Powered by Jasper Roberts - Blog

12:09 18.08.2017
საერთაშორისო ორგანიზაცია Palme Center ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Palme Center ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიში, რომელიც 2017 წლის ივლისითაა დათარიღებული, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მაგდალენა გრონოს მიერ აფხაზეთში განხორციელებული ვიზიტებისას მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ გადაუჭრელ კონფლიქტს მძიმე გავლენა აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხზე. დოკუმენტში ასევე განხილულია გალში არსებული სიტუაცია.

„ომის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნებული ეთნიკური ქართველების მდგომარეობის გაურკვევლობა, გალის რაიონში არსებული პრობლემების საძირკველში დევს. დიდი ხანია დებატები მიდის ამ ხალხის სტატუსზე, მათ შორის, რა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებით უნდა სარგებლობდნენ აფხაზეთის შიგნით. აფხაზეთის ხელმძღვანელობა ნაკლებად ინტეგრაციულ მიდგომას უჭერს მხარს“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საჭიროების პრინციპი აპოლიტიკურ მიდგომას მოითხოვს აფხაზეთის შიგნით მათი სტატუსის განსაზღვრისას, რამაც სრულად უნდა გამორიცხოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და ეს ხალხი საკუთრების უფლებითა და გადაადგილების თავისუფლებით უნდა უზრუნველყოს. 

„გადაადგილების თავისუფლება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ის, რომ გალის მაცხოვრებლებს საბუთები არ აქვთ, სერიოზულ გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, კონფლიქტის გამყოფი ხაზი გადაკვეთონ, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა გალში ცხოვრებისთვის. გალის მაცხოვრებლები, რომლებიც ომის შემდეგ დაბრუნდნენ, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი საბუთებით. არც ერთი გამშვები პუნქტი არ უნდა დაიხუროს და მათი რაოდენობა არ უნდა შემცირდეს. ნაბაკევში და ოტობაიაში მდებარე ორი გამშვები პუნქტი, რომელიც 2017 წლის მარტში დაიხურა, კვლავ უნდა გაიხსნას ყველასთვის“, - ამბობენ ანგარიშის ავტორები. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ყოვლისმომცველ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს სოხუმს. 

„გადაუჭრელი კონფლიქტი სერიოზულ გავლენას ახდენს აფხაზეთში მაცხოვრებელ პირებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით, ასევე იმ პირებზე, ვინც იძულებით გადაადგილებული გახდა კონფლიქტის შედეგად. სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს ჰუმანიტარულ შედეგებს დიალოგის დამყარების სამომავლო ძალისხმევის ფარგლებში. ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ზოგიერთი პრობლემები შეიძლება განიხილოს და გადაიჭრას კიდეც ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ლოდინის გარეშეც. ამ კონტექსტში ყველა მოგებული დარჩებოდა აფხაზეთში დამატებითი საერთაშორისო ვიზიტებისგან“, - ნათქვამია ანგარიშში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge