Powered by Jasper Roberts - Blog

17:40 26.07.2017
თინა მახარაძე – ქართული გვარი ნიუ იორკის კინოსკოლის ჩარიცხულთა სიაში

თინა მახარაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. როგორც თავად ამბობს, ინტუიციის თავხედობის, სიყვარულისა და ამბიციის გარდა  ჯერ არაფერი გააჩნია, თუმცა 20 აგვისტოდან  ნიუ იორკის უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე იწყებს სწავლას. ეს ის უნივერსიტეტია, რომლის მრჩეველთა საბჭოშიც არიან ისეთი რეჟისორები როგორებიც არიან – დარენ არანოსვსკი და სტივენ სოდერბერგი.

 

თინა ამერიკაში დიდი მოლოდინით მიდის, უნდა რომ ის კინო ისწავლოს, რომელიც არ იცის. აქვს დიდი გეგმებიც. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ნეთვორქინგს – კავშირებს ასახელებს. მისი აზრით, დღეს კავშირებს ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ცოდნასა და განათლებას. მისი თქმით, ამ კავშირების შექმნასა და ჩამოყალიბებში ამერიკული უნივერსიტეტი დაეხმარება:

 

“იმ უნივერსიტეტში, რომლის მრჩეველთა საბჭოში არიან ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან არანოვსკი და სოდერბერგი, ეს უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შენ სწორ ხალხში აღმოჩნდე და მარტო არ იყო. გუნდის ნაწილი იყო ან შენ გარშემო შექმნა გუნდი,”- ამბობს თინა მახარაძე.

 

თინა მახარაძე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატია და ცენტრის დაფინანსებით 3 წლის განმავლობაში   კინოს ყველა დეტალს შეისაქვლის.  ამბობს, რომ  ევროპული კინო  უყვარს, თუმცა ამერიკა ჯიმ ჯარმუშის ქვეყანაა და ამერიკული კინოსკოლისგანაც დამოუკიდებელი კინოს ესთეტიკას მიიღებს.

 

“კინოს სწავლა ყოველთვის მინდოდა, მითუმეტეს ნიუ იორკში. ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, რომ საქართველოში მუდმივად დატვირთული ვიყავი, მქონდა შემოთავაზებები და ეს ფინანსური უზრუნველყოფა და სტაბილურობა ჩემთვის ერთგვარი დამაკავებელი ფაქტორი იყო. ეს პროექტები იყო ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო. ამიტომ გაიწელა ჩემი სწავლის პროცესიც. არასდროს გამიგზავნია საბუთები საზღვარგარეთ, მაგრამ ჩემმა არც თუ ისე პატარა სამსახიობო გამოცდილებამ  იმ რეალობის წინაშე დამაყენა, რომ ხომ არ სჯობს  მაგისტრატურა უკვე რეჟისურაზე გავაგრძელო. ეს ყოველთვის მინდოდა, არანაკლებ, ვიდრე მსახიობობა. სანამ ჩემს უნივერსიტეტში ჩაბარებდი, პატარა მოკვლევა ჩავატარე. თავიდან სასურველი იყო NY columbia university, რომლის გადასახადიც წელიწადში 90 000 დოლარია. ამხელა სახსრების მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელი და უტოპიური იყო ჩემთვის და თან ამ უცებ აღმოჩენილი ნიუ-იორკ სითი უნივერსიტეტის კინო სკოლა ვამჯობინე. ესაა ერთადერთი სკოლა ამერიკაში – საჯარო უნივერსიტეტი – რომელიც განთავსებულია მოქმედ კინოსტუდიებში. ასე რომ,  სეტები და გადასაღები მოედნები იქნება ჩემი აუდიტორიები,”  – ამბობს თინა მახარაძე “არტნიუსთან” და დასძენს, რომ   ეს სკოლა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწავლა იქნება მისთვის საყვარელი კინოს მიმართულებით.

 

“ეს არაა კლასიკური ჰოლივუდური ბრჭყვიალა ბლოკბასტერების უნვიერსიტეტი, სადაც სპეციფიკური ჭრილით მომცემენ განათლებას, არამედ ესაა დამოუკიდებელი კინოს ესტეტიკა”,- განმარტავს “არტნიუსთან” ინტერვიუში თინა მახარაძე.

 

  •  “არტნიუსი” დაინტერესდა, როგორ აფასებს თინა მახარაძე ქართულ კინობაზარს, რა ეტაპზეა დღეს ქართული კინოინდუსტრია და როგორც მომვალი რეჟისორი, რა პრობლემებსა და განვითარების გზებს ხედავს ის.

 

– იმ ფონზე, რომ  საქართველო, როგორც ქვეყანა, თანდათან უფროდაუფრო ტრენდული ხდება – როგორც ამბობენ, ჩვენი ქვეყანა hidden gem-ია, ანუ დამალულ საუნჯეს დავარქმევდი, რომელიც ახლა იწყებს გამოჩენას საერთაშორისო მზის ქვეშ და ძალიან ბევრი სახეა მოცქერებული ჩვენკენ. აი ზუსტად ამიტომ, ქართული მოდა ხდება ბევრად უფრო ტრენდული, ვიდრე იყო. ასევეა ქართული კინოც.  რა თქმა უნდა, კინოპროდუქცია თანდათან იზრდება და ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები და პროცესები მიმდინარეობს. მე ახალი თაობის რეჟისორების დიდი იმედი მაქვს. ზედმეტად კრიტიკული და საზიზღარი ადამიანი ვარ პირველ რიგში  საკუთარი თავის მიმართ  და შესაბამისად, ყველაფრის მიმართ, მაგრამ გამოვარჩევდი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ნამუშევარს “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, რომელსაც ჩემი შეფასება არც სჭირდება. ძალიან დიდი გამოხმაურება და საინტერესო რეზონანსი მოჰყვა კანში, კინოფესტივალზე. როდესაც მესმის მსგავსი გამოხმაურება ჩემი მეგობარი რეჟისორებისგან, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან თავიანთ საქმეში, რა თქმა უნდა სასიამოვნოა.

 

– შენი აზრით, კარგ რეჟისორს რა გამოარჩევს, როგორი თვისება ან ხასიათი?


– მე მგონია, რომ რეჟისორისთვის გადამწყვეტი არის ყველასგან გამორჩეული ხედვა. ის საფოკუსო არეალი, სადაც მხოლოდ თვითონ ახერხებს მახვილების დასმას. მისი თვალი კონკრეტულ დეტალს ისე უნდა აღიქვამდეს, რომელიც მანამდე სხვებს არ შეუნიშნავს და არ დაუნახავს ისეთ ჭრილში, ისეთ განათებასა თუ გრადაციაში. და მეორე – ვნება. ეს სიტყვა ძალიან კომპლექსური ცნებაა, მაგრამ როცა რეჟისორთან მიმართებაში მოვიხსენიებ, ვგულისხმობ არანორმალურ, ზღვარგადასულ სიყარულს და მუდმივ ეიფორიას იმ საქმის მიმართ რასაც აკეთებს. რეჟისურა – ესაა ალბათ ყველაზე დიდი ინჟინერია, იმიტომ რომ უამრავი კომპონენტის ისე სტრუქტურიზაციას გულისხმობს, ისეთი რთული და ყველაფრისწამლეკავი სამუშაოა, რომ პირველ რიგში  ვნება და ხედვა სჭირდება.

 

– როგორ უდგები შემოქმედებას? რამდენად შეიძლება რომ კაპიტალისტურ სამყაროში შემოქმედება “არ გაიყიდოს “ და დაიკარგოს?


–  სტატისტიკა არაა ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ მგონია,  რომ სწორი კრეატორისგან შექმნილი გენიალური პროდუქტი მზის სხივის გარეშე არ რჩება ხოლმე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც აღმოუჩენლები არიან, მაგრამ ენერგიასაც მნიშვნელობა აქვს –  ვიღაცას დაყვება იღბლიანი ენერგია,  ვიღაცას – არა. მე იმედი მაქვს, რომ იღბლიანი ვიქნები…


– “რეჟისორი თინა” რას გაითვალისწინებს “მსახიობი თინასგან”?


– მე არ ვმიჯნავ ამ ორ პროფესიას ჩემ თავთან მიმართებაში. ეს არ ნიშნავს, რომ მსახიობობას თავს ვანებებ. პირიქით, ერთი მეორეს წყალს დაუსხამს და ძალიან ხშირად ვითამაშებ საკუთარ ფილმებში, მცირე როლს მაინც. ხშირად მე, როგორც მსახიობს ძალიან დიდი ძალისხმევა მაქვს დახარჯული კონკრეტული ეპიზოდისთვის და მაგალითად ტექნიკური გაუმართაობის ან რეჟისორის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ის მნიშვნელოვანი ბითები რომელსაც ვთვლიდი, რომ საინტერესოს ხდიდა ჩემს პერსონაჟს, მონტაჟის დროს იყო ამოღებული. მე, როგორც რეეჟისორი, ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ ასეთ შემთხვევბს. მსახიობი ჩემთვის იქნება ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი, მისი თითოეული მიმიკა და მანერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხებია მხატვრული სურათის შესაქმენლად.

 

– ხელოვნებათმცოდნეები ხშირად საუბრობენ, რომ ქართველი მსახიობები თეტრისთვის უკეთესად არიან მომზადებულები ვიდრე კინოსთვის, შენთვისაც ასეა?


– ასეა. 2007 წლიდან გადასაღებ მოედანზე ვარ.  ძირითადად პრობლემას წარმოადგენს ხოლმე ის, რომ როდესაც უფრო თეატრალური სკოლის მიმართულებით სწავლობენ სამსახიობო ოსტატობას, ამ დროს არ აქვთ კამერასთან პრაქტიკა და არ აქვთ საშუალება დააკვირდნენ თავს და საკუთარ ინტონაციას, თუ რამდენად არაორგანულად ჟღერს ის ეკრანზე. მე, 19 წლიდან ვმუშაობ კამერასთან და ჩემს ინტონაციაზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ახალი თაობა რამდენიმე თეატრშიც მყავს ნანახი, ძალიან კარგები არიან. თეატრშიც კი არ გჭრის ყურს მათი ინტონაცია. არსებობენ უნივერსალური მსახიობები, რომლებსაც არც სკოლამ, არანაირმა გარემოებამ არაფერი დააკლო. როგორ შეიძლება ვთქვათ რომ მსგავსმა განათლებამ  შეიძლება რამე დააკლოს ნინო კასრაძეს, რომელიც აბსოლუტური მოვლენაა ჩემთვის ყველა თვალსაზრისით. ნინო კასრაძე არის საერთაშორისო მასშტაბის და ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო არტისტი. აქ უფრო ნიჭზეა ბევრი დამოკიდებული, უფრო  აღზრდაზე და თვალსაწიერზე. თუ მსახიობი საკმარისად ნიჭიერი და სწორი აზროვნებისაა, ის აუცილებლად მიხვდება რა უნდა აიღოს კარგი თეატრალური უნივერსიტეტისგან და რა უნდა შეაკავოს და არ მიიღოს.

 

– რას ეძებ ცხოვრებაში, პიროვნული ან ფილოსოფიური თვალსაზრისით?


– მე ვამბობ ხოლმე, რომ არსდროს არავის წინაშე არ ვთვლი თავს ვალდებულად გარდა კაცობრიობისა, ეს ავტომატურად გულისხმობს იმას,  რომ ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად მინდა, არის ის, რომ შევქმნა რაღაც ისეთი, რაც კაცობრიობას მოუტანს სარგებელს, სიკეთეს და ადამიანებს მისცემს ინსპირაციას. მინდა, რომ ის, რასაც შევქმნი, იყოს შთამაგონებელი სხვებისთვის და მათაც მისცემს რაღაც იდეას და ბიძგს და ზურგის ქარს, რომ თვითონაც გააკეთონ რაიმე აღმაფრთოვანებბელი სხვებისთვის.

 

 

ინსპირაციისთვის, თინამ უკვე შექმნა ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “BOREDOM” –  მოწყენილობა, რომელიც კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატალოგში იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდა რეჟისორის ახალი  ფილმებისთვის კი ქართველ თუ უცხოელ მაყურებელს მოცდა მოუწევს.

ავტორ(ებ)ი : artnews.ge