Powered by Jasper Roberts - Blog

14:01 12.09.2017
ხობის მონასტრის სიწმინდე-ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი - მითი და რეალობა

ავტორი: ნუგზარ(ხვიჩა) შონია

 

ჩემს სამეზობლოში მეზობლის ბავშვმა ჩემი წინაპრებისთვის წართმეული ოჯახის რელიკვია იპოვა და ყვირილი მორთო-ჩემია, მე ვიპოვეო. მშობელი, ნაცვლად იმისა, აეხსნა შვილისთვის, რომ ნაპოვნი მათ ოჯახს არ ეკუთვნოდა და პატრონისთვის  დაებრუნებინა, მითვისების გულისთქმამ შეიპყრო  და  გადაწყვიტა ნებისმიერი საშუალებით განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

დაახლოებით მსგავსი ვითარებაა შექმნილი ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში ხობის მონასტრის სიწმინდეებთან დაკავშირებით.  სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე,  ვიტყვი  რომ არსებობს კვართის ხობის მონასტერში დაბრუნების  ხელისშემშლელი საშინაო და საგარეო ფაქტორები. საშინაოზე ვისაუბრებ სხვა დროს და სხვა სივრცეში. ახლა, რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს.

 

2006 წლის იანვარში ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, საქმე ეხებოდა მეზობელი ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი მონასტრის სიწმინდეებს, დაარღვია საღვთო და საკაცობო ნორმები და წერილობითი თხოვნით მიმართა კულტურის სამინისტროს, გადაეცათ ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიისთვის ზუგდიდის მუზეუმში დაცული წმინდა ნაწილები და წმინდა რელიქვიები, რაზედაც მიიღო თანხმობა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სამინისტროსთვის  ცნობილი გახდა, რომ საუბარი იყო ხობის მონასტრის სიწმინდეებზე, მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა.

 

2007 წლის 3 ივლისს, ქადაგებისას,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი დარჩებოდა ზუგდიდში. განცხადებას არ მოჰყოლია არანაირი განმარტება, თუ რატომ არ უნდა დაბრუნებოდა ბოლშევიკების ძალადობით ხობის მონასტრიდან გატანილი სიწმინდე მშობლიურ ალაგს და რატომ უნდა დარჩენილიყო ზუგდიდში. აშკარად ჩანდა, რომ პატრიარქი შეცდომაში  იყო შეყვანილი. ამის ჩადენა შეეძლო იმას, ვინც ერთხელ უკვე მოახერხა და შეცდომაში შეიყვანა კულტურის მინისტრი. სახეზე იყო ერთის მხრივ, უფლის მეათე მცნების უხეში დარღვევა -„არა გული გითქმიდეს... ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა“,  ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რაც დიდი ხნის უკან უნდა გამხდარიყო წმინდა სინოდის სამსჯელო. 

 

მეუფე გერასიმე ხვდებოდა, რომ პატრიარქის ეს განცხადება არ იყო საკმარისი, საჭირო იყო დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად გაამართლებდა და გაამყარებდა მათ მოთხოვნას კულტურის სამინისტროს უარის ფონზე და ერთ-ერთ შეკრებაზე გაკეთდა „სენსაციური“ განცხადება, რომ მათ მოიპოვეს ასეთი დოკუმენტი-წერილი, რომელშიც ხობის მონასტრის წინამძღვარი თითქოს თხოვდა აკაკი ჭანტურიას სიწმინდეების გადატანას მუზეუმში და როგორც დეკანოზებმა ანდრია კემულარიამ და მალხაზ ჭანტურიამ ბრძანეს, ეს აძლიერებდა მათ პოზიციას, რომ ფაქტი არ მომხდარა კომუნისტების ძალადობით და გამოწვეული იყო ისტორიული აუცილებლობით. მეუფე გერასიმემ  თავის მხრივ დაამატა- ვერ იცავდნენ მამები სიწმინდეებსო.

 

წარმოიდგინეთ, 1923 წელია, საქართველო ოკუპირებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიდის ტერორი, ეკლესია-მონასტრების ძარცვა-დაყაჩაღება, დაპატიმრებულია საკათალიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობა და კომუნისტები არაფერ შუაში ყოფილან.  პატიოსანი და პატივცემული მამები ცილს სწამებენ ხობის მონასტრის ბერებს,  რომლებმაც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, შთამომავლობას  შემოუნახეს ქართველთა საყვარელი რელიკვიები. იმისათვის, რომ სიწმინდეები ზუგდიდში მოხვედრილიყვნენ, ღვთის ნებით მომხდარა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ღვთისმგმობელი რევოლუცია და „ისტორიული აუცილებლობიდან“ გამომდინარე დაუყაჩაღებია ზუგდიდის მაზრის აღმასკომის წევრს გრიგოლ როგავას ხობის მონასტერი.

 

დიდია სულმნათ აკაკი ჭანტურიას ღვაწლი ზოგადად სიწმინდეების გადარჩენის საქმეში. ის მართლაც თავისი კუთხის და ქვეყნის უდიდესი მოამაგე გახლდათ. მისი ღვაწლის დაკნინების მცდელობად მიმაჩნია ნიშნის მოგებით იმის მტკიცება, აკაკიმ გადაარჩინა და ამიტომ ჩვენიაო. დღეს რომ აკაკისთვის გვეკითხა, ხობის მონასტრის და სამეგრელოს სხვა ეკლესია-მონასტრებიდან სამეგრელოს მუზეუმში გადატანილი სიწმინდეები ზუგდიდელებისთვის გადაარჩინეო, რას გვიპასუხებდა? დარწმუნებული ვარ, „სამეგრელოს ექვთიმეს“ პასუხი ღირსეული ზუგდიდელის პასუხი იქნებოდა, მაგრამ, ვაგლახ, დღევანდელ ზუგდიდში, ისტორიულად ამ უდიდესი ღირსების მატარებელ ქალაქში, ჯერ-ჯერობით არ გამოჩნდა ისეთი პიროვნება, ვინც ხმამაღლა იტყოდა სიმართლეს და ამხელდა ყალბი ისტორიების შემთხზველებს. 

 

ხობის მონასტრის წინამძღვარს მართლაც რომ მიემართა აკაკი ჭანტურიასთვის თხოვნით, გვიშველე აკაკი, შეგვინახე ხობის მონასტრის სიწმინდეებიო, ამის საფუძველზე საუბარი რაღაც პოზიციების გაძლიერებაზე, არაკორექტულია, რომელიც არ ეკადრება წესიერ და პატიოსან მეზობელს. 

 

რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ, სამეგრელოს მკვიდრნი მცხეთა-თბილისის ეპარქიას. ხობის მონასტრის სიწმინდეთა დიდი ნაწილი ხომ თბილისშია, ხელოვნების მუზეუმში: დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, წმინდა გიორგის ხატი შოთა რუსთაველის ოჯახიდან, ხობის ღვთისმშობლის „თეთროსანი“ ხატი და მრავალი სხვა.  რა ვქნათ, არ მოვითხოვოთ სიწმინდეების დაბრუნება იმის შიშით, რომ თბილისელები, ზუგდიდელთა მსგავსად, მკრეხელებს  გვიწოდებენ. სამწუხაროა, მაგრამ  სამეგრელოს ერთ ერთ უპირველეს ტაძარში სიწმინდეთა დაბრუნების საქმეში ჩვენ, ხობელები სრულიად მარტონი ვართ და არა გვაქვს სამეგრელოს უპირველესი ქალაქის მკვიდრთა იმედი, უფრო პირიქით, რამეთუ, ერთმანეთს ეჯიბრებიან ხობელების შეურაცხყოფაში და მზად არიან სისხლიც კი დაღვარონ!

 

თითქმის ორი წელია ვთხოვთ ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის სამღვდელო პირებს ზემოთ ხსენებული წერილის გამოქვეყნებას, მაგრამ ამაოდ.  გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ასეთი წერილი ბუნებაში არ არსებობს და ეს განცხადებაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა გახლდათ.        

 

ზუგდიდელთა,  2017 წლის 18 აგვისტოს, შეკრებაზე ითქვა იმის შესახებ, რომ თითქოს ხობს ეპისკოპოსი არასოდეს ჰყოლია. იტორიული წყაროების მიხედვით, ხობის მონასტერში მოღვაწეობდნენ, როგორც ეპისკოპოსები, ასევე კათალიკოსები. არსებობს ასეთი ტერმინიც-„ხობელი კათალიკოსი“. ხობის მონასტერში არიან დასაფლავებულები კათალიკოსები და ეპიკოპოსები ილარიონი, იოკიმე, ნიკოლოზი, გრიგოლი, ევთიმი, მაქსიმე. სამეგრელოს მთავრები გიორგი I, ვამეყი, შერგილი, ცოტნე, სამადავლე. საერო პირებს რომ არ ჰქონდეთ წაკითხული არ არის გასაკვირი, მაგრამ დავიჯერო, დეკანოზ მალხაზ ჭანტურიასაც არა აქვს წაკითხული გიორგი კალანდიას, ლილი ბერაიას, გოგიტა ჩიტაიას, ელდარ ბუბულაშვილის და სხვათა ნაშრომები ხობის მონასტრის ისტორიის შესახებ? მამა მალხაზმა,  „სენსაციური“ განცხადების შემდეგ,  კიდევ რამდენჯერმე „გამოიჩინა“ თავი, _ კვართი იყო ბედიაში, კორცხელში, წალენჯიხაში და ხობშიცო. იგივე ბრძანა 2015 წლის 15 ივლისს ქადაგებისას მეუფე გერასიმემ, იმ განსხვავებით, რომ ხობის ხსენება საერთოდ „დაავიწყდა“.  შემდეგ  დეკანოზმა ბრძანა, _ ლევან დადიანმა დაამზადებინა კვართის ლუსკუმა მობილური გადაადგილებისთვის და სადაც მიდიოდა, კვართიც თან დაჰქონდა, დადიანების საკუთრება იყოო, _ რაც გახლავთ მორიგი უზუსტობა. არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით ღვთისმშობლის კვართი არ ყოფილა არც ბედიაში, არც კორცხელში, არც წალენჯიხაში, არც მარტვილში-კვართი „ეშლებათ“ სარტყელში. ისიც არასწორია, თითქოს ლევან დადიანმა დაამზადებინა ლუსკუმა. რაფიელ ერისთავის მიხედვით, კვართი განუხრწნელად  მსვენარებდა ერთ კუბოში 1813 წლის განმავლობაში, რასაც მივყავართ ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობის პერიოდამდე. არც ის არის მართალი, თითქოს დადიანებს კვართი აქეთ-იქეთ დაჰქონდათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი ადგილმონაცვლეობის გარეშე ბრძანდებოდა ხობის მონასტრის საკურთხეველში და მასთან მიახლების უფლება ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხობის მონასტრის შემოსილ არქიმანდრიტს, დღევანდელისაგან განსხვავებით, როცა ვხედავთ, თუ როგორ უდიერად, ყოველგვარი მოწიწების გარეშე პოზირებენ კვართის წინაშე და აფრიალებენ მას, როცა მოისურვებენ და სადაც მოისურვებენ. დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ ხობელთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, უკრძალველობით და უდიერად მოპყრობა უწოდა, საკითხის დასმაც კი აგვიკრძალა და მოსთხოვა ქვეყნის უშიშროების სამსახურებს ჩვენით დაინტერესება. აქ საგანგაშო ის არის, რომ მის მიერ გავრცელებულ ცრუ და ყალბ ისტორიებს იჯერებენ და იმეორებენ საზოგადოების წარმომადგენლები და შფოთის ერთ-ერთი საფუძველიც სწორედ ეს გახლავთ. მეუფე გერასიმე ალბათ მიხვდა, რომ დეკანოზებს მალხაზ ჭანტურიას და გიორგი ჯგუშიას (მასზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ) ზედმეტი მოუვიდათ და ბოლო ორი წელია, ისინი ტელეკამერების წინ არ გვინახავს. სამაგიეროდ, ვიხილეთ ახალი თაობის სამღვდელოება, რომლებიც თანდათან, სულ უფრო აქტიურდებიან.

 

იმავე პერიოდში, სოციალურ ქსელში, სიწმინდეთა მითვისების ერთ-ერთმა აქტიურმა იდეოლოგმა, ქალბატონმა მანანა სოტკილავამ გამოთქვა მოსაზრება, რომელსაც უფრო მტკიცებულებითი ფორმა ჰქონდა. ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება, შემესწორებინა  პროფესორი ქალბატონისთვის, მაგრამ შევცდი, დროზე რომ მიმეთითებინა მისთვის, მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანს მიმდინარე წლის 18 აგვისტოს შეკრებაზე არ გააკვირვებდა თავისი „მარგალიტით“. პატრიარქმა ზუგდიდი მცხეთას გაუთანაბრა, როდესაც სამი მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა, რაც აქამდე მხოლოდ სვეტიცხოვლის ტაძარში ხდებოდაო, _ ბრძანებს ქალბატონი მანანა. მართლაც, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების ხელდასხმა  სრულდება  მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში,  მიტროპოლიტის ხარისხში აყვანა კი პატრიარქს შეუძლია  ნებისმიერ ქალაქში. არ ვიცი, ზუგდიდელებმა დაუჯერეს თუ არა ქალბატონ მანანას, სამაგიეროდ, დაიჯერა ზუგდიდის მერმა, ბატონმა ირაკლი გოგოხიამ, რომელმაც თავი გამოაცხადა არც მეტი, არც ნაკლები, ღვთისმშობლის ქალაქის მერად (რომელსაც ვადა გასდის ორ თვეში).

 

ქალბატონი მანანა გვიკრძალავს სიტყვა კვართის წარმოთქმას, სწორია სამოსელიო. მის ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ვერ აძლიერებს მათ პოზიციებს, უფრო პირიქით,  რაზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ.

 

2015 წლის აგვისტოში, ხობის საზოგადოების წარმომადგენლებმა, რამდენჯერმე მივმართეთ კულტურის სამინისტროს თხოვნით,  21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ერთი დღით კვართის ხობის მონასტერში დაბრძანების ნება დაერთოთ. ოდნავ მოგვიანებით სამინისტროს თხოვნით მიმართა მონასტერმაც  და მივიღეთ დადებითი პასუხი. ხობელები სიხარულით შეხვდნენ ამ ინფორმაციას, გვეძლეოდა საშუალება მივახლებოდით სიწმინდეებს მათ ისტორიულ სამკვიდრებელში 92 წლის შემდეგ. როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, მეზობელ ეპარქიაში შფოთის ელემენტები გაჩნდა.

 

იმ პერიოდში პატრიარქი ისვენებდა ბობოყვათის რეზიდენციაში  და მეუფე გერასიმე 7 სექტემბერს გაემგზავრა მასთან შესახვედრად. საღამოს, ზუგდიდში დაბრუნებისას მან გააკეთა განცხადება, რომ შეხვდა პატრიარქს, რომელმაც ბრძანა: გადაეცით თქვენს მრევლს, გადაეცით თქვენს სამწყსოს, რომ ეს სიწმინდე დარჩება ზუგდიდში. იგულისხმებოდა, რომ ხობელები არავის აინტერესებდა და პატრიარქი მხოლოდ ზუგდიდის მრევლზე ზრუნავდა.

 

მეუფე გერასიმეს ეს განცხადება იყო სულისშემძვრელი და შეურაცხმყოფელი. 

 

როგორ შეეძლო ერის მწყემსმთავარს ეთქვა - ზუგდიდელებო, იხარეთ ხობელების დამცირების ხარჯზეო.  8 სექტემბერს, საღამოს გავემგზავრეთ ბობოყვათში, მაგრამ რადგანაც უკვე ძალიან გვიანი იყო, ვერ შევძელით პატრიარქთან შეხვედრა. დილით ადრე პატრიარქი გაემგზავრა თბილისში. გადავწყვიტეთ ვწვეოდით მის უწმინდესობას საპატრიარქოში.  

 

პატრიარქთან ჩვენი შეხვედრა შედგა 14 სექტემბერს, საღამოს, სნოში, მის რეზიდენციაში. მის უწმინდესობას გადავეცით წერილი, რომელშიც გამოთქმული იყო ხობელთა გულისტკივილი სიწმინდეების გარშემო შექმნილი ვითარების გამო. ვუთხარით მას,  რომ სიწმინდეების ერთი დღით ხობში გადატანას ხელს უშლიდა ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის სამღვდელოება, რომელიც ამხედრებდა ზუგდიდის საზოგადოებას. მოვახსენეთ  მეუფე გერასიმეს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებაც. პატრიარქმა გაიკვირვა, ბრძანა, მე არასოდეს ვყოფილვარ კვართის ერთი დღით ხობში გადატანის წინააღმდეგი და მოგვცა ლოცვა-კურთხევა 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე კვართის გადაბრძანებისა. გარდა ამისა, პატრიარქმა გვთხოვა აღგვედგინა ჩაუქრობელი ლამპარი, რომელიც დაუდგინა სიწმინდეებს ხობის მონასტერში წმინდა მღვდელმთავარმა ალექსანდრე ოქროპირიძემ 1898 წელს. დამშვიდობებისას მისმა უწმინდესობამ გვითხრა - რთული პერიოდია, ყველაფერს თავისი დრო აქვს, წყალი მიდგება-მოდგება და საგუბარში ჩადგებაო ...

 

ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. ჩვენმა შეხვედრამ პატრიარქთან დაადასტურა, რომ მეუფე გერასიმესეული ინტერპრეტაცია, მისი უწმინდესობის სიტყვებისა, გახლდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ შევხვედროდით მეზობელი ეპარქიის მმართველს და ეს შეხვედრაც შედგა 16 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის რეზიდენციაში. მეუფეს თან ახლდა დეკანოზი გიორგი ჯგუშია. მოვახსენეთ, რომ გვქონდა პატრიარქის კურთხევა კვართის ერთი დღით, 21 სექტემბერს ხობის მონასტერში გადაბრძანების და კულტურის სამინისტროს ნებართვა. ვთხოვეთ არ შეეშალათ ხელი სიწმინდის გადაბრძანებისათვის, გამხდარიყვნენ ჩვენი სიხარულის თანაზიარნი და რომ ეს დღე გამხდარიყო ზუგდიდელებისა და ხობელების ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის დღე. მეუფე გერასიმემ მოგვისმინა და გვითხრა, რომ ამ კურთხევის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა და მეორე დღესვე შეხვდებოდა პატრიარქს. საუბარში დეკანოზმა გიორგი ჯგუშიამ თქვა, რა საჭირო იყო პატრიარქის შეწუხება ან კულტურის სამინისტროში წერილის გაგზავნა, მოსულიყავით ჩვენთან, გეღიარებინათ სიწმინდეები ჩვენს საკუთრებად, როგორც ამას ახლა აკეთებთ, კვართს ჩვენ თვითონვე ჩამოვაბრძანებდით ხობში და საღამოს უკან დავაბრუნებდითო. მამა გიორგის მზაკვრობამ შემძრა და ვუპასუხე: ჩვენი ნათქვამიდან ასეთი დასკვნის გამოტანა უცნაურია, მამაო, ჩვენ თქვენთან კვართის სათხოვნელად არ მოვსულვართ, რამეთუ არასოდეს არც ერთ ხობელს არ უთქვამს უარი ხობის მონასტრის სიწმინდეებზე და მით  უმეტეს არ გვიღიარებია ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის საკუთრებად. უფრო მეტს გეტყვით, თუ ჩვენს სიცოცხლეში ვერ მოხერხდება ხობის მონასტერში სიწმინდეების დაბრუნება, შთამომავლობას ვუანდერძებთ ჩვენი თაობის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას-თქო. შეხვედრის ბოლოს ვკითხეთ, ზუგდიდის საზოგადოების წარმომადგენლები ხობის მონასტერში კვართის გადაბრძანებას ხელს თუ არ შეუშლიდნენ, როგორი იქნებოდა მათი პოზიცია. მეუფე გერასიმემ და მამა გიორგიმ ერთხმად ბრძანეს, თუ საზოგადოება ხელს არ შეუშლის, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიქნებით წინააღმდეგიო. ასე დამთავრდა შეხვედრა. 

 

მეორე დღეს მეუფე გერასიმე გაემგზავრა თბილისში და შეხვდა მის უწმინდესობას, თუ როგორი იყო პატრიარქის კურთხევა, ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ დღემდე არ იცის. მეუფემ  ამჯერად  ვერ გაბედა პატრიარქის სიტყვების ინტერპრეტირება თავის სასარგებლოდ. ნუთუ არ აინტერესებს ზუგდიდის საზოგადოებას, რა უთხრა პატრიარქმა მეუფე გერასიმეს 2015 წლის 16 სექტემბერს, რატომ იძახდა იმავე საღამოს დეკანოზი გიორგი ჯგუშია შეკრებილი ხალხის წინაშე, ვერ და არ დავემორჩილები მეუფე გერასიმესო. მანამდე კი, მას შემდეგ, რაც მეუფემ დატოვა პატრიარქის მისაღები, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის რეზიდენციის ეზოში, სამღვდელოების მოწოდებით დაიწყო ხალხის შეკრება. მეუფე გერასიმე გამოემგზავრა ზუგდიდში, ხოლო საპატრიარქოში არსებულმა მისმა ლობისტებმა, მიტროპოლიტს გზაში დააწიეს ის ცნობილი განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ შექმნილი ვითარების გამო კვართის ხობში გადაბრძანება იყო შეუძლებელი. თან ყველაზე  უცნაური გახლდათ  ის, თითქოს ჩვენ, ხობელებმა შეცდომაში შევიყვანეთ პატრიარქი. ამ განცხადების შემდგენელს, პატრიარქთან მიტანილი ჩვენი წერილი რომ წაეკითხა, ასეთ აბსურდს არ დაწერდა. საღამოს ზუგდიდში მღელვარებამ პიკს მიაღწია.

 

შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსულმა დეკანოზმა გიორგი ჯგუშიამ თქვა,_ ჩვენთან იყვნენ ხობელები მოსულები და გვითხრეს, გვათხოვეთ კვართიო, მანამდე შეხვდნენ პატრიარქს და უთხრეს, ზუგდიდში არაფერი ხდება, მშვენიერი ხალხია, გვაძლევენ კვართსო. ეს განცხადება  გახლდათ ყოვლად აღმაშფოთებელი, სამწუხაროდ სამღვდელო პირმა მოატყუა საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვითხოვია კვართი. ვთხოვეთ არ აამხედროთ ხალხი, ნუ შეგაქვთ შფოთი ზუგდიდელებისა და ხობელების ურთიერთობაში, ერის მწყემსმთავრის კურთხევისთვის მორჩილებით ეცათ პატივი. არც მისი უწმინდესობისთვის გვითქვამს მსგავსი რამ. ყურადღება გავამახვილეთ სამღვდელო პირების  ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლიდნენ კვართის ერთი დღით ხობის მონასტერში გადაბრძანებას.

 

დეკანოზმა გიორგი ჯგუშიამ თავისი გამოსვლა დაასრულა შემდეგი სიტყვებით: „ისტორიული სამართლიანობა, ამ შემთხვევაში, ეს სიტყვა, ეს ფრაზა არ არსებობს, არ მუშაობს, სამართლიანობა არის ის, რომ ის არის აქ.“

 

ზუგდიდელებისთვის, ხობელებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის შვილებისთვის, მთელი ერისთვის, სწორედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და რუსეთის მიერ წართმეული, ოკუპირებული ტერიტორიების მშობლიურ წიაღში დაბრუნებაა უმთავრესი სალოცავ-საზრუნავი. სიწმინდეებთან მიმართებაში ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა და ბოლშევიკური ტერორის შედეგად ხობის მონასტრისთვის წართმეული სიწმინდეების გათავისუფლებისა და მშობლიურ წიაღში დაბრუნების გარეშე, არ იქნება მშვიდობა ჩვენს მიწა-წყალზე, არ გაბრწყინდება საქართველო,  როგორც გვაფრთხილებდა წმინდა გაბრიელ ბერი-სალოსი. რაოდენ სამწუხაროა, რომ დეკანოზ გიორგი ჯგუშიას და ეპარქიის სხვა სამღვდელო პირთა  ზოგიერთი  განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ერისა და ბერის მიერ განცხადებულ საერთო სულისკვეთებასთან და თავისდაუნებურად ისინი თავს იყენებენ ოკუპანტის გვერდით, რომლის მთავარი იარაღია ისტორიული ფაქტების გაყალბება და „უხეში ძალით თავსმოხვეული ისტორიული სამართლიანობა,“ რომელსაც ჰქვია „ის არის აქ,  არ გაძლევ-მორჩა და დამთავრდა“. 

 

მართალია, მეზობელ ეპარქიაში „ისტორიული სამართლიანობა“ არ მუშაობს, სამაგიეროდ, როგორც მეუფე გერასიმესგან შევიტყვეთ,  2008 წლის ომის დროს, როდესაც ქვეყანა ცეცხლის ალში იყო გახვეული,  გამართულად მუშაობდა ზუგდიდის ბაზარი. როგორც მან ბრძანა, ყველაზე დიდი სასწაული, რაც ღვთისმშობლის სამოსელმა მოახდინა იყო ის, რომ ქალაქში ერთი ტყვია არ გავარდნილა, ერთი შეურაცხყოფა არ ყოფილა რუსების მხრიდან.  რუსის ჯარისკაცები ბაზარში შედიოდნენ,  ყიდულობდნენ,  არავისთვის არაფერი წაურთმევიათო.  ასეთ „ძლიერ“ არგუმენტთან „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ აბა, რა მოსატანია.   

 

ამ მოვლენების შემდგომ, 2015 წლის ნოემბერში მივმართეთ პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს თხოვნით, შექმნილიყო კომისია, რომელიც შეისწავლიდა სიწმინდეების გარშემო შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას და წმინდა სინოდი მიიღებდა ისეთ განჩინებას, რომელიც განსაზღვრავდა მუზეუმებიდან ეკლესია-მონასტრებში სიწმინდეების დაბრუნების წესს. გვეგონა, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო ეკლესიის წიაღში მსჯელობით, არგუმენტების წარმოდგენით და არა მრავალათასიანი შეკრებებით, ბრალდებებით, განკითხვით, შეურაცხყოფით, გზების გადაკეტვისა და კარვების დაცემის მუქარით და ა.შ., როგორც ეს პოლიტიკურ ორგანიზაციებს სჩვევიათ და რასაც ვხედავთ მეზობელ ეპარქიაში და რომელმაც კიდევ ერთხელ გამოიღო შედეგი-საპატრიარქო ამჯერადაც  იძულებული გახდა უარი  ეთქვა კვართის გადმობრძანებაზე. არეულობის პროვოცირება ჯერჯერობით მუშაობს.

 

როგორც მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანმა 18 აგვისტოს შეხვედრაზე ბრძანა,  კვართზე ზრუნვა წარმატებულია და ძალიან კარგია, მაგრამ ამ ბრძოლით ჩვენ არ გავეხვიოთ იმ საუკუნო შეცდომაში, რაც შეიძლება ამ აჟიოტაჟმა მოგვიტანოსო. მიუხედავად აგრესიული ზეწოლისა, წმინდა სინოდის წევრმა უზუსტესი დიაგნოზი დასვა. იმედი გვაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს კომისია შეიქმნება, იმუშავებს ნაყოფიერად და დაადგენს ჭეშმარიტებას.  

 

ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, საქართველოს ყველა ხელისუფლება დამოუკიდებლობას აღნიშნავს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს. ეს იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ ძალთა დამსახურება ქვეყნის წინაშე დააკნინონ და დაამცრონ. დაახლოებით მსგავსი რამ ხდება ჩვენთანაც-ტრადიციული, ქართული, ეროვნული საეკლესიო-საერო დღესასწაული,  „მარიამობა-მარაშინა“  დაკნინებულია, სამაგიეროდ დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება ბიზანტიის დედაქალაქ  კონსტანტინოპოლის ვლაქერნას ტაძარში ღვთისმშობლის სამოსელის დადების დღესასწაული ,,ვლაქერნობა“. მიუხედავად იმისა, რომ  ხობის მონასტრის სიწმინდეს,  ღვთისმშობლის კვართს, „ვლაქერნობასთან“ არანაირი კავშირი არა აქვს, მეუფე გერასიმე  და ზუგდიდ-ცაიშის სამღვდელო პირები  ამ  არგუმენტს  უკუაგდებენ.  იმდენად ძლიერია  სიწმინდის  მითვისების  სურვილი, რომ საკუთარი  ზრახვების  განხორციელებისთვის ხდება  გულანთებულ მამულიშვილთა გამოყენება. კვებეს ისინი ცრუ და გაყალბებული ისტორიებით, გაასაღეს თავიანთი სურვილი ღვთისმშობლის ნებად,  რასაც დღემდე წარმატებით ახორციელებენ. 

 

როდესაც ხობის მონასტერში კვართი მოუბრძანებიათ, საზეიმო წირვის შემდეგ მოუნდომებიათ  მისი კუბოში ჩაბრძანება, მაგრამ თურმე კვართი არ დაიკეცა. მხოლოდ ორკვირიანი, განუწყვეტელი წირვა-ლოცვის შემდეგ დაუკეციათ კვართი და ყოველ წელს, მარიამობის ორკვირიანი მარხვის დროს, ხობის მონასტრის ბერები აღასრულებდნენ 24-საათიან წირვა-ლოცვას, რომლის გვირგვინი გახლდათ  „მარაშინა-მარიამობა“,  ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის მიძინების გახსენება-„მარიამიშ შინა“, რომელიც ყველაზე განთქმული დღესასწაული იყო სამეგრელოში და რომლის აღდგენის საშუალებაც არ გვეძლევა ხობის მონასტერში მავანთა ამპარტავნებისა და შურის გამო.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ-სამოსელი სხვაა, კვართი სხვა. ამის დასამტკიცებლად ფსალმუნში (21:19)  მოყვანილი წინასწარმეტყველებაც საკმარისია: „ განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.“  დავით მეფსალმუნე ბრძანებს, რომ  კვართზე, რომელიც მაცხოვარს შიგნიდან ეცვა,  ყარეს წილი, ხოლო სამოსელი, რომელიც გარედან ემოსა,  ოთხ ნაწილად განიყო. ასევეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა შესამოსელთა შემთხვევაშიც. საქართველოს ეკლესიის კალენდარში ვკითხულობთ: „დადება პატიოსნისა სამოსელისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას.“ ახალი სტილით 15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების (458-471 წ.წ.) დღესასწაულს, რომელთანაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხობის მონასტრის სიწმინდეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართს არანაირი კავშირი არა აქვს. ისმის კითხვა-სად იმყოფება ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, რომელიც ძმებმა კანდიდმა და გალვიუსმა ნაზარეთიდან კონსტანტინოპოლს ჩაიტანეს?  როგორც ჩვენი ფრანგი მეგობრები ამტკიცებენ, საფრანგეთის ქალაქ შარტრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში.

 

მინდა დავუბრუნდე საქართველოს ეკლესიის კალენდარს, რომელიც ღვთისმშობლის წმინდა სამოსელის დღევანდელი ადგილმდებარეობის შესახებ გვეუბნება: „სიწმინდე ამჟამად დასვენებულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმში“, რაც არასწორია და უნდა გასწორდეს შემდეგნაირად: „სიწმინდე ამჟამად დასვენებულია საფრანგეთის ქალაქ შარტრის საკათედრო ტაძარში.“

 

ალბათ დადგა დრო და ეს, პირველ რიგში, უნდა გაითავისონ ჩვენმა ზუგდიდელმა ძმებმა, ავაღორძინოთ ქართული ტრადიციული დღესასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა კვართის საქართველოში ჩამობრძანებისა და ხობის მონასტერში დაბრძანების დღე და მისი გვირგვინი მარაშინა-მარიამობა.

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის მცველები საუკუნეების მანძილზე იყვნენ ხობის მონასტრის ბერები, ხობის ღვთისმშობლის შვილები-ხობარები და მთელი სამეგრელოს მოსახლეობა. ჩვენ კი, მათ შთამომავლობას, სამარადჟამოდ გვახსოვდეს მათი დანაბარები: „ნურც ბერი, ნურც ერი ნუ ვიქნებით ცოცხლები, თუ ეს სიწმინდეები დავკარგეთ!“

 

ხობი

2017 წლის 5 სექტემბერი    

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge