Powered by Jasper Roberts - Blog

15:50 13.09.2017
შსს ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილე მეხანძრეებისთვის პრემია-დანამატების გაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ყველა პირი პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს.



როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.




„მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები. 


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის, უკლებლივ ყველა მათგანი, წახალისების სახით, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. 



ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება“, - აღნიშნავენ შსს-ში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge