Powered by Jasper Roberts - Blog

13:21 10.09.2017
არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი?!- საკონსტიტუციო ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები (მეორე ნაწილი)

საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, რისკებზე და რეალურ საფრთხეებზე საუბრობს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატების განაწილების ის წესი, რომელსაცქართული ოცნება“  საკონსტიტუციო კომისიას სთავაზობს, ხელს უწყობს უმრავლესობას პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დანიშნოს.

 

თუ პარლამენტის მოქმედი საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან მარტივად არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ მისთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანოს სახელმწიფოს მეთაურად,“- აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ ისტორიულ მოცემულობაში, ეს ძალიან სახიფათო გზა. იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური დემოკრატიული განვითარება, ორი ტიპის ბალანსი სჭირდება: შიდა პოლიტიკური და ინსტიტუციური.


ქვეყანაში, სადაც მულტიპარტიული ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ძალაუფლების უზურპაციის რისკები მაღალია, ისნტიტუციურ ბალანსზე უარის თქმა ძალიან სახიფათოა. პრეზიდენის ირიბად არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური ბალანსები დავასუსტოთ. ასეთ ვითარებაში კი, ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ, როდესაც გვექნება მულტიპარტიული დემოკრატია, ანუ როდესაც ქვეყანაში იქნება რამდენიმე პარტია, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკურენტუნარიანობასა და ფაქტობრივად ძალაუფლების უზურპაციის რისკებს გაანოლებენ, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია არამარტო პრეზიდენტი ავირჩიოთ ირიბად, არამედ საერთოდ აღარ ავირჩიოთ . ამ ინსტიტუტში საჭიროება ძალიან შემცირებულია და ხიფათიც ნაკლები იქნება. იქ, სადაც არა თუ მულტიპარტიული, არამედ ერთი სრულფასოვანი პარტიაც კი არ არსებობს ქვეყანაში, საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტიც არ ავირჩიოთ, ძალიან სახიფათო და სერიოზული რისკების შემცველია.


ამით მთავრობას სურს, რომ სულ იყოს ხელისუფლებაში და ნაკლები პრობლემები ჰქონდე. ყველა ხელისუფლებას ეს უნდოდა, რამე განსაკუთრებული სურვილები არ აქვთ. საქართველოს არ ეღირსა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაზე იფიქრებს და არა - საკუთარ ინტერესზე. ეს ხელისუფლებაც არ არის გამონაკლისი ამ მხრივ.


რაც შეეხება, იმას, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რჩევებს არ ითვალისწინებს, ამან  შეიძლება გამიწვიოს ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობის ლეგიტიმაციას შეამცირებს და პოლიტკური კრიზისის ფორმირების შემთხვევაში, ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები დაეწყება,“-აღნიშნა  "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში გია ხუხაშვილმა.

 

საზოგაოების აზრითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI)  კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს, მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა (პარლამენტარები, საკრებულოს წევრები და .) უნდა აირჩიონ. 2% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 4 % პასუხს ვერს სცემს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოკითხვა ჯორჯიან თაიმსმაცჩაატარა. რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს, ნაწილი კი სულაც არაა წინააღმდეგი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის.


გოჩა კაპანაძე (რეჟისორი)

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი  ხალხმა უნდა აირჩიოს. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევისას ადამიანის უფლებები ირღვევა. მე, როგორც მოქალაქეს,  უფლება მაქვს, ავირჩიო ის, ვინც მინდა. ეს ჩემი პირადი აზრია. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ აირჩიოს პრეზიდენტად ის, ვინც უნდა. ერთ პარტიას, არ აქვს მნიშვნელობა სამთავრობო იქნება თუ ოპზიციური, არ უნდა ჰქონდეს დომინანტის უფლებაჩემი აზრით, პრეზიდენტი უნდა იყოს არჩევითი და არა დანიშვნითი.

 

გვანცა ამირანაშვილი (საჯარო მოხელე)

,,ვერ ვხედავ არგუმენტირებულ, დამაჯერებელ მიზეზს, რის გამოც უნდა   მერჩივნოს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიაში შესულმა მხოლოდ  300-მა ხმოსანმა ამირჩიოს და არა მე (ხალხმა). მიმაჩნია, რომ ეს ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებების შეზღუდვააეს საკონსტიტუციო ცვლილება კიდევ უფრო მეტად გაზრდის  იმის შესაძლებლობას, რომ  მმართველ პარტიას ვინც ენდომება ქვეყნის სათავეში, ის გახდება პეზიდენტიც. ასეთ არჩევნებს ყოველთვის ფორმალობის სახე ექნება. მე ქვეყნის სათავეში ჩემივე არჩეული პრეზიდენტი მჭირდება.’’

 

გიორგი პაპკიაური (საჯარო მოხელე)

ვფიქრობ, პრეზიდენტის არაპირდაპი არჩევნებით დემოკრატიის პრინციპები არ ირღვევა. პრეზიდენტის არჩევა როგორ მოხდება, ქვეყანამ თვითონ  რომ განსაზღვროს, ეს დიდი ტრაგედია არაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ ვინ იქნება ის 300 ხმოსანი, რომელსაც პრეზიდენტის არჩევა შეეძლება.

 

ინოლა ნოღაიდელი (სტუდენტი)

საქართველო-ქვეყანა, სადაც ყოველთვის იცოდნენ დამოუკიდებელი სიტყვის ფასი. ქვეყანა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და უახლოვდება საერთაშორისო დემოკრატიის სტანდარტებს. ქვეყანა, სადაც თითოეული ადამიანი ცდილობს საკუთარი წილი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისათვის. ქვეყანა, სადაც მომავალი თაობები "ძალა ერთობაშია" -თი იზრდება და სწორედ ამ ქვეყანას დაუდგა დღე, როცა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ენიჭება უფლება, რომ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს, ჩემი აზრით, სისუსტისკენ გადადგმული ნაბიჯია! უუფლებობა ვერ იქნება ვინმესთვის სიძლიერე! ადამიანის "ნება" არ ჩუქდება. ვინმეს არჩევანი ვერ გახდება ჩემთვის იმის გარანტი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე არ მსურს რამდენიმე ასეული კაცის მხრებზე "აკიდებული" შეგროვებული სურვილები, რომლებიც მიიტანენ დანიშნულების ადგილამდე (ან არ მიიტანენ) და ამით გადაიჭრება საკითხი. მე, როგორც საქართველოს რიგითი, დამოუკიდებელი მოქალაქე, ვითხოვ უფლებას (და ამის უფლება ნამდვილად მაქვს), რომ თავად ავირჩიო ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ჩემ წილ სამშობლოს ვანდობ!

 

როგორც ჩვენი სტატიის მსვლელობისას გამოიკვეთა, რესპოდენტების უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მათთვის მიუღებელია და არღვევს დემოკრატიის პრინციპებს. დღეისათვის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე უპრიანია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.


თუმცა, სტატიაში მოყვანილი ყველა არგუმენტის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 ივნისს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მთავრობა ხდება უფრო ეფექტური და კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.


შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას უმრავლესობამ პირობა დადო, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლიდან ამოქმედდება.

 

პირველი ნაწილი იხილეთ ლინკზე.

 

/ნინო ოთარაშვილი/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge