Powered by Jasper Roberts - Blog

13:14 12.09.2017
მაღალი წნევის გამომწვევი დაავადებები

მაღალი არტერიული წნევის ანუ არტერიული ჰიპერტენზიის დროს ყველა პაციენტს ებადება სავსებით ბუნებრივი კითხვა - რა არის მომატებული წნევის მიზეზი, ხომ არ უკავშირდება ის რაიმე დაავადებას? 

 

ამა თუ იმ დაავადებით გამოწვეულ არტერიული წნევის მატებას მეორეულ ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ეს სახელწოდება აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებში წნევის მომატება მეორეული, გარკვეული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.

 

მეორეული ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის, არტერიების, გულის ან ენდოკრინული სისტემის დაავადებები. მეორეული ჰიპერტენზია შეიძლება ორსულობის პერიოდშიც აღმოცენდეს. 

 

ჩვეულებრივ, მეორეული ჰოპერტენზია მიმდინარეობით განსხვავდება ჩვეულებრივი (ესენციური) მაღალი წნევის ანუ არტერიული ჰიპერტენზიისაგან. ესენციურ ჰიპერტენზიას არ აქვს ზუსტი მიზეზი და ის შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგი იყოს. ეს ფაქტორებია გენეტიკური (მემკვიდრული) დატვირთვა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება, უმოძრაობა, სიმსუქნე. 

 

სიმპტომური ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობა გამომწვევი დაავადების შესაბამის მკურნალობას გულისხმობს, რაც არტერიული წნევის დაქვეითებისა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების საწინდარია. 

 

როგორ ვლინდება მეორეული ჰიპერტენზია

ჩვეულებრივი არტერიული წნევის მატების მსგავსად, წნევის მეორეული, სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებული მატებაც შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა წნევის მაჩვენებელი საგანგაშოა. 

 

მაღალი არტერიული წნევისას მისი გამომწვევი დაავადება უნდა ვიეჭვოთ, თუკი:

მაღალი არტერული წნევის დაქვეითება ვერ ხერხდება წნევის დამწევი სამი მედიკამენტის სრული დოზით გამოყენებისას - რეზისტენტული ჰიპერტენზია (უნდა გამოირიცხოს წნევის მომატების გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება);

არტერიული წნევა ძალიან მაღალია - სისტოლური წნევა 180-ზე, დიასტოლური კი 120 მილიმეტრზე მეტი;

ადრე გამოყენებული ეფექტური მედიკამენტები წნევას ვეღარ არეგულირებს;

არტერიული წნევა უეცრად მატულობს 30 წლამდე ან 55 წლის შემდეგ;

პაციენტის გენეტიკურ ნათესავებს არ აქვთ არტერიული წნევა;

პაციენტს არ აწუხებს სიმსუქნე.

 

მაღალი წნევის მიზეზები

წნევის მეორეული მომატება შეიძლება სხვადასხვა მიზეზს უკავშირდებოდეს, მათ შორის მნიშვნელოვანია:

 

შაქრიანი დიაბეტის გართულება - დიაბეტური ნეფროპათია. დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს თირკმლის ფილტრაციული ფუნქცია, რაც მაღალი არტერიული წნევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

თირკმლის პოლიკისტოზი - თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც თირკმელში არის მრავალი კისტა. კისტების ზომები მატულობს, ამის გამო ქვეითდება თირკმლის ფუნქცია, რაც წნევის მომატებას იწვევს. ამ მდგომარეობასთან არაფერი აქვს საერთო თირკმელში ექოსკოპიის დროს ერთეული (1 ან 2) კისტის შემთხვევით აღმოჩენას. ჩვეულებრივ, ასეთი კისტები თითქმის არ იზრდება, არც თირკმლის ფუნქციას აქვეითებს.

 

თირკმლის გორგლების დაავადებები. თირკმლები სისხლს ფილტრავენ და ორგანიზმს მავნე ნივთიერებებს აცილებენ უმცირესი წარმონაქმნების - გორგლების მეშვეობით. ზოგჯერ იმუნური სისტემის მონაწილეობით ვითარდება გორგლების ანთება - გლომერულონეფრიტი. ეს მდგომარეობაც არღვევს თირკმლის ფუნქციას და იწვევს წნევის მომატებას.

 

რენოვასკულური (თირკმლის სისხლძარღვებთან დაკავშირებული) ჰიპერტენზია - მისი მიზეზია თირკმლის არტერიების შევიწროება. თავის მხრივ, შევიწროება შეიძლება განაპირობოს ათეროსკლეროზულმა ცვლილებამ (გულის გვირგვინოვანი არტერიების მსგავსად) ან არტერიის კუნთოვანი და ფიბროზული ქსოვილის გასქელებამ (ფიბრომუსკულური დისპლაზია). სამწუხაროდ, რენოვასკულური ჰიპერტენზია თირკმლის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.

 

კუშინგის სინდრომი - ამ დროს წნევის მომატება უკავშირდება გარკვეული ჰორმონული პრეპარატების - კორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი და მისი მსგავსი საშუალებები) გამოყენებას ან თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის სიმსივნეს, რაც მსგავსი ჰორმონების ჭარბ პროდუქციას იწვევს.

 

ჰიპერალდოსტერონიზმი - ამ შემთხვევაში თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბ პროდუქციას იწვევს. შედეგად თირკმელი აკავებს წყალსა და ნატრიუმს და ორგანიზმი კარგავს კალიუმს, იმატებს წნევა.

 

ფეოქრომოციტომა - ფეოქრომოციტომა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეა, რომელიც ჭარბად წარმოქმნის ადრენალინსა და ნორადრენალინს. ეს შეიძლება არტერიული წნევის მყარი ან ეპიზოდური მკვეთრი, კრიზული მომატების მიზეზი გახდეს.

 

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - წნევის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე (ჰიპერთირეოზი), ისე მათი დეფიციტი (ჰიპოთირეოზი).

 

ჰიპერპარათირეოზი - ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის მომატება. ჩვეულებრივ, ეს ჯირკვალი კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს. ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის სიჭარბისას სისხლში კალციუმის მატება შეიძლება მაღალი წნევის მიზეზი გახდეს.

 

აორტის კოარქტაცია - თანდაყოლილი ანომალია, რომლის დროსაც ორგანიზმის მთავარი სისხლძარღვი, აორტა, შევიწროებულია (კოარქტაცია). გულს ამ წინააღმდეგობის გადასალახავად უფრო ძლიერ უწევს შეკუმშვა, წნევაც მატულობს.

 

ძილის აპნოე - ძილის დროს სუნთქვის შეჩერება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ხმამაღალი ხვრინვა. ჰიპოქსიის ანუ ჟანგბადის ნაკლებობის გამო ძილის აპნოე წნევის მომატებას იწვევს. გარდა ამისა, ამ მდგომარეობისას ნერვული სისტემის მიერ გამომუშავდება წნევის მატების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები.

 

სიმსუქნე - წონის მატება მოცირკულირე სისხლის რაოდენობის ზრდას იწვევს, რაც წნევის მომატების მიზეზია. ჭარბ წონას თან ახლავს გულის სიხშირის მატება, სისხლძარღვთა განვლადობის შემცირება. დამატებითი ცხიმი წნევის მატების გამომწვევი ნივთიერებების გამომუშავებას ეხმარება.

 

ორსულობა - ორსულობისას მოსალოდნელია როგორც არსებული ჰიპერტენზიის სურათის გაუარესება, ასევე ჰიპერტენზიის პირველად აღმოცენება.

 

მედიკამენტები და დანამატები - არტერიული წნევის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს ტკივილგამაყუჩებლები, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ტრანსპლანტაციის შემდგომ დანიშნული წამლები. წნევის მომატებას იწვევს სურდოს საწინააღმდეგო საშუალებები, კოკაინი, მეტამფეტამინი.

 

რა გართულებებს იწვევს მეორეული ჰიპერტენზია

მეორეული არტერიული ჰიპერტენზიისას, სათანადო მკურნალობის გარეშე, საკმაოდ სწრაფად ვითარდება ჩვეულებრივი არტერიული ჰიპერტენზიისათვის დამახასიათებელი გართულებები. გარდა ამისა, მაღალი წნევა აუარესებს მისი გამომწვევი დაავადების მიმდინარეობასაც. 

 

სიმპტომური ჰიპერტენზიის მკურნალობა

სიმპტომურ ჰიპერტენზიაზე ეჭვისას ტარდება სათანადო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები - სისხლში ელექტროლიტების, კრეატინინის, გლუკოზის განსაზღვრა, შარდის ანალიზი, ზოგჯერ თირკმლების ექოსკოპია. ცვლილებების არსებობისა და სათანადო კლინიკური სურათისას შესაძლოა დაიგეგმოს სპეციალური გამოკვლევები ენდოკრინოლოგიური დაავადებების გამოსარიცხად ან თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია. 

 

გაითვალისწინეთ!

სიმპტომურ ჰიპერტენზიაზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა წნევის დაქვეითება ვერ ხერხდება 3 პრეპარატის სათანადო დოზით გამოყენებისას. შესაბამისად, მიზანმიმართული კვლევა წნევის მომატების მიზეზების გამოსავლენად მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია გამართლებული. 

 

სიმპტომური ჰიპერტენზიის სიხშირე მხოლოდ 5-10%-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი წნევით დაავადებული ყოველი 100 პაციენტიდან 90-95-ის შემთხვევაში წნევა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე მატულობს. მსგავს შემთხვევებში სადიაგნოზო კვლევები ფუჭი და უშედეგოა. მიუხედევად ამისა, აუცილებელია მკურნალობა, რაც წნევას ნორმალურ ციფრებამდე დაქვეითდებაში დაეხმარება.

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge