Powered by Jasper Roberts - Blog

13:36 26.06.2017
ნატო სამხრეთ კავკასიაში: მოქმედება თუ უმოქმედობა?

«FPRI - Foreign Policy Research Institute»  (აშშ)

http://www.fpri.org/article/2017/06/nato-south-caucasus-present-duty-missing-action

 

რა უნდა გააკეთოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ინტერესების დაცვისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის.

 

მასალაში, რომელიც აშშ-ისსაგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა“ (Foreign Policy Research Institute -  FPRI) გამოაქვეყნა, გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია, ნატოს როლი და ინტერესები რეგიონში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ალიანსის თანამშრომლობის განმტკიცების გზები და პერსპექტივა: რა შეუძლია გააკეთოს ალიანსმა რეგიონის სახელმწიფოებისათვის (ავტორი: რობერტ ჰამილტონი, პოლკოვნიკი, აშშ-ის ვირჯინიის უნივერსიტეტისა და სამხედრო კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს ექს-ხელმძღვანელი; სტატიების ავტორი საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შესახებ. ამჟამად ხელმძღვანელობს ინსტიტუტის ევრაზიულ პროგრამას).

 

გთავაზობთ ვრცელი გამოკვლევის შინაარსს:

 

ერთი თვის წინათ, მაისში გამართულ ნატოს სამიტზე ყურადღება მრავალ საკითხს დაეთმო, მათ შორის თავდაცვის ხარჯებს, რუსეთთან ურთიერთობას („დიალოგ-შეკავებისპრინციპით), მაგრამ თითქმის არაფერი არ თქმულა ნატოს როლზე სამხრეთ კავკასიაში.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის სამხრეთ კავკასია საკმაოდ რთულ რეგიონს წარმოადგენს, იქ არსებული მრავალრიცხოვანი კონფლიქტებითა და რუსეთის გავლენებით. ბალტიისპირა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ერთმანეთთან მტკიცე სოლიდარობისა და თანამშრომლობის მაღალი დონე აქვთ (რაც მათ ნატოში გაწევრიანებაშიც დაეხმარა), ასევე ბალკანეთთან შედარებით, რომელიც რუსეთისგან დაშორებულია და იქაურ ქვეყნებზე მოსკოვს პირდაპირი ზეწოლის შესაძლებლობა არ აქვს, სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით სიტუაცია უფრო რთულია: სომხეთი და აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღის გამოერთმანეთთან კონფლიქტს აგრძელებენ. მათ შორის არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს, რუსეთი კი მშვენივრად სარგებლობს შექმნილი ვითარებით და ორივე ქვეყანაზე გავლენას ახდენს: ერევნისათვის მოსკოვი ერთადერთი იმედი და მოკავშირეა (აზერბაიჯან-თურქეთთან მიმართებით), ბაქოსათვის კი -  იმედი ერევანზე ზეწოლის განსახორციელებლად (მცირედ, მაგრამ მაინც). საქართველო რუსეთს მტრად მიიჩნევს და თვლის, რომ კრემლის პოლიტიკა მისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. საერთო ჯამში ეს ფაქტორები ნატოს არ აძლევს შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან სრულყოფილი თანამშრომლობისათვის.

 

როგორ ჩავაბათ კონფლიქტური რეგიონი თანამშრომლობაში?

 

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ერთიანობისა და თანამშრომლობის არარსებობა გავლენას ახდენს მათ ურთიერთობაზეც ნატოსთან: მაშინ როცა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორიენტირებულია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე (თბილისისთვის ნატოში გაწევრიანება ამ პოლიტიკის კულმინაციაა), არც აზერბაიჯანი და მით უმეტეს სომხეთი არ არიან დაინტერესებულნი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებით. იბადება კითხვა: მაშ როგორ უნდა იქნეს ჩაბმული რეგიონი ნატოსთან თანამშრომლობაში? ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს დახმარების გაწევა თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, მაგრამ სამხრეთ კავკასიისათვის ამ მეთოდის ეფექტურობა მცირე იქნება: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფრონტაცია იმდენად ღრმა და ისტორიულია, რომ  მათ შორის დაპირისპირებას ვერანაირი დახმარება ვერ უშველის. კიდევ ერთი შესაძლებლობა - ნატო საერთოდ გამოვიდეს რეგიონიდან, სანამ იქ სიტუაცია არ დარეგულირდება რუსეთის გეოპოლიტიკური ყოფნის სიმძიმის შედეგად. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოგრაფიულ სიახლოვეს ევროპასთან, მის მნიშვნელობას ევროპა-აზიის ხიდისა და ენერგეტიკული დერეფნის როლის შესრულებაში, აგრეთვე იმის საფრთხეს, რომ კავკასიურმა კონფლიქტებმა შეიძლება მთლიანად შავი ზღვის ქვეყნებში დესტაბილიზაცია გაავრცელოს (მათ შორის -  ნატოს წევრებშიც), ალიანსი სამხრეთ კავკასიიდან ვერ გამოვა და მის იგნორირებას ვერ მოახდენს.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო ძირითადად საქართველოზე კონცენტრირდა, თუმცა გარკვეულ ყურადღებას აქცევდა სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. საქართველოსთან თანამშრომლობა „ანაზღაურდა“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების აქტიურ ჩართვაში იმ სამხედრო-სამშვიდობო მისიებში რომლებიც ნატოსა და აშშ-ის ეგიდით ჯერ კოსოვოსა და ერაყში განხორციელდა, ამჟამად კი ავღანეთშიც მიმდინარეობს. საერთოდ, საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის, ასევე რთული მისიების რაოდენობითაც; ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტი ორი ათას ჯარისკაცს აღწევდა, მათ დავალებული ჰქონდათ პატრულირება იმ ტერიტორიისა, რომელიც ირანის საზღვრიდან ბაღდადამდე ვრცელდება და რომლითაც ბოევიკები ხშირად სარგებლობდნენ. ავღანეთში ქართული კონტინგენტი თავდაპირველად 1600 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და განთავსებული იყო ჰილმენდის არასტაბილურ პროვინციაში, დღეს კი რაოდენობა 800 ჯარისკაცს აღწევს. საერთოდ, ერაყის მისიაში სამსახური 8 ათასამდე ქართველმა გაიარა, ავღანეთის მისია კი - ათასმა. ერაყსა და ავღანეთში განთავსებული ქართული კონტინგენტი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრ ნატოს წევრ ქვეყანას არ გაუგზავნია იმდენი ჯარისკაცი სახიფათო მისიებში, რამდენიც არაწევრმა საქართველომ გაგზავნა.

 

ნატოს მისიებში მონაწილეობის გარდა, საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ბოლო 15 წლის განმავლობაში შთამბეჭდავი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაშიც გამოიხატა. კლეპტოკრატიული მთავრობის მქონეშეუმდგარი სახელმწიფოდანსაქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მქონე სახელმწიფოდ გარდაიქმნა (მართალია, ბევრი რამ იდეალური არაა, მაგრამ მაინც). ქართული დემოკრატიის განვითარება იმითაც დასტურდება, რომ საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის გამოკლებით) ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა ხელისუფლების კონსტიტუციური, მშვიდობიანი ცვლა; განვითარება გამოიხატა ეკონომიკური ტრანსფორმაციაშიც და კორუფციასთან ბრძოლაშიც. ასეთი აქტიური ძალისხმევის შედეგად საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გლობალურ ინდექსში ერთ-ერთი ბოლო ადგილიდან მოწინავე ადგილზე გადაინაცვლა.

 

მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად ნატო სხვა პრობლემებითაა დაკავებული, სამხრეთ კავკასიაში მიღწეული წარმატებები შეიძლება დაიკარგოს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა ნატოსა და აშშ-ის ურთიერთდამოკიდებულება. აშშ თავის ევროპელ პარტნიორებს ხშირად აკრიტიკებს, განსაკუთრებით სამხედრო ბიუჯეტის მოცულობასთან დაკავშირებით. მაგრამ იმ დროს, როცა ნატოს ევროპელი წევრები საბოლოოდ დათანხმდნენ სამხედრო ბიუჯეტის გადიდებას დაისლამურ სახელმწიფოსმიმართ ბრძოლის გააქტიურებას, სწორედ იმ დროს შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ნაბიჯები არ გადადგა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი [აშკარად არ წყალობს] ნატოს წესდების მე-5 მუხლს, მიუხედავად მისი მრჩევლების განცხადებებისა - ამერიკის პოზიცია უცვლელიაო. 25-26 მაისს, ნატოს სამიტის დროს, რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ფაბრის პოტიემ და ალექსანდრე ვერშბოუმ აშშ-სა და ევროპას ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდეს და გააფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთმანეთისადმი ეჭვები შენარჩუნდებოდა, ამერიკაც და ევროპაც საკუთარ შიდა პრობლემებში ჩაიკეტებოდა. სამწუხაროდ, ურთიერთობებისგადატვირთვაარ მოხდა. სწორედ ამიტომაც განაცხადა ანგელა მერკელმა სამიტის შემდეგ, რომ ამიერიდანევროპა მთლიანად სხვის იმედზე აღარ უნდა იყოსო“.

 

სად და რაში შეუძლია ნატოს დახმარების გაწევა?

 

მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელ წევრებს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორის მიმართ ასეთი ეჭვები აქვთ; მაშინ, როცა ნატო ავღანეთში და [ახლო აღმოსავლეთში] სიძნელეებს აწყდება; მაშინ, როცა აღმოსავლეთის ფლანგზე რუსეთი აქტიურდება, ალიანსს სამხრეთ კავკასიაზე სტრატეგიული ფიქრის თავი აღარ აქვს. მართალია, ბრიუსელი რეგიონს კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მაგრამ იმავდროულად თვლის, რომ მისთვის სამხრეთი კავკასია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკვე  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღარ არის. არადა, კავკასიისადმი უყურადღებობას სერიოზული გრძელვადიანი ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია. ანუ პერსპექტივაში ალიანსს თავისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება გაუჭირდება.

 

ვფიქრობთ, აუცილებელია გადაიდგას სამი ნაბიჯი, რომელთა მეშვეობით შეიძლება მოხდეს რეგიონის სტაბილიზება და ნატოს ინტერესების დაცვა, თანაც ალიანსის წევრების მცირე დანახარჯებით.

 

პირველი - ჩრდილოატლანტიკურმა ბლოკმა საქართველოსთან პრიორიტეტული ურთიერთობა უნდა გააგრძელოს, იმავდროულად შეინარჩუნოს კონტაქტები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა ყვავილებით არ ყოფილა მოფენილი: ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, მართალია, გრძელვადიან პერსპექტივაში მოგებას მოიტანს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მთელი ხარჯები და სიმძიმე ქვეყნის მოსახლეობას დააწვა მხრებზე. ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მზად არიან მოითმინონ და შეურიგდნენ სიძნელეებს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრირების გზაზე.

 

ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების გარდა, რომელიც ევროატლანტიკური კურსითაა განპირობებული, საქართველო იძულებულია სამხედრო ხარჯებიც გაზარდოს. თბილისი ინარჩუნებს სამშვიდობო მისიებში თავისი სამხედრო მოსამსახურეების საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას და იმავდროულად რუსეთის მუქარისა და საფრთხის წინაშეც დგება, ანუ საქართველო გრძნობს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის რისკებს. ასეთი რისკი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში გამოვლინდა, როცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის ომი მოხდა. [შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ] აგვისტოს ომში ქართული არმიის 20%-მა მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ჯარისკაცები ერაყში იმყოფებოდნენ.

 

2008 წლის აპრილში, ბუქრესტის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ნატომ ღიად განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ჯერ-ჯერობით ნატო მისი შესრულებისთვის მზად არ არის, ანუ დაპირება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. აშშ-ის [გულგრილი] პოზიცია კოლექტიური უსაფრთხოების დაცვის პრინციპის მიმართ ნატოს ავტორიტეტს ლახავს და არასტაბილურობას აძლიერებს. ალიანსმა უნდა დაადასტუროს 2008 წელს აღებული ვალდებულება ყოველი მსხვილი სამიტის დროს და თბილისს მისცეს იმ ამოცანების კონკრეტული ჩამონათვალი, რომლის შესრულების შემდეგ საქართველო ნატოში იქნება მიღებული.

 

მეორე ნაბიჯი, რომელიც ნატომ უნდა გადადგას - ჩართოს სამხრეთ კავკასიადაიშ“-ის (ისლამური სახელმწიფოს“) გასანადგურებლად მიმართულ კამპანიაში. სხვათა შორის, სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთადერთი რეგიონია, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება ნატოს, რუსეთს და ახლო აღმოსავლეთს. შესაბამისად, მას შეუძლია უნიკალური როლი შეასრულოს საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. სამხრეთ კავკასიის ინტეგრირება ანტიტერორისტულ კამპანიაში ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობას და ნატოს ავტორიტეტის ამაღლებას. რამდენადაც ერაყში და სირიაშიდაიშ“-ის მხარეზე კავკასიიდან (ანუ რუსეთიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან) წასული მოქალაქეებიც იბრძვიან, ყველა ეს სახელმწიფო შეშფოთებულია ბოევიკების უკან დაბრუნებით. თუ ნატო მათ ამ საკითხში დაეხმარება, რეგიონში სტაბილიზაცია მოხდება და სამივე სახელმწიფოს თანამშრომლობის იშვიათი შანსი მიეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომდაიშ“-ზე გამარჯვება აშშ-ის უსაფრთხოების პრიორიტეტად ითვლება, კარგი იქნება, თუ ამ ინიციატივას ვაშინგტონიც მხარს დაუჭერს. ნატოს დახმარება შეიძლება გამოიხატოს სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდებასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

მესამე -  ნატოს შეუძლია ცალკე სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის. დღევანდელი წარმომადგენელი დაკავებულია როგორც სამხრეთკავკასიური, ასევე ცენტრალურაზიური საკითხებით და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ ორ რეგიონს ნატოსთან სრულიად სხვადასხვა დონის ურთიერთობა აქვთ. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასია ნატოს წევრს - თურქეთს ესაზღვრება და ამ რეგიონში მდებარეობსა ქვეყანა (საქართველო), რომელიც სამომავლოდ ალიანსის წევრი გახდება. მართალია, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც მნიშვნელოვანია ნატოსთვის (ავღანური მისიის გამო), მაგრამ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ ისინი ალიანსისაგან შორს მდებარეობენ და არცერთი მათგანი ნატოში მიღების კანდიდატს არ წარმოადგენს. სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იმის სიგნალი იქნება, რომ ალიანსი სერიოზულად უყურებს თავის როლს რეგიონში.

 

 

არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯი ძვირადღირებული არაა, დიდ ფინანსურ და მატერიალურ ხარჯებს არ მოითხოვს. იმავდროულად ისინი ერთობლიობაში იმის მაცნენი იქნებიან, რომ ნატო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართ ინტერესს არ კარგავს. ეს ნაბიჯები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისღია კარისპოლიტიკას ახალ ლეგიტიმურობას შესძენს. და თუ მათი გადადგმის უნარი, „ღია კარისპოლიტიკის დასადასტურებლად, ნატოს არ ექნება, ეს ნიშნავს, რომ მისი ავტორიტეტი შეიძლება მნიშვნელოვნად შერყეული აღმოჩნდეს - როგორც პოლიტიკური და სამხედრო კავშირისა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ფასეულობებისა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისაკენ და რომელმაც კოლექტიურად უნდა დაიცვას საკუთარი წევრები აუცილებლობის შემთხვევაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge