Powered by Jasper Roberts - Blog

16:03 16.05.2017
23-29 ივლისს ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლენ

23-29 ივლისს უნგრეთის ქალაქი გიორი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. 

 

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 7 სახეობაში - ძიუდო, სპორტული ტანვარჯიში, კანოე, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა და ცურვა გამოვლენ. საქართველოს დელეგაცია 40-მდე სპორტსმენის შემადგენლობით უნგრეთში 22 ივლისს გაემგზავრება.

 

ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობა დეტალურად განიხილეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომზე, რომელიც 16 მაისს სეოკის ოფისში გაიმართა.

 

სხდომას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. გარდა აღმასკომის წევრებისა, სხდომას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.

 

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმასკომზე ითქვა, რომ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოემზადნონ მომავალი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის და აჩვენონ მაღალი სპორტული შედეგები. პირველ ყოვლისა, მედლების მოლოდინია ჩვენი ძიუდოისტებისგან, რომლებიც ტრადიციულად წარმატებით გამოდიან ევროპულ ფესტივალებზე.

 

ევროპულ ახალგაზრდულ ფესტივალებსა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, აღმასკომმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ჩატარდეს სეოკ-ის სპეციალური გაფართოებული სხდომა საქართველოში ახალგაზრდული სპორტის მდგომარეობის პროფესიული ანალიზისა და მისი შემდგომი შეუფერხებელი განვითარების მიზნით.

 

აღმასკომის წევრებმა მოიწონეს წინადადება 2017 წლის შემოდგომაზე სრულიად საქართველოს ყველა თაობის ოლიმპიელთა ფორუმის ჩატარების შესახებ. აღინიშნა, რომ აუცილებელია გააქტიურდეს საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის საქმიანობა, დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მჭირდო კონტაქტი დამყარდეს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან - მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციასთან.  ქართველ ოლიმპიელთა ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება დაევალა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს.

 

სხდომაზე მოისმინეს სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის დეტალური ინფორმაცია ქვიშის მსოფლიოს პირველი თამაშების შესახებ, რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOჩ) ორგანიზებით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. შეჯიბრებას 2019 წლის ოქტომბერში უმასპინძლებს სან დიეგო (აშშ). 

 

თამაშების პროგრამაში შევა ქვიშის სპორტის 20-მდე სახეობა. როგორც აღმასკომის სხდომაზე ითქვა, საქართველოს გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ქვიშის სპორტის განვითარებას. თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების კოორდინაციის მიზნით, ANOჩ-ის რეკომენდაციის თანახმად, საჭიროა შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანდებიან შესაბამისი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

 

სხდომაზე ასევე იმსჯელეს სეოკ-ის ეგიდით წარმომადგენლობითი სპორტული კონფერენციის მოწვევის თაობაზე, სადაც განხილული იქნება ქართული ოლიმპიური მოძრაობის და მაღალი მიღწევების სპორტის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, წარმატებულ სპორტულ ქვეყნებში ელიტური სპორტის მოწყობის პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენს სპორტში საფუძვლიანი რეფორმების განსახორციელებლად. გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

 

სხდომის მონაწილეებმა მოიწონეს აღმასკომის წევრის, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ კაკაბაძის წინადადება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით დაწყებული პროექტის - "გონიერი ღონიერი" - სეოკ-ის მიერ მხარდაჭერის შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge