Powered by Jasper Roberts - Blog

15:40 18.05.2017
„ვაჰოო! შენს ქარამათს ვენაცვალე!!!“ - ზედაშეს ტრადიცია ისტორიულ ჰერეთში

„...სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,

მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,

იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,

საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,

მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები

და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,

ზეცაში ვიცხოვრებ…

ხოლო ეს ედემი –

თქვენთვის დამითმია.

დე, იყოს ალალი!... „ (იოსებ ნონეშვილი)

 

ასე დაგვითმო  უფალმა პატარა სამოთხე-საქართველო! ყველა ქვეყნისგან გამორჩეული, მზიური ქედებით. საქართველოში ვაზი და ღვინო განსაკუთრებული კულტურაა, რომელიც, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, „ათადან და ბაბადან“ მოგვყვება. აღმოსავლეთ საქართველო კი ამ კულტურის განსაკუთრებული მატარებელია სხვადასხვა ტრადიციებით.  ქვევრში ღვინის ქართულად დაყენება ერთ მთლიან საგანს წარმოადგენს, მაგრამ ამჯერად, მსურს ზედაშეს ქვევრზე გესაუბროთ, რომელიც ჰერეთში (საინგილოში) განსაკუთრებულ ტრადიციად ითვლება. 

 

საქართველოში ზედაშესთვის შესაწირი ღვინო, ყურძნის მოსავლის საუკეთესო ნაწილიდან პირველი ნაწურია, რომელიც დაყენებული და შეთქმულია სალოცავის სახელზე. სალოცავს კარგი თვალი უნდა დაეჭირა შემომწირველზე, ემფარველა და მისი მოსავალი ბარაქიანი და დოვლათიანი ყოფილიყო. საზედაშე ტკბილის ჭურში ჩასხმის დროს სანთელს აანთებდნენ, დაილოცებოდნენ, ღმერთს წყალობას შესთხოვდნენ და მიართმევდნენ ხატს მაშინ, როცა დღეობა მოვიდოდა. 

 

შეწირული ღვინის გასესხება, გაყიდვა ან სხვა დღეებში მოხმარება შეუძლებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხატი გაწყრებოდა და ამის მოქმედთ ზიანს მიაყენებდა. 

 

საზედაშე ღვინის დაყენების ტრადიცია წარმართული ეპოქიდან იღებს სათავეს და ღვინის კულტს უკავშირდება. ქრისტიანობამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს ჩვეულება და პრაქტიკულად იგი გამოიხატა სააღაპე ვალდებულებით, რომლის დროსაც, გლეხი მოვალე იყო ეკლესია-მონასტრისათვის სააღაპე შესაწირთან ერთად ღვინოც მიეტანა. საზედაშე ქვევრების მოვლა-პატრონობასა და სარიტუალო საქმიანობაში მხოლოდ მამაკაცი მონაწილეობდა. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მხოლოდ მამაკაცის საქმე იყო.

 

86 წლის თამარ ხუციშვილი ჰერეთის მკვიდრია და  საგვარეულო ზდაშეს პატარა სასწაულს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში იხსენებს:

 

„სააღდგომოდ ჩვენ, ხუციშვილების საგვარეულო, დადაშას ყოველთვის ვხდიდით.  ჩემს უფროს ძმას დიდი ვენახი არ ჰქონდა. ერთ წელს ბევრი მოსავალი არ მოვიდა, ქვევრი ღვინით ვერ აივსებოდა, ამიტომ, ჩემმა ძმამ  იმ წელს დადაშას  თავზე ხე დაამაგრა  და ქვევრში ღვინის „შტოფი“(ბოცა) თოკით ჩაკიდა. როცა აღდგომა მოვიდა და ქვევრის ახდის დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ, თურმე თოკი ლპობის შედეგად გამწყდარიყო და „შტოფიც" ქვევრში ჩავარდნილიყო. სასწაულის შედეგად კი, ღვინის „შტოფი“ არ გატეხილიყო. ის ჩემმა ძმამ ამოიღო და უნებურად წამოიძახა: - „ვაჰოო! შენს ქარამათს ვენაცვალე!!!“

 

„ისტორიულ ჰერეთში ქრისტიანული რიტუალები ეკლესიის გარეთაც ტარდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილია მარანი. როგორც საქართველოში, ასევე ჰერეთშიც ის წმინდა ადგილად ითვლება. მარანში მონიშნულია ადგილი, რომელსაც დადაშას (ზედაშე) უწოდებენ,“-აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ჰერეთის ერთ-ერთი მკვიდრი და მაგისტრი კავკასიის საკითხებში თემო სუყაშვილი.

 

მისი თქმით, სწორედ ამ დადაშის ირგვლივ იყრიან თავს და წმინდა სანთლებს უნთებენ წინაპართა სულებს.

 

„ამ ქვევრში დაცულია სპეციალურად სააღდგომოდ ან სხვა ქრისტიანული დღესასწაულისთვის შენახული ღვინო. ოჯახის უფროსი მამაკაცი დადაშასთან კლავს მამალს, ხოლო უფროსი მეოჯახე ქალი წარმოთქვამს ლოცვას.

 

-როგორია ზედაშეს რელიგიური დატვირთვა?


-უხუცესების გადმოცემით, მაშინ, როდესაც ქრისტიანობა იდევნებოდა, დადაშასთან უწმინდეს ფიცს დებდნენ, რომ არ გავთათრდებითო. თავდაპირველად, სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულის აღსანიშნავად, ქართველები სოფლიდან მოშორებით, წმინდა მინდორზე, ან საგვარეულო სალოცავებში იკრიბებოდნენ.  შემდგომ პერიოდში მტრის გაუთავებელი შემოსევების გამო, საგვარეულო სალოცავები ფარულმა საოჯახო საგვარეულო სალოცავებმა ჩაანაცვლა. ფარული სალოცავები განლაგებული იყო როგორც სახლებში - ოთახებში, ასევე მარანში. სწორედ დადაშა ატარებდა სალოცავის დატვირთვას.

 

 

-რა მნიშვვნებლობა აქვს ზედაშეს ჰერეთში? რა ტრადიციას გამოხატავს?


-ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები ქართველებისთვის დადაშას ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დადაშას ტრადიციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანობის დაცვა-შენარჩუნებაში. ლეკიანობის დროს, მაშინ, როცა ქრისტიანობასა და ქართველობას ყველაზე მეტად უჭირდა და სასულიერო პირები იდევნებოდნენ ეკლესია-მონასტრებიდან, მოსახლეობამ აღნიშნული რიტუალები ეკლესიებიდან საკუთარ სახლებში გადმოიტანა. ეს ტრადიცია გამოხატავს ეროვნულობისა და თვითშეგნების გადარჩენის დადასტურებას.

 

-მოგვიყევით საგვარეულო ზედაშეებზე ჰერეთში.  როდის, რომელ დღეებში ხდიან?


კახში დღემდე შემორჩენილია ქიტიაშვილების, ოთარაშვილების, პაპიაშვილების, თამაზაშვილების ზედაშეები. ასეთივე საგვარეულო ზედაშეები არსებობს კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, მაგალითად, ყიყიშვილების, სუყაშვილების, ასლამაზაშვილების და სხვა ოჯახშიც. 

არსებობს სამი მთავარი დადაშა - მარიამობის, სააღდგომო და გიორგობის. 

 

-რით განსხვავდება ჩვეულებრივი ქვევრი ზედაშეს ქვევრისგან? 


-გარეგნული განსხვავება ზედაშესა და ჩვეულებრივ ქვევრს შორის არ არსებობს. განსხვავება მხოლოდ მის რელიგიურ დატვირთვაშია. დადაშას ქვევრი წმინდაა და განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს.

 

-როგორია საზედაშე ღვინის დაყენების წესი? რით არის განსაკუთრებული?


დადაშას ღვინო ყველა შემთხვევაში უნდა იყოს საკუთარ კარ-მიდამოში მოყვანილი. მოსახლეობა დღემდე იცავს ამ წესს. ასევე, დადაშის ქვევრში შესანახი ღვინო სუფთა უნდა იყოს. არ შეიძლება დაყენებული ღვინის შენახვა, -აღნიშნა ჩვენთან საუბარში თემო სუყაშვილმა.

 

 

„საეკელესიო, ზედაშე ღვინის ტრადიციაზე ბევრი გამიგონია და წამიკითხავს, მაგრამ რამდენადაც საქართველოში ის ძირითადად მივიწყებულია, ზედაშეს ქვევრის გახსნას აქამდე არ დავსწრებივარ. წესისამებრ, ზედაშე ღვინო საუკეთესო ყურძნისგან იწურება, ცალკე გამოყოფილ ქვევრში ისხმება და სააღდგომოდ ინახება. ჰერელები მას დადაშას ეძახიან და როგორც საქართველოში, ისე აქაც, წითელი ყურძნისგან ყენდება,“- აღნიშნა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ, რომელიც ჰერეთში პირველად იმყოფებოდა და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

 

„პირველად ვიყავი ჰერეთში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი და მასპინძელი წინასწარ მიყვებოდა ამ მხარის სილამაზეზე, წარმოსახვაში რატომღაც ცოტათი ხრიოკ ზეგანად წარმომედგინა იქაურობა. თბილისიდან გამომგზავრებულები, ქალაქ კახში გვიან საღამოს ჩავედით და არე-მარეს დაზვერვა ვეღარ მოვასწარი. დილით გაღვიძებულს კი გაკვირვება და სიამოვნება ერთად მეწვია, როცა კავკასიონის მთის ძირს შეფარებული, გაზაფხულის მადლით ამწვანებული, პატარა და კოხტა საკურორტო ქალაქის ეშხი თვალებში შემოიჭრა. როგორც ჩანს, ამ კუთხის სილამაზით ბაქოშიც მოიხიბლნენ და პრეზიდენტ ალიევს აქ რეზიდენცია აუშენეს.

 

ბუნება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან მხარეს ჰგავს, ინგილო კი მთიელს სახელობითის ი-ს არ სიყვარულში. ქალ, კაც, ასე ამბობენ აქაც, როგორც ჩვენთან მთაში. თუმცა, ინგილოური კილოს მუსიკა განსხვავებულია, წინადადებები კი ამ კუთხისთვის სპეციფიური და ჩვენთვის უცნობი ძველქართული სიტყვებით გაზავებული. ლობიო აქ ფაყლაა, ცუგა - ტუგნა, ღობე - ჩახჩაღ, კარგი კი კასტანა. 

 

სტუმართმოყვარეობაში საინგილო არცერთ ქართულ კუთხეს არ ჩამოუვარდება. წმინდა გიორგის აქაც მთავარ მფარველ წმინდანად მიიჩნევენ. მისი სახელობისაა კახის მოქმედი ეკლესიაც და ინგილოების მთავარი სალოცავი, ქურმუხის მომნუსხველი ტაძარიც.

 

- როგორია ჰერეთში ზედაშეს ქვევრის ახდის პროცესი? თქვენი შეფასება და  შთაბეჭდილებები.


- დილით, ზედაშეს ქვევრის გახსნამდე, კახ-ელები მის სარქველზე სანთლებს ანთებენ, საკუთარ სატკივარს უზიარებენ მაცხოვარს და დახმარებას და სააღდგომოდ ჩათქმული სურვილის შესრულებას სთხოვენ. იქვე იშლება სუფრა, რომელსაც ქვევრიდან ახლადშობილი ზედაშით ლოცავენ და ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ. იკვლება საკლავი, ქათამი, ცხვარი. ჩონგური და მუსიკალური ცენტრი რიგ-რიგობით ავსებს ეზოს ჰანგებით, ზედაშედაგემოვნებულ სტუმარ-მასპინძელს კი ცეკვა-თამაშის ჟინით. ადგილობრივი აზერბაიჯანელი მეზობლები და ბაქოელი სტუმრები ჰერელებთან ერთად სიამოვნებით ებმებიან ფერხულში.

 

ჰერელებისთვის გიორგობა გამორჩეული დღესასწაულია, ქურმუხის ეკლესია კი  საყვარელი სალოცავი. მთის ფერდობზე კოხტად წამოჭიმულ ამ უმშვენიერეს ტაძარს ისეთი მიზიდულობის ძალა და ზეგავლენა აქვს ხალხზე, რომ გიორგობაზე იქ აზერბაიჯანლებიც ადიან, სანთლებს ანთებენ და ღმერთთან სიახლოვეს ეძებენ. ჰერელებს კი ქურმუხი საკუთარი იდენტობის და რწმენის დამცველად მიაჩნიათ და კახში ყველაზე პოპულარული სიმღერის მიხედვით ალბათ ამას თხოვენ ქურმუხის წმინდა გიორგის: „შენ შემეწიე გიორგი, შენ შემეწიე წმინდაო, ქართველი დავრჩე ქართველად, მე მეტი არა მინდაო!“

 

 

 


/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge