Powered by Jasper Roberts - Blog

17:53 10.07.2017
UNESCO-მ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იუნესკომ გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა, თუმცა ბაგრატის ტაძარი ოფიციალურად არის ამოღებული იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან.


 

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის ძირითადი ნუსხიდან ამოღება იუნესკოში მისი ისტორიის დასასრული არ არის:

 

„ამით ბაგრატის ისტორია არ დასრულებულა იუნესკოსთან მიმართებაში, რადგან ჩვენ ვიწყებთ ისევ და ისევ იუნესკოს ექსპერტებთან ერთად ჩვენი გერმანელი და პოლონელი პარტნიორების დახმარებით ახალ ნომინაციაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის, ისტორიული ზონის ნომინაციის შემუშავებას. რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ბაგრატი ისევ იქნება წარმოდგენილი. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი რეპრეზენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების კონტექსტში მაინც არ დაიკარგოს და ამ სახით მაინც იყოს შენარჩუნებული“,- განაცხადა გიორგაძემ.

 

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი. დღეს კი იუნესკომ, გელათის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა, ბაგრატის ტაძარმა კი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაკარგული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების დაბრუნება ვერ შეძლო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge