Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:10 28.06.2017
ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ,,გაჩუქებული“ 67 მილიონიანი ქონება და ,,საჩუქარი“, რომელზე დავაც დღემდე არ დასრულებულა

ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, 26 ივნიის სიუჟეტი გავიდა, რომელიც, ყოფილი ხელისუფლების დროს, ბიზნესმენების ქონების ჩამორთმევის საქმეს ეხებოდა. საუბარია 67 მილიონიან ქონებაზე, რომელიც, 2010 წელს, ღამით, არასამუშაო დღეს, აქციონერებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათმობინეს. დაზარალებული საწარმოს აუციონერები წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ  ცდილობენ.

 

როგორც ყოფილი მეწილეები აცხადებენ, საქმის განხილვა ჭიანურდება და სასამართლოს ამ საქმეზე არც ყოფილი მაღალჩინოსნები დაუკითხავს.

 

,,ერთ დღეში, ერთად 22 აქციონერი შეგვკრიბეს და მოხდა ამ ქონების ღამის პირველ საათზე გადაფორმება“ - აცხადებს ტელეკომპანია ,,იმედის“ სიუჟეტში ზურაბ სესკურია, რომელიც, ოცდაორი აუქციონერიდან ერთ-ერთია, ვინც 2010 წელს , ეკონომიკის სამინისტროში, ღამის საათებში დაიბარეს და უთხრეს, რომ 67 მილიონიანი ქონება სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცა. როგორც თავად იხსენებს, ,,თბილავიამშენი“, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესთა სფეროში აღმოჩნდა:

 

,,დაინტერესებული პირები გახლდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, - დაწყებული ყოფილი პრეზიდენტით, ადეიშვილით (ყოფილი იუსტიციის მინისტრი) ყოფილი თავდაცვის მინისტირით- ბაჩანა ახალაია და სხვა. იმ საღამოს განხორციელდა ზარი. დაუკავშირდნენ ჩემს მდივანს და უთხრეს, რომ შენი დირექტორი უნდა მოვიდეს ამა და ამ საათზე, ამა და ამ ადგილას, აქციების გადაცემასთან დაკავშირებით...“

 

სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი, ვისზეც აქციონერი საუბრობს, ვახტანგ სამხთუაშვილია. უწყებაში ის 2010 წელს, ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრობისას მუშაობდა. დღეს ის ,,ქრონიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ წილების გადაფორმების შესახებ არაფერი იცის:


,,არანაირი შეხება არ მქონია საერთოდ მაგ საქმესთან“- აცხადებს სამხთუაშვილი.


ჟურნალისტის შეკითხვაზე, - ,,2010 წლის 10 ივნისს,  ღამით, იმყოფებოდით თუ არა ეკონომიკის სამინისტროში?“ - ის იქ ყოფნას უარყოფს.

 

,,არ დაკითხულან ის მაღალჩინოსნები, ვინც, ამ პროცესში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესები აშკარად გამოკვეთილია“ - აცხადებს 22 აქციონერიდან 18-ის უფლებების დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი - მიშა ჯახუა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ისე, როგორც ყოფილი ხელისუფლების დროს, საქმის განხილვა ახლაც ჭიანურდება. ამ ეჭვს იურისტი სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე, განმხილველი მოსამართლის მოულოდნელად შეცვლა უჩენს. პროცესებში ჩართულია თბილისის ყოფილი პროკურორი - მაია მწარიაშვილიც:

 

,,ჩვენი ვარაუდი ამ საქმესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ ამ მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, ანალოგიურ საქმეზე მიიღო იმგვარი გადაწყვეტილება, როგორიც, არ აწყობთ რომ მიიღონ ამ საქმეზე. თუკი პროცესს თვალყურს მიადევნებთ, კარგად დაინახავთ ინტერეს-ჯგუფებს. მოწინააღმდეგე მხარე გახლავთ სახელმწიფო.“

 

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, - მიშა ჯახუამ ,,ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, -  ,,წარდგენილი იქნა მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები არის უშუალოდ მოსამართლე - სოსო ღურწკაიას დეკლარაციები, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მეუღლე მუშაობს იმ კომპანიებსა და საწარმოებში, რომლებთან დაკავშირებითაც, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აღნიშნულმა მოსამართლემ.“

 

მოსარჩელე მხარემ, ამ მოტივით, ახალი მოსამართლის აცილება მოითხოვა. სასამართლოში მოპასუხე მხარე ეკონომიკის სამინისტროა. უწყების იურისტმა სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი მხოლოდ ამ საკითხზე გააკეთა და თქვა, რომ აცილების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება:

 

,,არგუმენტთან დაკავშირებით, ჩვენთვის არ იყო პრობლემა განეხილა წინა თავმჯდომარეს. ჩვენ არც ამ თავმჯდომარესთან გვაქვს რაიმე პრობლემა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ აცილების საფუძველი არ არსებობს.“

 

ეკონომიკის სამინისტროს ვერსიით, 22-მა აქციონერმა, 67 მლნ-იანი საწარმო ხელისუფლებას ნებაყოფლობით აჩუქა. ,,ქრონიკის“ შეკითხვა, - რა მოტივით უნდა გაეჩუქებინათ მათ ძვირადღირებული ქონება არასამუშაო დღეს, ღამის პირველ საათზე, - ეკონომიკის სამინისრომ პასუხის გარეშე დატოვა. მომდევნო სხდომაზე გადაწყდება, - ჩამოშორდება თუ არა საქმის მოსამართლე, - სოსო ღურწკაია, რომლის მეუღლეც, კომპანიაში, რამდენიმე ადგილას მუშაობს.

 

ზემოთხზენებული საქმით ,,ჯორჯიან თაიმსიც“ დაინტერესდა და დეტალების გასარკვევად, საქმეში ჩართულ მოპასუხე მხარეებს ხელხალა დაუკავშირდა.

 

დაზარალებული, რომელიც, უკვე  წლებია ქონების დაბრუნებას ითხოვს, ჩვენთან საუბარში, საქმის დამატებით დეტალებს იხსენებს. აქციონერი ზურაბ სესკურია გვიყვება, რომ ქონების ჩამორთმევამდე, ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან, ძალადობის მთელი პრელუდია მიმდინარეობდა:

 

,,პარასკევს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დამირეკეს და ნოტარიუსთან დამიბარეს. ქონების ოფიციალური გადაფორმება კი შაბათს, ღამით მოხდა.

 

ამ საქმეს  თავისი პრელუდია ჰქონდა. მანამდე იყო კომპანიაში ფინანსური პოლიციის შემოჭრის ფაქტი, იყო ხელმძღვანელის დაბარება, იძულება და სხვა ძალადობრივი ღმონისძიებები, რომელიც, მიგვანიშნებდა იმას, რომ ეს პროცესი, გვინდოდა თუ არა, მაინც  უნდა მომხდარიყო.

გადაფორმების დროს, ადგილზე დაგვხვდა ნოტარიუსი, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი და რეგისტრატორი. როგორც შემდეგ გავიგეთ, იქ ასევე იყო სამხედრო პოლიციის ორი თანამშრომელიც. თუმცა, ისინი სამუშაო ფორმებში არ ყოფილან.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს არანაირად არ იყო ჩუქება. ეს იყო იძულება იმისა, რომ ჩვენ ნებაყოფლობით გადაგვეცა ქონება მათთვის. სხვა შემთხვევაში,   ჩვენს მიმართ   უფრო მკაცრი ღონისძიებები გატარდებოდა “ - განაცხადა სესკურიამ ,,ჯორჯიან თაიმსთან ‘’  საუბარში.

 

 

ასევე, საქმის დეტალებზე უფრო ვრცლად სასაუბროდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ - მიშა ჯახუასაც დავუკავშირდით. ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ჯახუა საქმის გაჭიანურების მიზეზებზე საუბრობს:

 

,,ვერაფრით ვერ ვხსნი საქმის გაჭიანურების მიზეზს. ფაქტია, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, გადაწყველტიელბა  რაც შეიძლება გვიან გამოცხადდეს. ამაზე მეტყვლებს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში, 2013 წლიდან, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მოსამზადებელი სხდომა იყო ჩატარებული და არცერთი არსებითი განხილვა არ ყოფილა. ამასვე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ხდებოდა პროცესების  ჩანიშვნა ეს რა თმა უნდა, კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ ჯდებოდა. ამ შემთხვევაში, მოსამართლე ლია ავალიშვილი, რომელიც ატარებდა სხდომებს,  (იგი  2013 წლიდან იყო ჩართული ამ საქმეში და მან თავად მოისმინა ახსნა-განმარტებები მოწმეთა დაკითხვიდან დაწყებული , მოსამზადებელი სხდომებით დამთავრებული) მოულოდნელად მოხდა ისე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, ლია ავალიშვილი საქმეს ჩამოაშორეს და გადასცეს სრულიად სხვა მოსამართლეს. წესით ამ მოსამართლეს თავად უნდა განეხორციელებინა თვითაცილება, ვინაიდან, მისი მეუღლე  ამ კომპანიაში მუშაობდა. სწორეს ამის გამო დადგა ჩვენი მხრიდან, აღნიშნული მოსამართლის აცილების საკითხი. 

 

მოგვიანებით, კოლეგიის სხვა წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოსო ღურწკაია აცილებული ყოფილიყო ამ საქმეს. ამდენად, ახლა ჩვენ უკვე ველოდებით კოლეგიის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებას და რამდენად კანონიერი იქნება ეს შემადგენლობა, ამის თქმა, ამ ეტაპზე არ შემიძლია. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით,  კომისიის ახალი შემდაგენლობა ჩამოყალიბდება. სწორი იქნება, თუკი ავალიშვილი ისევ ამ საქმეს დაუბრუნდება.“

 

იგივეს აცხადებს იურისტი მაია მწარიაშვილიც, რომელმაც, ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ქონება არის წართმეული და არა - ჩამორთმეული:

 

,,ეს ქონება კი არ ჩამოართვეს, არამედ, წაართვეს! ეს არის ყველაზე დიდი ქონების წართმევის საქმე ყოფილი ხელისუფლების პერიოდში! რაც არ უნდა უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენს ეკონომიკის სამინისტროს რომ ჰკითხოთ, მას ნამდვილად აჩუქეს ეს ქონება!   ეს ქონება არ არის წართმეული, - ეს გვაჩუქესო! - აცხადებენ. ამის არგუმენტი კი გახლავთ ის, რომ 22-მა აუქციონერმა ერთობლივად ნახა სიზმარი, რომ ქონება უნდა ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის. არასამუშაო დღეს მივიდა ეკონომიკის სამინისტროში და იგი საკუთარი ნებით გააჩუქა. 

 

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი არ აქვს, თუ- ვინ მონაწილეობდა ამ გარიგებაში, საერთოდ, ვინ დაიბარა და ვისთან მივიდა ეს ხალხი. ამხელა გარიგებაში არსებობს მხოლოდ ერთი ფარატინა  ერთგვერდიანი ფურცელი, რომელიც, ხელშეკრულებაც კი არ იყო და ნოტარიუსმა აღიარა, რომ უკანონოდ დაადასტურა და შემდეგ ერთ თვეში თავიდან მოუწია გადაფორმება. მოდით შევთანხმდეთ, რომ არასოდეს სახელმწიფოს ასე უბრალოდ არ ჩუქნიან არაფერს! მით უმეტეს, ამ ფორმით!

ამ საქმეში ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დღევანდელი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ერთის მხრივ, ინვესტორებს უყვება ზღაპრებს, რომ თურმე როგორი კარგი საინვესტიციო გარემოა და როგორი დაცულია ეს ინვესტიცია საქართველოში, - ამ კონკრეტულ პროცესზე, აქვს ეს გაურკვეველი პოზიცია!“

 

ჩვენს შეკითხვაზე, - ,,რატომ არ არის დაინტერესებული ჩვენი სახელმწიფო საქმის ბოლომდე მიყვანით“, მწარიაშვილი აცხადებს:

 

,,ის, საქმეები, რომელიც  სახლელმწიფოს ინტერესებშია, კი იცით როგორი  სწრაფი ტემპით განიხილება. ხუთი წელია ეს სამე  პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება. ეს წარმოუდგენელი დროა. საქმე თითქმის სრულდებოდა, დარჩენილი იყო ორი პროცესი დასრულებამდე და სასამართლოს თავმჯდომარე ადგა და მოსამართლეს ეს საქმე წაართვა, - ვითომ მისი განტვირთვის მიზნით და სხვა მოსამართლეს დააწერა. ის სხვა მოსამართლე კი აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარის მეუღლე. მისი ცოლია დასაქმებული ყველა ამ წართმეულ კომპანიებში  (დელტაში). ეს ქალბატონი გახლავთ კომპანიის მთავარი იურისტი - ეკატერინე ჩაფიჩაძე. წართმევის დღიდან, ეს ქალბატონი მუშაობს აღნიშნულ კომპანიაში და ასე, სხვების ხარჯზე, ისინი  ბედნიერად ვცხოვრობენ. წარმოიდგინეთ რამხელა თავხედობაა, - პირდაპირ ოჯახის წევრს ჩააბარო გამსახილველი საქმე.


და იცით რატომ ჩამოართვეს იმ მოსამართლეს ბოლო ეტაპზე მისული საქმე? იმიტომ, რომ მან სხვა ანალოგიურ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი-ერთში უკვე, მის პოზიციას აჩვენებდა.


ჩვენ დავაყენეთ უზარმაზარი აცილების შუამდგომლობა(მთელი მისი პირადი ინტერესების აღწერით). ალბათ ისტორიას მსგავსი არაფერი არ ახსოვს და სასამართლოც, იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ჩვენი აცილების მოთხოვნა.


ეჭვი გვაქვს, სასამართლოს თავმჯოდმარე ახლა სხვა ისეთ მოსამართლეს მოძებნის, რომელიც, ასევე, მისი ინტერესების დამცველი იქნება.- აცხადებს ჩვენთან საუბარში მწარიაშვილი.

 

როგორც მხარეები აღნიშნავენ, საქმე ფინალშია და შერჩებათ თუ არა ძალით მიტაცებული ,,საჩუქარი“ ,,მჩუქებლებს“, ამას, უახლოეს ხანში, გამოძიება დაადგენს.

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge