Powered by Jasper Roberts - Blog

11:02 07.09.2017
,,პირადად მე ამ ე,წ. ოპოზიციური პარტიების და მით უმეტეს, "ხალხის მეგობარი" ელისაშვილის იმედი ნამდვილად არა მაქვს. თქვენ?"

დავით ზარდიაშვილი:

 

თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საიტზე (nala.ge) განსახილველად დევს დოკუმენტი "დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ძირითადი ორიენტირები 2017-30 წწ."

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ამ დოკუმენტისათვის ყურადღება არ მიუქცევია. გარდა მმართველი პარტიისა და ხელისუფლებისა, რომელიც გვპირდება, რომ წლის ბოლომდე ქვეყანა ასეთ სტრატეგიას აუცილებლად მიიღებს.

არადა, მცირე იმედი მაინც გვქონდა, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყნის მუნიციპალური თუ სათემო განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის თაობაზე კონსტრუქციული დისკუსია შედგებოდა და სწორედ ეს - ე.ი. პარტიების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ამ სფეროში მათი პოლიტიკური განაცხადების ერთგვარი შეჯიბრი განსაზღვრავდა საარჩევნოდ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

რასაკვირველია, მსგავსი არაფერი შეინიშნება და კვლავაც სოციალური დემაგოგიისა და თავაწყვეტილი პოპულიზმის ასპარეზია ეს ადგილობრივი არჩევნებიც.

ამ დროს ქვეყანას სჭირდება, თუ გნებავთ, კონსტიტუციაზე არანაკლებ - ეროვნული კონსენსუსის გამომუშავება ამ სფეროში შემავალ ოთხ სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნდამენტურ რეფორმაზე, რაც ასოციაციის დოკუმენტში სათანადოდ არის აქცენტირებული. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნდამენტური რეფორმებია:


1. მიწის რეფორმა; 2. საშემოსავლო რეფორმა; 3. კომუნალური რეფორმა; 4. ადმინისტრაციული და ინსტიტუციური რეფორმა, რომლის ორიენტირები ორ-დონიანი თვითმმართელობის და ადგილებზე მონაწილეობითი დემოკრატიის მიღწევა იქნება.

აბსოლუტურად გაუგებარია პარტიების დამოკიდებულება ამ ოთხი უმნიშვნელოვანესი რეფორმის, ისევე როგორც ზოგადად - დეცენტრალიზაციის პროცესისის მიმართ, რაც ჩვენი განვითარების გეზს განსაზღვრავს და ბუნებრივია, ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, ის ადამიანები, ვისაც ამ სფეროს მიმართ პროფესიული ინტერესი გვაქვს, ისევ არსებული ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის კეთილგონიერების იმედად ვრჩებით.

ერთადერთი რაც ამ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო დოღის შემყურემ შეიძლება გარკვევით ვთქვა - ცნობილი მხოლოდ რესპუბლიკელებისა და ამ სფეროში მათი ჯილას - ბ-ნ შერგელაშვილის (აწ უკვე "შენებელის") "რეფორმაა", რაც 2013 წელს ვნახეთ და ისიც ცხადია, რომ ეს ე.წ. რეფორმა მთლიანად ჩავარდა - დღესაც ისევ იქა ვართ (ზოგიერთი მიმართულებით უკანაც კი), სადაც 2012 წელს ვიდექით. გარდა ამისა, რესპებმა და მათმა ხედვამ ამ საკითხში (რაც მათი საარჩევნო პროგრამის სოლიდური ნაწილი იყო) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერავითარი ნდობა ვერ მოიპოვა. ვიმეორებ - სხვა პარტიებს ამ მიმართულებით თავებშიც და გულებშიც ან ტორიჩელის სიცარიელე აქვთ ანდაც პირველქმნილი ქაოსი უტრიალებთ....

...დასკვნის სახით ვიტყვი: პირადად მე ამ ე,წ. ოპოზიციური პარტიების და მით უმეტეს, "ხალხის მეგობარი" ელისაშვილის იმედი ნამდვილად არა მაქვს. თქვენ?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge