Powered by Jasper Roberts - Blog

15:27 30.06.2017
როგორ მოვიქცეთ, ბედნიერების ჰორმონები რომ არ მოგვაკლდეს

როცა ბედნიერი ხარ, ირგვლივ თითქოს სითბოსა და სინათლეს ასხივებ. ეს შესანიშნავი მდგომარეობაა და ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის მენიუზე. ჩვენს განწყობილებას ჰორმონები მართავენ, მაგრამ ზოგჯერ, ენდოკრინული, ინფექციური თუ ვირუსული დაავადებების დროს, სტრესის გამო, მათი სინთეზი მუხრუჭდება. როგორ მოვიქცეთ, ბედნიერების ჰორმონები რომ არ მოგვაკლდეს? 

 

ვეძებოთ ისინი ნაცნობ პროდუქტებში!

 

სეროტონინი ზრდის კუნთების ტონუსს, სტრესისადმი გამძლეობას და, რა თქმა უნდა, კარგ განწყობილებასაც უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ ეს სასწაულმოქმედი ჰორმონი გაძლიერებულად წარმოიქმნას, მიირთვით ტრიპტოფანითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტი. 

 

ტკბილეული ძალზე სწრაფად აუმჯობესებს განწყობას, თუმცა მოკლე ხნით. ტრიპტოფანის შემცველ საკვებს კი უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს. ასეთია ყველი, კვერცხი, ლობიო, ხორცი, სოია, ხაჭო. განწყობის ასამაღლებლად შესანიშნავი საშუალებაა 1 ფინჯანი მუქი ჩაი ან ნატურალური ყავა. სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს ბ ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი. პირველი უხვად არის ღვიძლში, შვრიაში, ლუდის საფუარში, ნესვში, გოგრაში, ფორთოხალში, მეორე კი ბრინჯში, გარგარის ჩირში. ენდორფინები და ენცეფალინები ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს გვმატებენ. თუ კარგად დავნაყრდებით ბრინჯით, კარტოფილით, ბულგარული წიწაკით, ბანანით, ნუშითა და ზღვის პროდუქტებით, ეს ჰორმონები დიადი საქმეებისკენ გვიბიძგებენ. 

 

ნაყინი ცილებისა და ნახშირწყლების წყაროა, ანაყრებს და ძალ-ღონეს მატებს. გარდა ამისა, რძე და ნაღები, რომლისგანაც ნაყინს ამზადებენ, ნერვული სისტემის დამამშვიდებელ ნივთიერებას შეიცავს. რაც მთავარია, ნაყინი შეიცავს ამინმჟავა ლ-ტრიპტოფანს, რომელიც სწრაფად ამარცხებს უგუნებობასა და დეპრესიას.

 

ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ყავის მხოლოდ არომატიც კი სიამოვნების განცდას იწვევს და მხნეობას მატებს. ყავა ამცირებს მადას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ აქტივობას, საგრძნობლად ამაღლებს კონცენტრირების უნარს. 

 

შოკოლადი განწყობილებას რომ ამაღლებს, დიდი ხანია დამტკიცებულია. ის ბედნიერების ჰორმონის ყველაზე მდიდარი წყაროა. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე - სტრესის დროს შოკოლადის გამოყენება შესაძლოა ჩვევად იქცეს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდი დოზა გახდეს საჭირო. ასე რომ, ამ ნუგბარს მეტისმეტად ნუ მიეძალებით! თუ მუშაობის დროს დაღლილობა იგრძენით, მიირთვით ერთი ულუფა შავი შოკოლადი, ის ძალას შეგმატებთ. კერძს დაამატეთ წიწაკა. მისი გემო და განსაკუთრებული არომატი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამები განწყობილებას ვეღარ გაგიფუჭებთ. 

 

ახალი შთაბეჭდილებები გწყურიათ? მოაწყვეთ ეგზოტიკური საღამო. აანთეთ არომატული სანთლები, მოამზადეთ კარკადეს ჩაი. ჩართეთ შესაფერისი მუსიკა, ანდა, უბრალოდ, მოიწვიეთ მეგობრები და მოამზადეთ პუნში მარტივი რეცეპტით: ფინჯან ცხელ ჩაიში გააზავეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი და რომი, დაამატეთ შაქარი და ერთი ნაჭერი ლიმონი. ეს სასმელი მოდუნებაში დაგეხმარებათ, თუმცა სიფხიზლეს არ დაგაკარგვინებთ.

 

ანანასი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.

 

ოლეინის მჟავა, რომელსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი, ადამიანს ოპტიმისტურად განაწყობს და სიცოცხლის ხალისს მატებს. ექიმები დიდი ხანია გვირჩევენ, მადის მოსაგვრელად ჭამის წინ დავლიოთ 1 ჭიქა წითელი ღვინო - ის ეხმარება კუჭის წვენის გამოყოფას და ცილოვანი პროდუქტების (განსაკუთრებით - ხორცის) გადამუშავებას. აპერიტივის (მადის მომგვრელი სასმლის) მოდა ფრანგებმა დაამკვიდრეს და ის სულ უფრო პოპულარული ხდება. კიდევ ერთი ნიუანსი: აპერიტივი არ გულისხმობს აუცილებლად ალკოჰოლის გამოყენებას; ჭიქაში შეიძლება ესხას მინერალური წყალიც, ხილის წვენიც, უალკოჰოლო კოქტეილიც. პოპულარული ხდება ორთქლზე მომზადებული საკვებიც. ბოლო ხანს ამისთვის უამრავი ხელსაწყოც შეიქმნა. ასეთი კერძი სასარგებლოა: მასში მეტია ვიტამინები და საკვები ბოჭკო, ნაკლებია კანცეროგენი და ცხიმი, ბონუსად კი ჯანმრთელი საკვების ბუნებრივი გემოთიც ისიამოვნებთ.

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge