Powered by Jasper Roberts - Blog

12:54 13.09.2017
"ჩვენი რეფორმების შემდეგ, საქართველო უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ნებისმიერ რყევას"-პრემიე-მინისტრი

ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შემდეგ, საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



პრემიერი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესებას გამოეხმაურა.



„ჩვენი მიზანი გახლავთ, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი BBB, რაც ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საინვესტიციო სამყაროში და როგორც სუვერენული, ასევე კერძო სექტორის მიერ კრედიტის მოზიდვა გახდება გაცილებით უფრო იოლი და იაფი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. Ba2 არის ყველაზე მაღალი რეიტინგი სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს მიერ შეფასებებს შორის. კიდევ ორი გახლავთ Standard and Poor’s და Fitch da ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება თანდათანობით აისახება სხვა კომპანიების რეიტინგში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად და გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების, შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody’s-ს შეფასებით, ამ პერიოდში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,4% შეადგინა, მაშინ როდესაც რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა იყო რეცესიაში ან რეცესიის პირას. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეს, ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდებ“, - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა ის რეფორმები, რომელიც დოლარიზაციის შემცირების და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული.



„ეს რეფორმები წლის დასაწყისში დავიწყეთ და ეკონომიკურმა გუნდმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინაციით ამ ძალიან რთულ, მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური შოკებისთვის ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ საქართველო არის გაცილებით უფრო ძლიერი და გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს. ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს ხდის. რეიტინგის გაუმჯობესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კვირიკაშილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge