Powered by Jasper Roberts - Blog

12:14 09.09.2017
ვინ იყო კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ქართველი მამაკაცი

კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზონა“ გარდაიცვალა. რუსლან პაპასკირის გვარი რამდენიმე გახმაურებულ ინციდენტში ფიგურირებს. 2012 წელს სტამბულში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ჩეჩნეთიდან თურქეთში არალეგალურად გადასული 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ქართველი რუსლან პაპასკირი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ თურქული მედია წერდა. 



თურქული მედიის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს ბრალი ედებოდათ სტამბულში რამდენიმე ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯგუფის ხელმძღვანელი სწორედ ქართველი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" და "აჩრდილი" იყო. 



ჯგუფის წევრები შენიღბვის მიზნით პარიკებს ატარებდნენ. მაშინ ეჭვმიტანილთა დაკავებისას ამოიღეს იარაღით სავსე რამდენიმე ჩემოდანი. პაპასკირს თან აღმოაჩნდა ქართული პირადობის მოწმობა, რომელიც თურქული მხარის განცხადებით, სავარუდოდ, ყალბი იყო. 



მედია მაშინ წერდა, რომ დაკავებულები, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების მიერ ბერლინში შექმნილი ე.წ. სალიკვიდაციო ქსელის წევრები იყვნენ. თურქული მედია იმის შესახებაც იუწყებოდა, რომ პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებდა 2011 წლის 10 ოქტომბერს თურქეთში ლტოლვილი ჩეჩენი მუფტის, ჩეჩნეთის შარიათის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, შამსუდინ ბატუკაევის მკვლელობის მცდელობის საქმეში.



Stargazete-ს მიერ გავრცელებული ცნობებით კი, პაპასკირი 2009 წელს "კავკასიის იმარათის" წარმომადგენლის ალი ოსაევის მკვლელობაშიც იყო გარეული. 



კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით კი, რუსლან პაპასკირის სახელი არც ქართული სამართალდამცავებისთვისაა უცხო. კერძოდ, პაპასკირის სახელი 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც ფიგურირებდა. საინფორმაციო ცენტრის ცნობებით, ერთ-ერთმა ვაჰაბიტმა მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შესახებ ქართული მხარიდან სწორედ "ზონას" ჰქონდა ინფორმაცია. პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებს 2010 წელს, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ აფეთქებაშიც, სადაც, სავარაუდოდ, ამჯერად თავად პაპასკირის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა ის უკანასკნელი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge