Powered by Jasper Roberts - Blog

16:36 11.07.2017
N11 დაწესებულებაში ქუჩის კალათბურთის მატჩი ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის გამართულ ქუჩის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ. სპორტულ ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი გიგა გაბელაია ესწრებოდა.



როგორც ”ჯორჯიან თაიმსს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მატჩის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს სერთიფიკატები და თასები გადასცეს. გარდა ამისა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ტელევიზორები, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთებიც გადასცა.



”სპორტული აქტივობები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად ხორციელდება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად”, - განმარტავენ სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროში.



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, დაწესებულებაში მსჯავრდებულებს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ სპორტის მიმართ. 



„აქ საუცხოო პირობები აქვთ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეულ ამ ბავშვს აქვს იმის შეგრძნება, რომ ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს გარკვეული პროფესიით, ცოდნით და უნარებით“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.



„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, არასრულწლოვნებთან მიმართებაში. მსგავსი ღონისძიებები დიდ სტიმულს აძლევს მათ, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge