Powered by Jasper Roberts - Blog

13:00 14.07.2017
15 ივლისს, ლაგოდეხის ბლუზის ფესტივალზე კოკა ცქიტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ბლუზის ფესტივალის ფარგლებში 15 ივლისს, 18 საათზე გაიმართება ახლახან გარდაცვლილი ქართველი ბლუზმენის, ცნობილი  მუსიკოსის, კომპოზიტორის კოკა ცქიტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ქართული ბლუზის განვითარებაში კოკას წვლილი მართლაც ფასდაუდებელია.  მან, როგორც მუსიკოსმა, ფეხი აიდგა „ბლუზ ეზოში“, სადაც გაიზარდნენ  უფროსი თაობის ბლუზმენები: თამაზ კაპანაძე (მაო), შოთიკო ძაგნიძე, თემურ ხინთიბიძე, მალხაზ კობერიძე, მისი ძმა და მეგობარი გია ძაგნიძე. 

 

1998 წელს საქართველოში შეიმნა კოკა ცქიტიშვილის მუსიკალური ბენდი Koka & T. Blues Mob, რომლის რეპერტუარი აერთიანებს ბლუზის, როკის, ჯაზის და სოულის მიმართულებებს. გამოშვებული აქვს 4 ალბომი. ფესტივალის ჩატარების იდეით გულანთებული კოკა შეურთდა ბლუზ ეზოელების გუნდს და ჩვეული მონდომებით შეუდგა საფესტივალო მზადებას, სამწუხაროდ,  არ დასცალდა.  ფესტივალმა დიდი დანაკლისი განიცადა, თუმცა როგორც მუსიკოსებს ჩვევიათ ეს საპატიო მისია განახორციელეს მისმა ბავშვობის მეგობრებმა:  ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ვიქტორ კერვალიშვილმა და გია ძაგნიძემ. მათივე ინიციატივით  ბლუზფესტივალის გახსნის დღეს ვეტერან ქართველ ბლუზმენებთან ერთად კოკა ცქიტიშვილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ბლუზის საპატიო მაგისტრის წოდება.  შეხვედრა, რომელიც კოკას ერთერთი ცნობილი ჰიტის სახელს ატარებს _Call me yours forever,  საქველმოქმედო ხასიათისაა და მასში მონაწილეობს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია კოკას სახელი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge