წყალობა ჩვენმა ერმა, რომელიც გაქრისტიანებამდე „უმძვინვარესი და უველურესი იყო“ („საკითხავი სუეტისა ცხოველისა“), ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო მიიღო.

 

რა თქმა უნდა, შემთხვევითი არც ისაა, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს ეკლესიამ სწორედ იმ დღეს დააწესა, როდესაც იზეიმება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ხსენება, რითაც კიდევ ერთხელ მიგვენიშნება, რომ ქალწულ მარიამის წმიდა ხელით ნაქსოვი საუფლო კვართის ივერთა ქვეყანაში წარმოგზავნა მისი ნებითაც მოხდა.

 

ყოველივე ეს კი აათმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას ღვთისა და ღვთისმშობლის წინაშე.

 

სამი საუკუნის შემდეგ იბერიაში წმინდა ნინო შემობრძანდა და მისი ლოცვით, ღვთის სასწაულით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის ბაღში ტაძრის აგება გადაწყვიტა, რისთვისაც მოჭრეს აქ ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. აღმართეს ექვსი ბოძი, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს ძვრაც ვერ უყვეს, რადგან საკვირველი ძალა აკავებდა. წმინდა ნინომ იხილა „ხილვა განსაკრთომელი:“ – სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა ზეციდან და იმ ძირიდან, საიდანაც მოკვეთეს, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. გაღვიძებულს სვეტი აღმართული დახვდა სწორედ ამ სახით. ამ სასწაულმა მთელი ხალხი კიდევ უფრო განამტკიცა რწმენაში.

 

ქართველებს მუდამ სწამდათ, რომ კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული. მოხდა ისე, რომ თვით წმინდა დავით აღმაშენებელს შეეპარა ეჭვი ამაში და ფიქრობდა: რა ვიცით, რა არის ამ გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვაცდინაო… მეფე ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა ჭეშმარიტებაში განსწავლას. ერთ ღამესაც, ძილში სვეტის თავზე მჯდომი მოხუცი ეჩვენა, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. მან მეფეს უთხრა: „დავით, დავით.., იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო..“

 

მეფემ შეშინებულმა გაიღვიძა შუაღამისას, მაშინვე მოახტა ცხენს და სვეტიცხოვლის ტაძრისკენ გაემართა. მივიდა სვეტთან, პირქვე დაემხო, ცრემლით დაალტო იატაკი და „პირველთა ცდომათათვის და ურწმუნოებისა“ შენდობა ითხოვა ღვთისგან, ამასთან უფალს სიხარულით მადლობას სწირავდა ეჭვებისაგან განთავისუფლებისა და ჭეშმარიტების განცხადებისათვის.

 

სვეტი ცხოვლის აღმართვის ადგილზე მალე პირველი ტაძარი აშენდა ხისგან. მოგვიანებით კი ვახტანგ გორგასალმა აქ მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო თორმეტი მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწვავს XI საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი I-ის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ეკლესია ააგებინა (1010 -1029წ.წ.). იგი თემურ ლენგის შემოსევისას დაზიანებულა და ალექსანდრე დიდს ხელახლა აღუდგენია. ეკლესია კვლავ დაზიანებულა შაჰ-თამაზისა და მისი შვილიშვილის შაჰ-აბასის შემოსევებისას. როსტომ მეფის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, 1656 წელს გუმბათი აღუდგენია, რის გამოც იგი ვაჟთან ერთად ტაძარში გამოუსახავთ. 1675 წელს კი კეთოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით გოდოლიც განუახლებიათ და იგი გრიგოლ გურჯვარიშვილისთვის მოუხატვინებიათ „მოქცევაი ქართლისაის“ სცენებით.

 

სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომელიც სავარაუდოდ, შაჰ-აბასის შემოსევებისას (1614-1617 წლებში) უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზედ შეურაცხუყვია ტაძარი.

 

უმსგავსი ქმედება სხვაც მრავალმა სცადა, მაგრამ თვით კვართის ხელყოფა ვერავინ შეძლო.

 

რაც შეეხება შაჰის მიერ რუსეთის ხელმწიფესთან 1625 წელს გაგზავნილ საჩუქარს, თითქოსდა იგი უფლის კვართი იყო, ეს რეალობას არ შეესაბამება.

 

კონსტანტინეპოლის დამხობის შემდეგ საქართველოში მრავალი სიწმინდე მოხვდა. მაგალითად, ალავერდის ტაძარში დაცული იყო ქრისტეს შესამოსელის ერთი ნაწილიც. სავარაუდოდ, სწორედ იგი გაეგზავნა რუსეთის იმპერატორს, როგორც ამას მეფე თეიმურაზ I აღნიშნავს.

 

ჩვენი ერის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები უკავშირდებოდა და უკავშირდება საქართველოში ყველაზე წმინდა ადგილს, – სვეტიცხოველს, – ხალენისა და კვართის საბრძანისს.

 

საგალობლებში ცხოველმყოფელი სვეტი იხსენიება, როგორც „ზეცისა და ქვეყნის შემაერთებელი“. ცოდვამ დედამიწა ზეცას დააშორა და მაცხოვარი სწორედ ამიტომ მოვიდა, რათა განყოფის ნაპრალი საკუთარი სისხლით ამოევსო და ადამიანი ზეცად აემაღლებინა. ჩვენთან ცისა და მიწი შეერთების უპირველეს ადგილად სვეტიცხოველი იქცა. ამიტომაც ხდებოდა და კვლავაც ხდება აქ ჩვენი ერისთვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა პატრიარქის აღსაყდრება, ეპისკოპოსის ხელდასხმა, მირონის კურთხევა და სხვა. აქ აღესრულებოდა მეფეთათვის გვირგვინის დადგმაც (ბაგრატოვანთა სამეფო ღერბზე, თავისი მნიშვნელობის გამო, კვართიც არის გამოსახული)

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge