Powered by Jasper Roberts - Blog

12:22 10.10.2017
პროვოკაციული ვიზიტი: სირიელი დეპუტატები ოკუპირებულ აფხაზეთში

Касп – (აზერბაიჯანი), 08 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=68672

 

სტატიაში განხილულია სირიის პარლამენტის დეპუტატთა დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში, სანაა აბუ-ზაიდი ხელმძღვანელობით (ავტორი: რაუფ ორუჯევი).


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რადგანაც სირიის პარლამენტს პრეზიდენტი ბაშარ ასადი აკონტროლებს, ამის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ დამასკოელთა ვიზიტი სოხუმში რუსეთთან შეთანხმებით განხორციელდა. მით უმეტეს, რომ ქ-ნი სანაა აბუ-ზაიდი პრეზიდენტის წარმომადგენელია და პარლამენტზე დამკვირვებლის თანამდებობა უკავია. რაც შეეხება თვით ვიზიტს, რასაკვირველია, ეს ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული, –ხაზგასმულია სტატიაში.


„რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნისას სირიელი დეპუტატები შეხვდნენ აფხაზ „კოლეგებს“, აგრეთვე სეპარატისტების „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას, „პრემიერ-მინისტრ ბესლან ბარციცს და „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვას. მათ მოლაპარაკება გამართეს აგრეთვე აფხაზ სეპარატისტთა მთავრობის „ეკონომიკის მინისტრ“ ადგურ არძინბასთან, რომელმაც განაცხადა, რომ მზადდება შეთანხმება აფხაზეთსა და სირიას შორის უბაჟო ვაჭრობის თაობაზე.


საინტერესოა, რომ „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ სირიის არაბთა რესპუბლიკის დელეგაციის მიღებისას ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზი ხალხი მხარს უჭერს სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას“. გაგიკვირდება კაცს, ისეთ განცხადებას მოისმენ ამ პირწავარდნილი სეპარატისტისაგან და ამას იძახის ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის–საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის–იმ ქვეყნისა, რომლის განუყოფელ ნაწილად აფხაზეთი ითვლება.


არანაკლებ გასაკვირი მანერით გამოვიდა სირიელი ქალბატონი სანაა აბუ-ზაიდი, რომელიც, საკუთარ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, წესით და რიგით სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი უნდა იყოს და სეპარატიზმი უნდა დაგმოს. მაგრამ მან სრულიად უადგილოდ განაცხადა, „აფხაზეთმა უკვე გაიარა ის, რასაც სირიელი ხალხი დღეს განიცდისო“ და კიდევ ერთი აბსურდული განცხადება გააჟღერა: „ჩვენს გვსურს მსგავსი გამარჯვება ვიგრძნოთო“. არანაკლებ კომიკურად გამოიყურებოდა „ეკონომიკის მინისტრი“ ადღურ არძინბა, რომელმაც უცნაურ სტუმრებს განუცხადა, რომ თქვენთან ვაჭრობის ხელშეკრულებას ვამზადებთო: „სირიიდან ნედლეულს აფხაზეთში ჩამოვიტანთ, გადავამუშავებთ და უბაჟოდ გავიტანთ რუსეთის ბაზარზეო“, – მოახსენა სირიელებს თავისი ფანტაზიების შესახებ თვითმარქვია „მინისტრმა“, თუმცა იქვე დაამატა: „ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება მხოლოდ მას შემდეგ, როცა სირიასა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდებაო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ეკონომიკის მინისტრი“ მიანიშნებს, რომ კარგი იქნება, თუ სირიის ხელისუფლება აფხაზეთს აღიარებსო– ისეთი დიდი, ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოების კვალდაკვალ, როგორებიც არიან ვანუატუ, ტუვალუ, ნაურუ, ვენესუელა და ნიკარაგუა.


აბსოლუტურად გაუგებარია, რომელ ვაჭრობაზე და ნედლეულის მიწოდებაზეა ლაპარაკი მაშინ, როცა, ერთი მხრივ, აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლება სისხლში ჩაძირულ რეჟიმს წარმოადგენს, რუსეთზე დამოკიდებულს და მეორე მხრივ– საერთოდ „რუხი ზონაა“, რომლის ბატონ-პატრონები ჩრდილოელი მეზობლის სამხედროები არიან? რასაკვირველია, ამ ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული რეაქცია სრულიად ბუნებრივი და ობიექტურია: საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი დეპუტატების ჩასვლის ფაქტი, რომელიც რუსეთის ხელშეწყობით განხორციელდა. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა დევნილმა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომაც“,– ნათქვამია სტატიაში.


პუბლიკაციაში ავტორი იმოწმებს აგრეთვე ქართველი ექსპერტების მამუკა არეშიძისა და ირაკლი ცქიტიშვილის თვალსაზრისს და მათ ციტირებას ახდენს: „როგორც ჩანს, სირიის დღევანდელი ხელისუფლება ანგარიშს უწევს რუსეთის სურვილებს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს. მართალია, სირიაში აფხაზები ცხოვრობენ, მაგრამ მათ ისეთი გავლენა არ აქვთ, რომ სირიის აფხაზეთთან დაახლოების პროცედურა დაიწყონ. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მოთხოვნით მოხდა. არის იმის საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“, – ამბობს მამუკა არეშიძე. მსგავსი პოზიცია აქვს ირაკლი ცქიტიშვილს: მისი თქმით, „სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების ფაქტს რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დამსჯელ მექანიზმად გამოიყენებს“.


შეიძლება თუ არა სირიის კანონიერი ხელისუფლების კონტაქტების თავიდან აცილება აფხაზეთის აბსოლუტურად უკანონო და სეპარატისტულ რეჟიმთან? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ ბაშარ ასადს და მის მრჩევლებს თავში ტვინი აქვთ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი ნაბიჯებით ისინი საკუთარ რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ. მათ უნდა ეყოთ იმის გამბედაობა, რომ რუსეთის ზეწოლას უარით უპასუხონ. იმიტომ, რომ თუ დავუშვათ და სირია ცალკეულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებათ დაიშლება, არც ბაშარ ასადს და არც მის დეპუტატებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე და სეპარატიზმის უკანონობაზე ლაპარაკის უფლება არ ექნებათ“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge