Powered by Jasper Roberts - Blog

10:58 20.06.2017
,,TBILISI OPEN AIR 2017 მთელი ჩვენი არსებობის ისტორიაში საუკეთესო იყო“ - სოფო ებრალიძე

,,მუსიკა ათავისუფლებს“, -  ეს გახლავთ ყოველწლიური  ფესტივალის  - TBILISI OPEN AIR სლოგანი, რომელიც, 2009 წლიდან დღემდე იმართება და ერთ-ერთ წარმატებულ მუსიკალურ პროექტად ითვლება.

 

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ფესტივალია, რომელიც, წლიდან წლამდე ვითარდება და იხვეწება როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი მსმენელისთვის.

 

TBILISI OPEN AIR 2017 - 16, 17 და 18 ივნისს, ლისი ვანდერლენდში გაიმართა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს სამი განსხვავებული სცენა, შეუზღუდავი მუსიკა და უამრავი სახალისო აქტივობა დახვდათ.

 

წელს მსმენელის წინაშე წარდგნენ ჯგუფები: ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, SOFT EJECT, ნინო ქათამაძე & INSIGHT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 50-ზე მეტი ქართველი არტისტი.

 

ფესტივალის მიმართ ინტერესი წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდი იყო. სპეციალურად ამ დღეებისთვის,  საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან.

 

ფესტივალის ბოლო, მესამე  დღეს, TBILISI OPEN AIR-ის კომუნიკაციების მენეჯერიმა - სოფო ებრალიძემ, ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში, შემდგარი  ღონისძიება შეაფასა:

 

,,TBILISI OPEN AIR 2017 მთელი ჩვენი არსებობის ისტორიაში საუკეთესო იყო.


მუშაობის შედეგი ყველაზე მეტად წელს ვიგრძენით როგორც საორგანიზაციო, ასევე მსმენელის კუთხით. იყო საოცრად დალაგებული, ფანტასტიური გარემო, არ ყოფილა არანაირი გადაცილება - დროში.  წლევანდელი ფესტივალი, ასევე, გამოირჩეოდა იმითაც, რომ  წარმოდგენილი იყო საუკეთესო ქართული ჯგუფები და არტისტები.

 

დღეს მესამე, ანუ ფესტივალის დასკვნითი დღეა. წინა ორი დღის გთვალისწინებითაც რომ შევაფასოთ, ვფიქრობ, 2017 ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად დარჩება ფესტივალის ისტორიაში.

 

წელს ფესტივალში  70-ზე მეტი ბენდი მონაწილეობდა. მათ შორის, უმეტესობა - ქართველი იყო. გუშინ, 20 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად დაუკრა ჯგუფმა ,, Soft Eject“, რომელსაც, საოცრად კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ქართველი არტისტებიდან გამოვყოფდი ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წლევანდელ გამარჯვებულ ჯგუფს - ,,Killages, - რომელიც, ახალი ბენდია და ის, რომ ისინი მოხვდნენ - TBILISI OPEN AIR- ზე, უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია მათთვის. ჩვენი დანიშნულებაც, ვფიქრობ, სწორედ ეს არის, - ხელი შევუწყოთ როგორც უცხოური, ასევე, ადგილობრივი მუსიკალური ბენდების პოპულარიზაციას.“ - განაცხადა სოფო ებრალიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურულ მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად  50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი ესწრება.

 

 

 

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge