Powered by Jasper Roberts - Blog

15:36 08.06.2017
"ეს იყო ერთგვარი გზა, მშვიდობის პოპულარიზაციისთვის" - ვინ გამოიგონა სპინერი

მოუსვენარი და დიზორიენტაციის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილმა ამ სათამაშომ განსაკუთრებული პოპულარობა მიმდინარე წელს მოიპოვა, თუმცა, გაყიდვების მხრივ, პირველი ადგილის დაკავება 2016 წლიდან დაიწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტყლარწი მოყვარულნი და არა მხოლოდ, ახლა მაღაზიაში შესვლისას პირველ რიგში, სპინერს კითხულობენ. ALLNEWS.GE დაინტერესდა ვინ გამოიგონა ეს ერთი შეხედვით, უცნაური სათამაშო?

 

ისეთი გამოცემები, როგორებიც The Guardian, The New York Times და New York Post-ია მის გამოგონებას ინჟინერ-ქიმიკოსს კატერინ ჰეტინგერს მიაწერენ, რომელმაც გამოგონება 1993 წელს დააპატენტა.

 

New York Post-თან საუბარში გამომგონებელმა განმარტა, რომ სათამაშოს შექმნის იდეა, პირველად ისრაელში, დასთან სტუმრობისას მოუვიდა, როდესაც დაინახა, როგორ ესროდნენ ახალგაზრდები ქვებს სამართალდამცველებს. კატერინ ჰეტინგერის განმარტებით, მან სწორედ იმ დროს დაიწყო ფიქრი ისეთ სათამაშოზე, რომელიც ახალგაზრდების ყურადღებას მიიპყრობდა და ამავდროულად, დამამშვიდებელი ეფექტი ექნებოდა.

 

"ეს იყო ერთგვარი გზა, მშვიდობის პოპულარიზაციისთვის"

 

სათამაშო ახლა სხვადასხვა დიზაინით გამოდის და მსოფლიოს ირგვლივ თითქმის ყველა სუპერმარკეტში იყიდება. ამაზონზე ის 26 დოლარადაა ხელმისაწვდომი. არსებული ინფორმაციით, ჰეტინგერის პატენტის მოქმედების ვადა 2005 წელს ამოიწურა და ახლა კომპანიებს სათამაშოს წარმოება და გაყიდვა მისი ნებართვის გარეშეც შეუძლიათ. თავად ჰეტინგერი აბობს, რომ სათამაშოს შექმნისას კომერციული მიზნები არ ამოძრავებდა, ამიტომ არ სწყინს, რომ მისმა გამოგონებამ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც პატენტის მოქმედების ვადა ამოიწურა.

 

თუმცა, Bloomberg-მა თავის სტატიაში, ორ იურისტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ჰეტინგერის გამოგონებასა და 2017 წელს გავრცელებულ სპინერს შორის თვისობრივი სხვაობაა. Bloomberg-ის განმარტებით, ჰეტინგერმა თავად იცოდა აღნიშნული სხვაობის შესახებ ამიტომ, პოპულარული სათამაშოს პატენტზე პრეტენზია არც ჰქონია.

 

2017 წლის 4 მაისს, National Public Radio-ზე, სკოტ მაკოსკერის სტატია გამოჩნდა, სადაც ის ყვება თუ როგორ გამოიგონა აღნიშნული სათამაშო 2014 წელს, რათა თავის მოუსვენრობას და კონფერენციებზე შექმნილ დისკომფორტს გამკლავებოდა. ონლაინ მოთხოვნების გაზრდის შემდეგ, მან მოწყობილობის გაყიდვა დაიწყო.

 

აღნიშნული ვერსიების მიუხედავად, დადასტურებით ცნობილი არ არის სინამდვილეში ვის ეკუთვნის აღნიშნული გამოგონება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge