Powered by Jasper Roberts - Blog

13:31 16.08.2017
როგორ მოვამზადოთ ყველაზე ხრაშუნა და გემრიელი კიტრის მჟავე

ასეთი წესით მომზადებულ მწნილს სტერილიზაცია არ სჭირდება და ჩვეულებრივ ინახება ზამთრისთვის. ჩვენ წარმოგიდგენთ პროპორციებს ლიტრიანი ქილისთვის. საჭიროების შემთხვევაში პროპორციებს შეცვლით ქილის ტევადობისა და გემოვნების შესაბამისად. მაგალითად სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მწვანილები, ნიორი ან წიწაკა გამოიყენოთ მეტი ან ნაკლები. კიტრთან ერთად ჩადოთ პომიდორიც, დაუმატოთ სტაფილო ან ბულგარული წიწაკა. რაც შეეხება მარილს და ლიმონმჟავას, მის რაოდენობას ზრდით ჭურჭლის მოცულობის შესაბამისად - ორლიტრიან ქილაზე 2 ს/კ მარილი და 1/2 ჩ/კ ლიმონმჟავა, სამლიტრიან ქილაზე 3 ს/კ მარილი და 1 ჩ/კ ლიმონმჟავა და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ამ რეცეპტის მიხედვით ცალკე მარილწყალი არ მზადდება, მარილს და ლიმონმჟავას მდუღარე წყლის მეორედ დასხმამდე ათავსებთ პირდაპირ ქილაში და შემდეგ ასხამთ წყალს.

 

მასალა ლიტრიანი ქილისთვის

კიტრი
კამა (აყვავებული) - 3-4 ღერი
ნიახური - 5-6 ღერი
ოხრახუში -5-6 ღერი
ტარხუნა - 2-3 ღერი
ხახვი - 2-3 ნაჭერი ნახევარრგოლებად დაჭრილი
ნიორი - 5-6 კბილი
დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
ალუბლის ფოთლები - 4-5 ცალი
წიწაკა გემოვნებით
ლიმონის მჟავა - 1/3 ჩ/კ
მარილი - 1 ს/კ (თავმოუბმელი)
შაქარი - 1 ჩ/კ

მომზადება

კარგად გარეცხილი პროდუქტი ქილაში ჩავალაგოთ

შემდეგი თანმიმდევრობით: ძირზე დავაფინოთ კამა, ნიახური, ტარხუნა, რამდენიმე კბილი ნიორი, ხახვის ნაჭრები, დაფნა, ალუბლის ფოთლები, წიწაკა, ზემოდან დავაწყოთ კიტრი, თავზე ისევ დავაფინოთ მწვანილები. ქილაში ჩავასხათ ანადუღარი მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ წყალი გადავაქციოთ, ქილაში კი ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ლიმონმჟავა (სწორედ მისი მეშვეობით მწნილი გამოდის ხრაშუნა და არ რბილდება), თავიდან დავასხათ მდუღარე და მაშინვე მოვხუფოთ ან დავახუროთ ხრახნიანი ხუფი. თუ დამჟავება გვეჩქარება, შეეგვიძლია დავამატოთ 1 ლიტრიან ჭურჭელზე 1 სურის კოვზი ძმარი. ქილა ამოვაბრუნოთ და შევფუთოთ თბილად გაციებამდე. მწნილი მზად იქნება 3-4 დღეში. გემრიელად მიირთვით!
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge