Powered by Jasper Roberts - Blog

13:32 05.06.2017
"გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება"-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ ქადაგებისას მრევლს მისცა კურთხევა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დახმარება დღეში რამდენიმეჯერ სთხოვოს.

 

პატრიარქმა აღნიშნა, იგი მრევლს აძლევს ასევე კურთხევას, ხშირად მიიღონ ზიარება. “მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელ მსოფლიოში, რაღაც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება. ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ,”- განაცხადა პატრიარქმა.


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე სადღესასწაულო წირვა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.


ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება. 

ავტორ(ებ)ი : imedinews.ge