Powered by Jasper Roberts - Blog

11:56 09.08.2017
ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება

ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება. 



შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. 



გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ასევე დაზიანებები ჰქონდა ორივე თვალის არეში.



ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დასკვნა 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, თუმცა ამ დროისათვის არსებული ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ახალგაზრდების გარდაცვალება ე.წ „ბიოს“ მოხმარებას გამოეწვია.



ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



გარდაცვლილები წუხელ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge