Powered by Jasper Roberts - Blog

13:52 22.09.2017
„თაგვები და ყველი“ - მოზარდ მაყურებელთა თეატრი 29 და 30 სექტემბერს საიუბილეო სეზონის პირველ პრემიერას გთავაზობთ

მხიარული წარმოდგენა პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის!


ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 29 და 30 სექტემბერს საიუბილეო სეზონის პირველ პრემიერას გთავაზობთ. სპექტაკლს „თაგვები და ყველი“ რეჟისორი დავით ნიკოლაძე დგამს. თავდაპირვეად წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი ვერსია , მოგვიანებით კი მაყურებელს ამავე სპექტაკლს მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალი შემადგენლობით, ქართულ ენაზე წარუდგენს.  სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტიუმები ნინო ჩიტაიშვილს ეკუთვნის. ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.


სპექტაკლში გადმოცემულია უცნაური ამბავი წრუწუნების ცხოვრებიდან. სათაგვეთში დიდი ორომტრიალია- თეთრი და ნაცრისფერი თაგვები ვერაფრით ეგუებიან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას . ორი დაპირისპირებული ოჯახი საერთო ენის გამონახვის ნაცვლად მუდმივად კინკლაობს. მშობლებისგან განსხვავებით  შვილები  სიყვარულის გამო მსხვერპლის გასაღებადაც კი მზად არიან.  ყველასათვის კარგად ნაცნობი, „ რომეოსა და ჯულიეტას“ ამბავი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სრულიად სხვაგვარად განვითარდება. 


29 სექტემბერს 19:00 საათზე, 30 სექტემბერს 13:00 საათზე,  თქვენ ნახავთ ზღაპარს თაგვებზე, რომლებსაც ყველი უყვართ; იდუმალებით მოცულ ჯადოქარ კატაზე;  შვილებზე, რომლებიც მშობლებს ეურჩებიან და მშობლებზე, რომლებსაც შვილების არ ესმით.


თეატრალური პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge