Powered by Jasper Roberts - Blog

17:36 07.08.2017
„დასავლეთი არაერთხელ აფრთხილებდა სააკაშვლს მოსალოდნელ საფრთხეზე“- 9 წელი აგვისტოს ომიდან

„7 აგვისტოს საქართველო იმ პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელმაც წარამარა თავში წათაქებები ვეღარ აიტანა და ვიღაც მასზე ასაკოვან მუტრუკს შეუბრუნა ხელი..."რონალდ ასმუსი -„მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“

 

2008 წლის, აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა - 2 232, აქედან 1045 სამხედრო მოსამსახურე.

 

2008 წლის ომმა საქართველოს 26 000-მდე დევნილი შემატა. 

 

საქართველო-რუსეთის ომიდან 9 წელი გავიდა...  თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? შეეძლო თუ არა დასავლთს შეეჩერებინა რუსეთი? თუკი დღესდღეობით ისევ ნატოში გაწევრიანების კანდიდატები ვართ, რა აზრი  (მნიშვნელობა) ჰქონდა 2008 წლის ომს რუსეთისთვის? რა უნდა ეღონა ქვეყნის პრეზიდენტს?

 

ექსპერტი ევროპის საკითხებში, რონალდ ასმუსი საკუთარ წიგნში - „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ წერს, რომ “თვით უახლოესმა მოკავშირემ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, როცა რუსეთის ქმედებებს „გადამეტებული“  უწოდა, იმავდროულად, სააკაშვილის ეს ნაბიჯიც“შეცდომად“ მონათლა. ზოგმა ამაში საქართველოს პრეზიდენტის ფიცხი და ფეთქებადი ხასიათის დადასტურება და იმის გამართლებაც დაინახა, თუ რატომ იკავებდა დასავლეთი თავს მისი სრული მხარადჭერისგან  - რათა თავადაც არ აღმოჩენილიყო რუსეთთან ასე ჰარიჰარად კონფლიქტში ჩართული.


დასავლეთში ბევრს მიაჩნდა, რომ სააკაშვილი უბრალოდ მოთმინებით უნდა აღჭურვილიყო და რუსეთის მიერ გაკეთებულ პირველ სვლას დალოდებოდა. ამ სვლის შედეგებით მთელი მსოფლიოსთის დაენახვებინა მოსკოვის ძალადობა და საპასუხო ქმედებების განხორციელებაც უკვე დასავლეთისთვის მიენდო.“


ვინ დაუშვა შეცდომები? რა ისწავლა საქართველომ, რუსეთმა და  ზოგადად დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს გამოცდილებიდან? ამ თემებზე „ჯორიან თაიმსს“ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ მაისია ესაუბრა.

 

 

- აგვისტოს ომის მიზეზი, - როგორია თქვენეული შეფასება?


- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მიზეზების ანალიზისას, შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიტიკური კვლევის მეთოდი, რომელსაც ეწოდება პოლიტიკური ანალიზის დონე. ამ მეთოდის გამოყენებისას, ანალიტიკოსები იყენებენ ე.წ „სისტემურ მიდგომას“, რომელიც, მიესადაგება სამ საფეხურიანი კვლევის პარამეტრს. 

 

არსებობს სამი დონე: საერთაშორისო, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ინდივიდუალური. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება მოხდეს ომის გამომწვევი მიზეზების გაანალიზების მცდელობა. აღნიშნული კვლევის დონეზე განვიხილოთ მხოლოდ ინდივიდუალური ანალიზის დონე, რადგანაც, ქვემოთ-გაცემულ კითხვებში, ასევე არის ეროვნულ და საერთაშორისო დონეების ანალიზიც. ამიტომაც, უმჯობესია აქ განვიხილოთ მხოლოდ ეს დონე:

 

ინდივიდუალური ანალიზის დონე:  აქ მოიაზრება კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების და პერსონალიების ბრალეულობა ომის დაწყების კუთხით, რომლის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ხაზი გაესვას გარემოებას ამ დონეზე. ომის დაწყებას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სამი ავტოკრატის - კოკოითის, სააკაშვილის და პუტინის“ ომი, ანუ მხედველობაშია სამი ავტორიტარული ლიდერის მიერ დაწყებული ომი, რომელიც, შედიოდა მათ პერსონალურ, ეგოცენტრისტულ ინტერესებში. 

 

დავიწყოთ ედუარდ კოკოითით, რადგანაც, ომის პროვოცირების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ოსი სეპარატისების მხრიდან ინტენსიური დაბომბვების დაწყება და განხორციელება, რომელსაც წინ უწყოდა ქალაქ ცხინვალიდან მშვიდობინი მოსახლეობის გეგმიური გაყვანა და 2008 წლის 3 აგვისტოს, ცხინვალში, სპეციალური მისიით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი, მათ შორის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ჩათვლით, საიდუმლო შეხვედრები ედუარდ კოკოითთან და ამავე დროს, უკვე 6 აგვისტოს, ედუარდ კოკოითის ცხინვალიდან გაუჩინარება.  

 

კოკოითს ომის პროვოცირებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, რომელიც, უკავშირდებოდა მის ფიზიკურ გადარჩენას. საქმე ეხება იმას, რომ ედუარდ კოკითს 2008 წლის  დეკებერში გასდიოდა მისი ე.წ. „საპრეზიდენტო“ ვადა და მას ელოდა ციხე, რადგანაც, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს აღძრული ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე 1 მილიარდი რუსული რუბლის მითვისების გამო. ამას გარდა, მისი ავტორიტატული მმართველობისას, მას გაუჩნდა უკვე მოსისხლე მტერი და ამიტომაც, ომის გაჩაღება მისთვის იყო ერთადერთი გადარჩენის მიზეზი, რაც ომის შემდეგ დადასტურდა. 

 

კოკოითი ომის შემდეგ ლამის როგორც „ფენიქსი“ ,ისე აღგდა პოლიტიკურ ავანსცენაზე და ბოლო ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის მიღებაში პრეტენზიაც კი გაუჩნდა. რაც შეეხება სააკაშვილს, მას მოტივაციური ფონი არანაკლებ ჰქონდა, ვიდრე - კოკოითს, რადგანაც, მას უკვე პრობლემები შეექმნა შიდა-პოლიტიკური მართვის დონეზე - არალეგიტიმური მეორე გაპრეზიდენტება და უმდაბლესი სალეგიტიმაციო რეინტინგი (4% თავხედური გაყალბება) და პოლიტიკური ოპოზიციის მიერ, ძლიერი საპროტესტო ტალღის აგორება. აღსანიშნავია პრობლემების გაჩენა დასავლეთთან, განსაკუთრებით იმ დროისთვის, აშშ-ს ბარაქ ობამას ახალი ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუარესება და „ტერიტორიების დამბრუნებლის“ როლში საკუთარი იმიჯის განმტკიცება, ასევე, საკუთარი ავტორიტარული მმართველობის განახგრძლივება. ამას წინ უძღოდა საზოგადოების მილიტარიზაციის პროცესი - 2008 წელს ყველაზე მაღალი თავდაცვითი ხარჯები (საზოგადოებრივი ერთიანი პროდუქტის 8-9%), მასობრივად დამრტყმელი სახის შეიარაღების შესყიდვის გაზრდა, სამხედრო რიტორიკის ზრდა და პიარი ქვეყბნის მთელი მასშტაბებით და რაც მთავარაი უკანონო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ აღდგენა და მის სათავეში მოცარული და აზარტული თამაშების (ზოგიერთი საინფორმაციო წყაროების მონაცემებით) მოყვარული დიმიტრი სანაკოევის დანიშვნა და ამ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის შემადგენლობაში ისეთი ტერიტორიების შეყვანა, რომელიც, მანამდე საბჭოთა კავშირის ეპოქაში არც კი შედიოდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. 

 

სააკაშვილს სურდა ცხინვალის რეგიონში გადაეთამაშებინა ე.წ. „კვირპოსიზაციის“ ვარიანტი და შეექმნა ახალი მოდელი - „ორი ერი - ერთი პოლიტიკური ერთეული“, ქართული და ოსური ტერიტორიები, სადაც ქალაქი ცხინვალი უნდა ყოფილიყო ე.წ. „ქართული სამხრეთ ოსური“ ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი (ამიტომაც იყო, რომ სააკაშვილის მიერ უკვე 2008 წლის 7 აგვისტოს, საღამოს 23.00 საათზე ,სატელევიზიო მიმართვისას გამოცხადებული საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის მთავარ მიზანს, სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით, წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ ქ. ცხინვალის და მის ირგვლის არსებული ტერიტორიების დაკავება). ამავე დროს, სააკაშვილის რეჟიმის მესვეურებისთვის ომი იქნებოდა ელიტარული კორუფციის პირობებში მოპოვებული არაკანონიერი თანხების ჩამოწერის საშუალებაც. 

 

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისთვის, აღნიშნული ომი იყო ასევე კარგი საბაბი, განემტკიცებინა საკუთარი რეიტინგი მოსახლეობაში, როგორც რუსული ინტერესების დამცველის (აგვისტოს ომის შემდეგ მისი რეიტინგი გაიზარდა კიდევაც) და რუსეთის მიერ გეოპოლიტიკური კვანძის გახნსა და გლობალური დონის ჰეგემონიისკენ სწრაფვა, რაც მალე განხორციელდა ომის შედეგად. ასე რომ, „სამი ავტოკრატის ომის“ ჰოპოთეზას გააჩნია საკმაოდ სერიოზული საფუძველი.   

 

- ზოგადად რომ შეაფასოთ ვითარება - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით როგორ მდგომარეობაა საქართველოსა და რუსეთს შორის, ომიდან 9 წლის შემდეგ? 

 

- დღევანდელ დღეს, ანუ რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლის გასვლის შემდეგ, მდგომარეობა არის ისეთივე, როგორიც ეს არის მაგალითად, კორეის ნახევარკუნძულზე, სადაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ომის განახლების რეალური სცენარის განვითარება და სადაც ორი ქვეყანა არის ერთმანეთთან საომარ ვითარებაში. ასეთივე მდგომარეობაა საქართველო და რუსეთის ფედერაციას შორის, ორივე ქვეყანა არის საომარ ვითარებაში და არსებობს მხოლოდ და მხოლდ ერთი სამართლებრივი დოკუმენტი - სააკაშვილი-სარკოზი-მედვედევის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც, უსინდისოდ და თავხედურად ილახება რუსეთის მხრიდან და არსებობს მხოლოდ ევროკავშირის სამხედრო მონიტორინგის მისია, რომელსაც ევალება აღნიშნული შეთანხმების გაკონტროლება. ამ ეტაპზე, გეოსტრატეგიული ვითარება საქართველოს კონტექსტში არის ძალიან მყიფე და მოწყვლადი, სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების შედეგად. 

 

- დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს ომის თავიდან აცილება?

 

- რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, რაც უკავშირდება სააკაშვილის მიერ ხისტ ავტორიტარულ რეჟიმს და მის ფარგლებში მოქმედ უვიც და არაპროფესიონალ სახელმწიფო მოხეელებს, რომლებიც იყვნენ მხოლოდ სააკაშვილის ლაქიები და ცდილობდნენ მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ესიამოვნებინათ. მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმის მესვეურებს, რომ ჰქონოდათ ძლიერი სტრატეგიული დონის ანალიტიკური სტრუქტურები და კარგად შეეფესაბინათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო და ამავე დროს კარგად შეესწავლათ და გაეანალიზებინათ რუსეთის ფედერაციის მაშინდელი ხელისუფლების ქმედებანი და რუსეთში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, სააკაშვილის რეჟიმი ვერ წამოეგებოდა პუტინის მიერ დაგებულ ხაფანგში. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იკვეთება, რომ სააკაშვილს რომ სცოდნოდა, მას ასეთი ხაფანგი ელოდა წინ, იგი მაინც წავიდოდა ამაზე - როგორც ბუნებით ავანტიურისტი პოლიტიკოსი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და ფიქრობს.  

 

- შეეძლო თუ არა დასავლთს შეეჩერებინა რუსეთი და ომი არ დაწყებულიყო?

 

- რთული კითხვაა, დასავლეთს უფრო ნათელი და ზუსტი წარმოდგენა ჰქონდა თუ რა ხდებოდა ამ დროს კავკასიის რეგიონში და რამდენად რთული და სახიფათო გეოსტრატეგიული ვითარება შეიქმნა საქართველოს ირგვლივ.

 

დასავლეთი არაერთხელ აფრთხილებდა ამ მოსალოდნელ საფრთხეზე სააკაშვილს და მის კამარილიას. ეს იყო თუნდაც ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის - კონდლოზა რაისის ოფიციალირუი ვიზიტი საქართველოში, იმავე წლის აგვისტოს თვეში, გერმანელი მაღალი რანგის დიპლომატის  - დიტერ ბოდენის ვიზიტი თბილისში და მისი საინტერესო წინადადებები კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ნატოს ოფიციალური ხელმძღვანელობის  გაფრთხილებები სააკაშვილის მიმართ, -  არ წამოგებულიყო პროვოკაციებზე, -  მაგრამ უშედეგოდ. არსებობს ცნობილი ანდაზა: „სულელი, აფრიკაშიც სულელი იქნება“ და ისეთი თვითდაჯერებული იდიოტის და მანიაკის გადარწმუნება, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი, ეს უშედეგო მცდელობა იყო. ამას გარდა, დასავლეთის ზოგიერთი რადიკალ-ლიბერტარიანული დაჯგუფების წარმომადგენლები არასწორ წარმოდგენებს უქმნიდნენ სააკაშვილს და ამით იგი კარგად ხეირობდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

 

 

რამდენად სწორ გადაწყვეტილებებეს იღებდა მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს მძიმე დღეებში?


- საქართველოს ავტოკრატი პრეზიდენტი - სააკაშვილი სრულად არაადექვატური  და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყო. ეს მისი ბიჰევიორიზმითაც გამოიხატებოდა - ბრიტანული ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, საკუთარი ჰალსტუხის ღეჭვა და საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის - კუშნერის სამარცხვინოდ მიტოვება გორის დათვალიერების დროს,  ოთხით ფორთხვა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე... ასეთი მანიაკი და ნარკოტიკული საშუალებების ქვეშ მყოფი სუბიექტის რაიმე სახის გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მეტი არაფერი. ამიტომაც, აღნიშნულის თაობაზე სერიოზულად საუბარი, ალბათ წყლის ნაყვაა.  

 

- რა გაკვეთილები გამოიკვეთა 2008  წლის გამოცდილებიდან - რა ისწავლა საქართველომ, რუსეთმა და  ზოგადად დასავლეთმა?

 

- ამ  ომის შედეგად, ყველა მონაწილე მხარემ  შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. მაგალითად, რუსეთმა დაიწყო მასობრივი ტემპებით საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და სამხედრო სტრატეგიის აგება ომის შედეგად გამოტანილი გაკვეთილებიდან, რის შედეგადაც, რუსეთი სამწუხაროდ გადაიქცა გლობალური გავლენის გეოპოლიტიკურ ცენტრად და თუკი აგვისტოს ომამდე, მას ჰქონდა პრეტენზია ყოფილიყო რეგიონული დონის სუპერ-სახელმწიფო, უკვე ომის შემდეგ, მას გაუჩნდა გლობალური მასშტაბის გეოსტრატეგიული ამბიციები და გადაიქცა „ახალ ცივ ომში“, რომელსაც, ამჟამად რუსეთი აწარმოებს დასავლეთთან და პირველ რიგში, აშშ-თან. 

 

ამას გარდა, რუსეთმა ომის შედეგად მიიღო მაღალი დონის დასავლური სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც ასე უპირობოდ იქნა დატოვებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. მათ შორის, მაღალი გამტარობის და უნიკალური თანამედროვე კავშირგაბმულობის ტექნონოლიგიებით აღჭურვილი ამერიკული „ჰამერების“ ოთხი საშტაბო მანქანა, რომელთაგანაც,  მხოლოდ ორი მათგანი დაუბრუნა რუსეთმა აშშ-ს. ამავე დროს, რუსეთმა, სამხედრო ალაფის სახით, ხელში ჩაიგდო და ამით ამოავსო ის სერიოზული დანაკარგი, რომელიც მას გააჩნდა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავების/დრონების სახით და ომის შემდეგ მან შეძლო შეემუშავებინა საკუთარი დრონების მოდერნიზბული სისტემები და ამით აღმოფხვრა ის ჩამორჩენა, რომელიც, მას ჰქონდა ნატოს წევრ-ქვეყნების და კოალიციური ძალების სამხედრო პოტენციალის კუთხით. რუსეთმა ეს დრონები გამოიყენა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის განხორციელებისას. დასავლეთმაც გამოიტანა შესაბამისი დასკვნები და უკვე უკრაინის კრიზისის პერიოდში გასცა ადექვატური პასუხი რუსეთის აგრესიას და დახვდა მას უფრო მომზადებულად, ვიდრე ეს მოხდებოდა რუსეთ-საქართველოს ომის არ არსებობის შემთხვევაში. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება  ვერ მიიღო საქართველომ და ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები აგვისტოს ომის შედეგად.

 

- თუკი დღესდღეობით ისევ ნატოში გაწევრიანების კანდიდატები ვართ, რა აზრი  (მნიშვნელობა) ჰქონდა 2008 წლის ომს რუსეთისთვის?

 

- რუსეთისთვის ომს ჰქონდა უფრო მეტად გეოსრატეგიული მნიშვნელობა და გარკვეულწილად მისთვის მომგებიანი იყო ამ ომის საქართველოსთვის თავს მოხვევა. ამას ჰქონდა რამოდენიმე მიზეზი:

1) რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარინობა გამოსცადა რეალური საბრძოლოს ვითარებაში და შესაბამისად, გამოიტანა სათანადო დასკვნები;

2) რუსეთმა ასევე, გამოსცადა რეალურ საბრძოლო პირობებში საკუთარი სამხედრო შეიარაღება, მათ შორის, თანამედროვე ტიპის - მაგალითად, მოკლე სიშორის სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ და ასეთივე სახის სისტემა „ტოჩკა-უ“;

3) რუსეთმა დასავლეთს უჩვენა , რომ მას შეეძლო გეოპოლიტიკურ ვა-ბანკზე წასვლა საკუთარი ეროვნული ინტერსების დაცვის მიზნით და უჩვენა ამ ინტერესების დაცვის საზღვარი;

4) რუსეთმა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო შეაჩერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, თუმცა, ამის ფონზე კიდევ უფრო განვითარდა საქართველოს როლი და სტატუსი ნატოსთან ურთიერთობებში, შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია და საქართველო გახდა ალიანსისთვის სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა, ამის იქით საქმე არ წასულა;

5) რუსეთმა ამ ომის შემდეგ კიდევ უფრო განამტკიცა საკუთარუი პოზიციები რეგიონულ დონეებზე, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში (უფრო ინტენსიურად დაიწყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პროექტის განხორციელება 2010 წლის შემდეგ, რაც მანამდე მხოლოდ ჰიმერას წარმოადგენდა) და ამავე დროს დაიწყო სამხედრო ექსპანსია ახლო აღმოსავლეთში 2014 წლიდან მოყოლებული, რომელიც, სწორედ საქართველოსთან ომის შედეგად გახდა შესაძლებელი.

 

- რუსეთმა საქართველოს შემდეგ უკრაინას შეუტია და ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა. ამით რისი თქმა უნდოდა დასავლეთისთვის?

 

რუსეთმა ამით ხაზი გაუსვა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეს ანუ ევრაზიის სივრცეს ის არ დასთმობდა არავითარ შემთხვევაში, მათ შორის კონვენციური (საქართველო, 2008 წელი) და ჰიბრიდული (უკრაინა, 2014 წელი) ომების გამოყენების მეშვეობით.  ყირიმის ნახევრკუნძულის ოკუპაციით და შემდეგ მისი უცერემონიო ანექსიით. რუსეთმა დაიწყო დასავლეთის წინააღმდეგ „ახლო ცივი ომი“ და მას ჰქონდა ილუზია, რომ მას ისეთივე სახით შერჩებოდა ასეთი გეოპოლიტიკური თავხედური საქციელი, როგორც ეს მოხდა 2008 წლის საქართველოსთან ომის შედეგად, როდესაც, საქართველოს ერთგვარი გეოპოლიტიკური კომპენსაციის სახით დასავლეთთმა გამოუყო 4 მლრდ.$, რომელიც, კორუფციული სქემების მეშვეობით მიითვისა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა.  

 

- ექსპერტების მოსაზრებით, ამ ომში არამარტო საქართველო, არამედ, აშშ-ც დამარცხდა... რას ფიქრობთ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით?

 

პრინციპში ამ მოსაზრებას გააჩნია არსებობის აზრი, აღნიშნული თვით მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა  - დიმიტრი მედვედევმაც აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ 2008 წელს რუსეთი ეომებოდა არა საქართველოს, არამედ აშშ-ს. ეს უშუალოდ მისი სიტყვებია. ფაქტიურად საქართველოს მაშინდელი შეირაღებული ძალები აგებული იყო ამერიკული სამხედრო მანერის საფუძველზე და იმართებოდა ამერიკული სამხედრო წესდების მოდელის ანალოგიურად, თვით უმაღლესი სამხედრო სტრატეგიული მმართვის სისტემა იყო კოპირებული ამერიკული მოდელისგან - გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი. ასე რომ, საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმოადგენდნენ ამერიკულ მინი-არმიის მოდელს და ასეთი არმიის დამარცხება საბრძოლო პირობებში, რუსი სამხედრო სტრატეგების მხრიდან იყო სწორედ ამერიკელებთან შერკინება, წმინდა გროსტრატეგიულ დონეზე.

 

- დღევანდელი მდგომარეობით და ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, რამდენად არის შესაძლებელი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება?

 

- დღევანდელი მდგონარეობით, სამწუხაროდ, მოკლევადიან და საშუალოვადიან მდგომარეობით, პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის პირობებშიც კი ფაქტიურდ შეუძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნება საქართველოს სუვერენიტეტის ქვეშ და პირიქით, ეს შანსები დღითიდღე კიდევ უფრო კლებულობს. მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი იქნება მის რუსული თანამედროვე პოლიტიკური „ვერტიკალის“ სათავეში, ეს მხოლოდ იქნება გეოპოლიტიკური ოცნება, მით უფრო იმის ფონზე, რომ ვლადიმერ პუტინი კვლავ აპირებს მეოთხედ გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი და თანაც ექვსი წლით  - 2024 წლამდე, სულ მცირე. 

 

- ,,მცოცავი ოკუპაციისა” და ახლანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ომის გამეორების საფრთხე?

 

„მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში და ახალნდელი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გლობალურ დონეზე - გაქანებული „ცივი ომი“ რუსეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც ვრცელდება ასევე რუსეთსა და ევროკავშირის დონეზეც, რეგიონულ დონეზე კი საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების ჩიხის პირობებში (აღნიშნული ახალი ტერმინია, რომლის ერთ-ერთ ავტორსაც მე წარმოვადგენ და ის ნიშნავს შემდეგს: „ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი - ქვეყნის პოლიტიკური მართვის ისეთი მდგომარეობა, რომლის შედეგადაც, ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ღებულობს ქვეყნის ხელმძღვანელობა, კიდევ უფრო ზრდის საფრთხეების მასშტაბებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც“), 

 

პირდაპირი სამხედრო აგრესიის გამეორება არცთუ ისე მაღალია, მაგრამ ჰიბირდული ომის წარმოება კი არის გარდაუვალი და მას უკვე ახორციელებს ოფიციალური კრემლი საქართველოს წინააღმდეგ და მის ფარგლებში აგრესორი და ოკუპანტი ცდილობს „ხისტი ძალის“ ელემენტების გამოყენებით ხელში ჩაიგდოს საქართვეოლოს სტრატეგიული ობიექტები და საკომუნიკაციო ცენტრები. 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge