Powered by Jasper Roberts - Blog

15:30 19.09.2017
„თიბისი სტატუსი" წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti

6-7ოქტომბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa", კიდევ ერთ მასშტაბურ ფესტივალს, სახელწოდებით „Jazz and Wine Kakheti" ჩაეყრება საფუძველი.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ლისი ლაუნჯში"  პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და კომპანია „Eastern Promotions"-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე დაესწრნენ.

 

ფესტივალში „Jazz and Wine Kakheti" მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან  ასევე, ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და „გემრიელი შოუს" წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing).

 

„Jazz and Wine Kakheti"-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ; ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge