Powered by Jasper Roberts - Blog

13:58 07.10.2017
21 წლის ფიდან ალიევას გამოფენას - ,,ცისარტყელას ყველა ფერი“ - გალერეა „ახუნდოვ ჰაუსი“ მასპინძლობს

6 ოქტომბერს, სამხატვრო გალერეაში „ახუნდოვ ჰაუს“,  ახალგაზრდა  აზერბაიჯანელი  მხატვრის, - ფიდან  ალიევას  პერსონალური გამოფენა, - ცისარტყელას ყველა ფერი გაიხსნა.


გამოფენაზე 30-მდე ფერწერული ტილო და გრაფიკული ნახატია წარმოდგენილი.


გამოფენის ორგანიზატორები აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში და გალერეა „ახუნდოვ ჰაუსი“ არიან.

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსთან“  საუბარში არტ გალერეა ,,ახუნდოვ ჰაუსის“ დირექტორმა, -  არჩილ ბეჟანიშვილმა განაცხადა, 21 წლის ნიჭიერ  მხატვარს ფერების განსაკუთრებული ხედვის უნარი გააჩნია და მას  დიდი კარიერული წარმატება ელის:

 

,,დღეს, ჩვენი გალერეა ახალგაზრდა ნიჭიერი აზრერბაიჯანელი მხატვრის, -  ფრიდან ალიევას გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია 23 ნამუშევარი, რომელიც,  სხვადასხვა ჟანრში და სტილშია შესრულებული. მხატვარი 21 წლისაა და ის ჯერ კიდევ ხელწერის ძიებაშია. აღსანიშნავია, რომ მას ფერების განსაკუთრებული ხედვის უნარი გააჩნია  და ეს კარგად გადააქვს ტილოზე.   გოგონას ძალიან კარგი მომავალი ელის და მე მას წარმატებები მინდა ვუსურვო.


ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გამოფენა თბილისობის დღესასწაულის წინა დღეს გაიხსნა  და იმართება ზუსტად  იმ ადგილას, სადაც, საუკუნე ნახევრის წინ, აზერბაიჯანელი მწერალი, განმანათლებელი, ფილოსოფოსი და  აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებელი, - მირზა ფათალი ახუნდოვი ცხოვრობდა.  ეს კი, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის კიდევ ერთი მაგალითია.

 

გამოფენის ორგანიზატორები არიან აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში და არტ გალერეა „ახუნდოვ ჰაუსი“.  აღსანიშნავია, რომ ჩვენ, მათთან ხშირად ვთანამშრომლობთ და  გაზაფხულზე, კიდევ ერთი საინტერესო ერთობლივი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.“ - განაცხადა არჩილ ბეჟანიშვილმა.

 

ფიდან ალიევა ამჟამად აზერბაიჯანის აკადემიის საზოგადოებასთან  ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტია. პროფესიული სამხატვრო განათლების არმქონე ახალგაზრდა მხატვარმა ფერწერის კერძო გაკვეთილები  გაიარა. მან ასევე, გაიარა სახვითი ხელოვნების კურსი წმინდა მატრინას სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში. ,,მზესთან შესახვედრად“ , - ასე ჰქვია მისი ნამუშევრების ალბომს, რომელშიც მხატვრის თითქმის ყველა ნამუშევარია შესული.

 

,,ეს უკვე ჩემი ნამუშევრების მეორე გამოფენაა. პირველი  - ჩემს სამშობლოში, აზერბაიაიჯანში, ქ. ბაქოში იყო, ხოლო მეორე, - აქ, ამ მშვენიერ ქვეყანაში - საქართველოში. დიდი მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა.


დღეს აქ  წარმოდგენილია 23 ნამუშევვარი და ის მოიცავს ჩემს შემოქმედებას 19 წლიდან დღემდე. ძალიან მომწონს საკუთარი საქმიანობა და ვაპირებ, სამომავლოდ, კიდევ უფრო განვავითარო.“ - განაცხადა  ფიდან ალიევამ ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ გამოფენა 6 ოქტომბერს, სამხატვრო გალერეა - „ახუნდოვ ჰაუს“ -ში გაიხსნა და  დამთვალიერებლებს, 8 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 


 

/თამუნა დუღაშვილი/

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge