Powered by Jasper Roberts - Blog

13:09 10.09.2017
არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი?!- საკონსტიტუციო ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც, ამჟამად საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის გაგრძელების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2017”-ზე - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

დიახ, კონსტიტუცია  თანამედროვე დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია  თავისი იურიდიული, სოციალური და პოლიტიკური დანიშნულებით და ის ქვეყნის ძირითად კანონს წარმოადგენს. როგორც წესი,  ის მიიღება ხალხის მიერ ან ხალხის სახელით. ამ გარემოებას კი უზრუნველყოფს თანამედროვე დემოკრატიულ კონსტიტუციებში სახალხო და სახელმწიფო სუვერენიტეტების ერთმნიშვნელოვანი აღიარება.

 

ისტორიას რომ მივყვეთ, საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს. მასში 109 მუხლია, რომლებიც 33-ჯერ შეიცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, - მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა (25-ჯერ.)

 

2016 წლის დეკემბერში, 73 კაციანმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ  ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო. პირველ ეტაპზე კომისიის სამუშაო ჯგუფებმა თავი მოუყარეს ყველა ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც „ქართული ოცნების“, ისე 7 ოპოზიციური პარტიის, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ფართო საზოგადოება — კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან და საერთაშორისო ორგანიზაციები კონსტიტუციის შეცვლის პროცესში მონაწილეობენ.

 

„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება მიღებული ფართო ჩართულობით იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს. განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხშირად მასმედიის საშუალებით ვიგებდით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილეებების ჩამონათვალიდან მნიშვნელოვან ნაწილის წარმოადგენს:

-პრეზიდენტის არჩევის წესი და მას არა ხალხი, არამედ წარმომადგენლობითი სახით 300 დელეგატი აირჩევს.

- განისაზღვრება ქორწინების ცნება, როგორც "ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას".

- გადასახადების დაწესებისთვის ან მათი გაზრდისთვის საჭირო გახდება რეფერენდუმის ჩატარება.

- კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შესახებ. ის მხოლოდ ორგანული კანონით დარეგულირდება და შეიქმნება ახალი კანონი მიწის შესახებ და სხვა.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებმა პარლამენტიდან საზოგადოებაში გადაინაცვლა. შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საყოველთაო სახალხო განხილვები 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში (ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი) გაიმართა. განხილვებს ცხრა წევრისგან შემდგარი საორგანიზაციო კომისია ატარებდა. 

 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს 24 ივნისს მეორე მოსმენით კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომას, სადაც მთავარი კანონის პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დოკუმენტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. მომდევნო ეტაპი და ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცება კი საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.

 

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის კვალდაკვალ, აქტიური განხილვის საგანი პრეზიდენტის არჩევის საკითხი გახდა. მოქმედი წესისაგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პირველი პირი აირჩევა მოქალაქეთა მიერ (საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე), კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაში საუბარია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობაზე.

 

დღესდღეობით, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და ასევე, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

 

საქართველოში მოქმედი, მმართველობის საპარლამენტო მოდელის პირობებში პრეზიდენტი რეალურად არის ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელიც ხალხის უშუალო ლეგიტიმაციით, პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით აირჩევა.

 

პრეზიდენტის დამოუკიდებლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების განხორციელებისას, როგორიცაა საკანონმდებლო აქტებზე ვეტოს დადების უფლება, მოსამართლეთა დანიშვნა, პარლამეტის დათხოვის უფლება, კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შერჩევა.

 

ამ შემთხვევაში პირდაპირი არჩევნები უშუალო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმაა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს პირადად  ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ გამოხატოს ნება და გავლენა მოახდინოს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებზე. 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით  კი, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. 

 

პროექტის მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ორგანული კანონის საფუძველზე, პროპორციულ-გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას კი ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები  პარლამენტის შენობაში იმართება. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ, არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში კი, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

 

რატომ გაჩნდა საჭიროება, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეეცვალათ? არაპირდაპირი არჩევნების შემთხევვაში, დაირღვევა თუ არ დემოკრატიიის პრინციპები? - ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“იურისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა.

 

-ჩემი აზრით, საქართველოს რეალობის შესატყვისი, ჩვენი პოლიტიკური თუ  საზოგადოებრივი სინამდვილის შესაბამისი და მისაღები არგუმენტაცია, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. ვფიქრობ, ამ საკითხში  მარტო არ ვარ, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი არჩევის წესის წინააღმდეგია. 

 

ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. თუმცა, ხელისუფლების ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების დიდ ნაწილში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ და ამას სწორი არბიტრირებისთვის აკეთებენ. პოლიტიკურ პარტიებზე დამოკიდებული პრეზიდენტი ვერ იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური არბიტრი. საქართველოსნაირი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ ძლიერი, დამოუკიდებელი და ობიექტური არბიტრისა და სახელმწიფოს პირველი პირის არსებობა. ეს კი დემოკრატიაში ყველაზე კარგად პირდაპირი არჩევნებით მიიღწევა. სახელმწიფოს მეთაური ანგარიშვალდებულია მხოლოდ ამომრჩევლებთან, რომლებმაც გადასცეს მას პრეზიდენტის მანდატი.

კონსტიტუციის პროექტში მოცემული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი სხვა მხრივაც წინააღმდეგობრივია.  

 

პრეზიდენტის არჩევისას მმართველ პოლიტიკურ პარტიას ყოველთვის ექნება უმრავლესობა, არჩევისთვის საჭირო 151 ხმოსნის მხარდაჭერა, შესაბამისად, ადვილად დასანახია ამ წესით არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულების ხარისხი მმართველ პოლიტიკურ პატიაზე. სხვათაშორის, ამ საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნაში აღნიშნა, რომ უნდა გაზრდილიყო არჩევის ქვორუმი, სწორედ იმის ასარიდებლად, რომ პრეზიდენტის ერთ პარტიაზე დამოკიდებულების ხარისხი შემცირებულიყო. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყოველგვარი განმარტებისა თუ არგუმენტების წარმოდგენის გარეშე უარყო ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია. ეს კი წარმოაჩენს ხელისუფლების განზრახვასა და სამომავლო გეგმებს, რომლებიც ადრე თუ გვიან წინააღმდეგობაში მოვა საზოგადოებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ინტერესებთან.

 

ხელისუფლება ვერ გასცემს პასუხს კითხვას, რატომ მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში თვითმმართველობები, მათი წარმომადგენლები. არცერთ ევროპულ დემოკრატიაში თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტები  ამ პროცესში არ მონაწილეობენ. ერთადერთი გამონაკლისია ესტონეთი და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრები მესამედაც ვერ აირჩევენ პრეზიდენტს. ამ შემთვევაში კოლეგიაში ერთვებიან მუნიციპალური ასამბლეების (ჩვენეული საკრებულოს) თავმჯდომარეები. 

 

მაგალითად ვერც იტალია გამოდგება, რადგან იქაური მხარეები უფრო მეტად პოლიტიკური წარმონაქმნებია, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიუჯეტი, ჰყავთ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოები და აღმასრულებელი პირველი პირები, გარკვეულწილად ეს საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების მსგავსი წარმონაქმნებია. ანუ იტალიაში პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობენ პოლიტიკური ერთეულები, მხარეები და არ მონაწილეობენ თვითმმართველობები. სხვა ფედერაციული სახელმწიფოების მაგალითები არ გამოდგება, რადგან საქართველო არ არის ფედერაციული რესპუბლიკა. 

 

და ბოლოს, პროექტით გათვალისწინებული წესი შეიცავს კონფლიქტის რისკებს. ავტონომიური რესპუბლიკები იღებენ უპირატესობას სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით. მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ამრჩევთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნება უმაღლესი საბჭოს 21 წევრით და კიდევ 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით. აქვე აღსანიშნავია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხი: უმაღლესი საბჭო სამწუხაროდ დიდი ხანია არავის აურჩევია, იგი დევნილობაშია. დევნილობაშია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტებიც, ანალოგიური პრობლემატიკით. 2008 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ დევნილობაშია ასევე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები. როგორი წესით უნდა შეირჩნენ და რა ელექტორალური ლეგიტიმაცია ექნებათ დევნილობაში მყოფი უმაღლესი საბჭოსა თუ მუნიციპალიტეტების წარმომადგელნებს, ვფიქრობ, ამაზე ჯეროვნად არც საკონსტიტუციო კომისიას და არც პარლამენტს არ უმსჯელია.

 

უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ამ წესით არჩეული პრეზიდენტი პოლიტიკურად მოწყდება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს პრეზიდენტს ირჩევენ აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დევნილებიც - პირდაპირი წესით, ხვალ ეს აღარ იქნება და სხვათაშორის, ეს საკითხი შესაძლოა ოსტატურად გამოიყენოს ოკუპანტი რუსეთის ადგილობრივმა მარიონეტებმა და თქვან - საქართველომ გაწყვიტა ელექტორალურ-პოლიტიკური კავშირი ჩვენთან და ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ნიშნავსო.

მოკლედ, ერთი შეხედვით მარტივი საკითხი ძალიან პრობლემური და მრავალი საფრთხის მატარებელია.

 

-პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების შემთხვევაში, შემცირდება თუ არა ქვეყნის მთავარსარდლის პოლიტიკური წონა? ხომ არ შეამცირებს ეს პირველი პირის ლეგიტიმაციის ხარისხს?

-პასუხი მოკლე და მარტივია - დიახ, შემცირდება. შემცირდება პრეზიდენტის როგორც პოლიტიკური წონა, ასევე, ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხი.

 

- არაპირდაპირი არჩევნების შემთხევვაში, დაირღვევა თუ არა დემოკრატიიის პრინციპები? ხომ არ იქნება ეს უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერების გზაზე?

-სხვადასხვა დემოკრატიებში არსებობს როგორც პირდაპირი წესით, ასევე, არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტები. ეს დამოკიდებულია მათ ტერიტორიულ მოწყობაზე და სახელმწიფოებრიობის გამოცდილებაზე, ტრადიციაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო კულტურასაც. ჩვენ ამ მხრივ მხოლოდ 25 წელი, შეცდომებითა და პრობლემებით სავსე დრო გვაქვს გავლილი, ეს კი არ არის საკმარისი. ჩვენნაირი გარდამავალი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარსული შეცდომების გათვალისწინება და ხელისუფლების გაწონასწორების მძლავრი სისტემის შენარჩუნება.

 

-ხომ არ იქნება მთავრობის „სათამაშო“არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი? 

-კონსტიტუციის პროექტით შემოთავაზებული, არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი იქნება პოლიტიკურ პატიაზე თუ პარტიებზე დამოკიდებული, ვერ იქნება ნეიტრალური და ძლიერი არბიტრი, ძალაუფლების დამბალანსებელი. სავარაუდოა, რომ ის ვერ იქნება ადამიანის უფლებათა ეფექტური გარანტორი.

 

-რამდენად გაზრდის საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებებს?

-კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტს ისეთსავე უფლებებს უტოვებს, რაც აქვს. ანუ, 2013 წლის არჩევნების შემდგომ შემცირებულ უფლებებში დარჩება და მოაკლდება ელექტორალური ლეგიტიმაცია და დამოუკიდებლობა.

 

-როგორ ფიქრობთ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას, შეძლებს თუ არა მთავრობა კონსესუნსის მიღწევას?

-კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენისას შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა, ამდენად, არსებით ცვლილებებს ამ პროექტში პარლამენტი ვერ შეიტანს. პოლიტიკური კონსენსუსისას შესაძლებელია პროცესის ახლიდან დაწყება და ახალი ან განახლებული პროექტის მიღება. ოღონდ ამას სჭირდება მმართველი ძალის პოლიტიკური ნება. ეს არის ის სამწუხარო მოცემულობა, რომელიც ადრეც გვინახავს და  დაკავშირებულია ჩვენნაირ სახელმწიფოში ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის ფლობასთან.

 

-ამ ეტაპზე ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს გაიზიაროს ვენეციის კომისიის პოზიცია.  რას გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება?

-ვენეციის კომისიის დასკვნისა და განცხადებების შემდეგ, საქართველო დაკარგავს რეგიონში დემოკრატიის ლიდერის პოზიციას, რაც უდიდეს გამოწვევად და პრობლემად შეიძლება ექცეს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას.

 

პრეზიდენტის მრჩეველი - ფიქრია ჩიხრაძე თვლის, რომ „პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის ინსტიტუტის გაუქმება, ძალიან ცუდად აისახება, ბალანსისა და გაწონასწორების კუთხით კონსტიტუციაში.“


მისი განმარტებით, დემოკრატულობის განმსაზღვრელი არის არა ესა თუ ის მოდელი, ეს იქნება საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ შერეული,  არამედ ხელისუფლების შტოებს შორის  აუცილებლად დაცული ბალანსი. 

 

„თემას, ამ კუთხით უნდა შევხედოთ,შეიძლება ამა თუ იმ მოდელს მომხრე ჰყავდეს სხვადასხვა მოსაზრებებით. ჩვენი ტიპის ქვეყაანაში, როდესაც დეომკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალილბებული, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბალანსისა და  გაწონანსწორებულობის ეფექტური მექანიზმების არსებობას კონსტიტუციაში.


მე ზოგადად,  საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომხრე ვარ, არა სუპერ საპრეზიდენტო, მაგრამ ძლიერი ინსტიტუტის. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ საპარლამენტო მოდელზე გადასვლაზე და აბსოლუტურად ვაქრობთ კონსტიტუციაში ყველა იმ ინსტრუმენტს და მექანიზმს, რომელიც უნდა აწონასწორებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გარკვეულ უფლებებს უნდა აძლევდეს საპრეზიდენტო მმართველობას, -ამ ყველაფერს ჩვენ განხორციელებულ ცვლილებებში ვერ ვხედავთ. ვთვლი, რომ პრეზიდენტის პრირდაპირი არჩევის ინსტიტუტის გაუქმება, ძალიან ცუდად აისახება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების კუთხით.


თვითონ პრეზიდენტი გამომდინარე იქიდან, რომ არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილებისა და პოლიტიკური პლატფორმის გამომხატველი, შესაბამისად თავს არ ახვევეს არავის საკუთარ მოსაზრებებს. უბრალოდ, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ამბობს, რომ სწორედ ბალანსის თემაა მნიშვნელოვანი. კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის მომავალისთვის. ამ კონსესუნსის პროდუქტს პრეზიდენტი ყოველთვის აღიარებდა და მხარს უჭერდა,“ - აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ფიქრია ჩიხრაძე.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი თვლიან, რომ მოსახლეობის უმრავლესობას პირდაპირი წესით სურს პრეზიდენტის არჩევა, მაგრამ მთავრობას ხალხის აზრი არ აინტერესებს.

 

„ყველა გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (80-90%-ს) სურს, რომ საკუთარი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს, რაც, დამეთანხმებით, სავსებით ბუნებრივია. მაგრამ მთავრობას ხალხის აზრი არ აინტერესებს, რაც, სამწუხაროდ, ასევე სრულიად ლოგიკურია „ოცნების“ პირობებში,“-აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი - ზაზა ბიბილაშვილი.


„საქართველოს მთავრობა დღეს ივანიშვილის „ლიჩნიკებისგან“ შედგება - პრემიერ მინისტრი მისი პირადი ბანკირია, სუს-ის უფროსი - მისი პირადი მცველი, ჯანდაცვის მინისტრი - მისი პირადი ექიმი, ყოფილი პრემიერი - მისი პირადი თანაშემწე და ა.შ. სულ დაახლოებით 50(!) ადამიანია მთავრობაში „ქართუ“ ჯგუფიდან. მთავრობისა და უმრავლესობის წევრები თავიანთ თანამდებობებსა და კოლოსალურ შემოსავლებს სწორედ ივანიშვილს უმადლიან. შესაბამისად, ანგარიშვალდებულების განცდაც მხოლოდ მის მიმართ აქვთ. 


ამ ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუციის  მიღების მიზანი სწორედ არსებული ჭაობის განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაა. ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, თუნდაც შეზღუდული უფლებამოსილებით, არ აწყობს მმართველ კლანებს და პირველ რიგში, კატეგორიულად მიუღებელია ივანიშვილისთვის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, აქ „ოცნებამ“ ყველა მოატყუა - საკუთარი ამომრჩეველიც კი. „ოცნებამ“ ვენეციის კომისიას წარუდგინა სხვა პროექტი, ე.წ. „სახალხო“ განხილვებზე გაიტანა სხვა პროექტი, ხოლო პარლამენტში ორი მოსმენით მიიღო სრულიად სხვა პროექტი. ეს პოლიტიკური თაღლითობაა და სხვა არაფერი.“


მისივე განმარტებით, ახალი კონსტიტუცია პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ხელისუფლების ცვლილებას დემოკრატიული არჩევნების გზით. 

 

„ეს არის დემოკრატიის გაუქმება ვითომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ კონსტიტუციის მიზანია ივანიშვილის ოჯახურ-კლანური მმართველობის სამუდამოდ შენარჩუნება, რაც რასაკვირველია, არ მოხდება. ხალხი ამას არ დაუშვებს. 


ასევე, ვენეციის კომისიის პოზიციის არგაზიარება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არა მხოლოდ ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის, ცივილიზებული სამყაროს აზრიც ფეხებზე ჰკიდია. 


აღსანიშნავია, რომ თავიდან ვენეციის კომისია საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, რადგან არსებობდა „ქართული ოცნების“ კეთილსინდისიერების პრეზუმფცია. ანუ ბევრს (და, მათ შორის, ვენეციის კომისიასაც) მართლა სჯეროდა, რომ „ოცნების“ მიზანი საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება იყო. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ივანიშვილის მიზანი ანტიდემოკრატიული ძალების, კორუმპირებული წითელი ელიტისა და მაფიოზური კლანების რევანში იყო,“-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

 

მისი თქმით, დღეს „ოცნება“ პოლიტიკურად სრულიად იზოლირებულია. საქართველოსა მის ფარგლებს გარეთ კონსენსუსი პრაქტიკულად მიღწეულია - ამ კონსტიტუციის წინააღმდეგია ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა უცხოელი დამკვირვებელი.  

 

„ოცნება“ აპირებს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას, რომელიც იმთავითვე არალეგიტიმური იქნება.  მესამე მოსმენით კი კონტიტუციის მიღება ნიშნავს, რომ მთავრობამ არ შეისმინა არავის აზრი და რქებით გაიატანა ერთპარტიული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუცია. ამ ეტაპის შემდეგ რაიმე ტიპის კონსენსუსზე საუბარი უკვე სრულიად უადგილო იქნება. ამის შემდეგ უკვე თავად ხალხი გადაწყვეტს, რა უყოს ასეთ ხელისუფლებას,“-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა ჩვენთან საუბარში.

 

მეორე ნაწილი იხილეთ ლინკზე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge