Powered by Jasper Roberts - Blog

16:22 19.05.2017
ალექსანდრე ანქვაბთან ბრძოლა გრძელდება

ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობა `მარჩენალ~ რუსეთთან იძაბება. 18 მაისს სოჭში შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. ოპოზიციამ მისი ხელმოწერის გადადება მოითხოვა.


დოკუმენტი 2014 წელს მხარეებს შორის ხელმოწერილი მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ითვალისწინებს ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას აფხაზეთში. ცენტრი დამნაშავეობას უნდა დაუპირისპირდეს.


ოპოზიციურმა პარტია ამცახარამ მის გაფორმებამდე მოუწოდა ფაქტობრივ ხელისუფლებას, გადაავადოს დოკუმენტის ხელმოწერა და ის საზოგადოებასთან ერთად დეტალურად განიხილოს.


ამცახარა აცხადებს, რომ შეთანხმება ლახავს აფხაზეთის სუვერენიტეტს და აზარალებს სტაბილურობას. ამის გამო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესაძლო გამწვავებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას აკისრებს ფაქტობრივ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, რომელმაც ვერ შეძლო აფხაზეთის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და საფრთხე შეუქმნა აფხაზეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.


ამცახარას შეფასებით, შეთანხმების რამდენიმე პუნქტის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის მის დასახელებასთან და სხვა მუხლებთან. ერთი მუხლის თანახმად, ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს ეკრძალება კომერციული საქმიანობა, ამასთან, უფლება ეძლევა, გააფორმოს ხელშეკრულებები, გახსნას საბანკო ანგარიშები, შეიძინოს და განკარგოს ქონება. ცენტრი თავისუფლდება ყველანაირი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. არ არის დაზუსტებული, ცენტრის 20 თანამშრომლიდან რამდენია აფხაზეთის მოქალაქე.


ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ცენტრი სამუდამოდ იქმნება, რაც არ ტოვებს იმის იმედს, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებელ და ეფექტიან სტრუქტურად იქცევა.


შეთანხმების მიხედვით, ცენტრის მუშაკებს დაიცავს იმუნიტეტი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. აფხაზეთი ამ კონვენციას მიერთებული არ არის. ოპონენტებში ესეც აჩენს ეჭვს, რომ ცენტრი აფხაზურ მხარეს არაფერს დაეკითხება.


მიმდინარე მოვლენები მიანიშნებს, რომ აფხაზეთში მოსალოდნელია ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვა.


პოლიტიკური დაძაბულობის პიკი დეკემბერში შეინიშნებოდა. ხალხი ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნით ქუჩაშიც გამოვიდა, თუმცა ყველაფერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგებით დასრულდა.


დესტაბილიზაციის საშიშროება საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთში დაბრუნებული ექსპრეზიდენტისა და ექსპრემიერის ალექსანდრე ანქვაბის სახით იგრძნო. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანქვაბმა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის თხოვნით მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. მან მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, თუმცა ახალ პარლამენტში უმრავლესობა არ ჰყავს და არც რომელიმე თანამდებობას იკავებს.


ექსპერტებმა არჩევნების შემდეგ ივარაუდეს, რომ თუ აფხაზეთში სიტუაცია აირია, ხაჯიმბას მომხრე დეპუტატები ოპოზიციაში გადავლენ, პარლამენტში კი გადატრიალება მოხდება.


 

როგორც ჩანს, ალექსანდრე ანქვაბის ფაქტორი აფხაზეთში ისევ საყურადღებოა. ამას ადასტურებს სახელისუფლებო მედიაში მიმდინარე კამპანია მის წინააღმდეგ. რაულ ხაჯიმბასთან დაახლოებული მედია აყენებს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც 2011 წელს მასობრივად დაურიგეს აფხაზური პასპორტები გალისა და ტყვარჩელის ქართველებს. მთავარ დამნაშავედ სახელდება ალექსანდრე ანქვაბი. რაულ ხაჯიმბას გარემოცვა აღნიშნავს, რომ იმ დროს აფხაზურ პასპორტებს ფულის სანაცვლოდ ურიგებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რაც, მისი შეფასებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო მოქმედება იყო და მიზნად ისახავდა მცოცავ ინტეგრაციას საქართველოსთან

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge