Powered by Jasper Roberts - Blog

12:43 13.09.2017
პეკინის ქუჩის გასხნის თარიღი ცნობილია

ორშაბათიდან პეკინის ქუჩა სრულად იქნება გახსნილი როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. 



"პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია პრაქტიკულად, დასრულებულია. საგზაო მოძრაობა მთლიანად აღდგა და უახლოეს 2-3 დღეში დასრულდება მარცხენა მხარეს არსებული ტროტუარების მოპირკეთება. შემდეგ უკვე როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის პეკინის ქუჩა სრულად იქნება გახსნილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 



რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივების საკითხს, დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი დარჩეს, როგორც ეს დღეს არის.



"პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა თავისუფლად ხდება. ჩვენ დავტოვეთ ის რეჟიმი, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოძრაობა ასევე დარჩეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge