Powered by Jasper Roberts - Blog

15:19 31.03.2017
„პოპულარობით კი არ უნდა გახდე შემოქმედი, შემოქმედებითად უნდა გახდე პოპულარული“-ზურაბ ვადაჭკორია

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭორია შეხვედრაზე იყო ერთ-ერთ კომპანიაში, როცა შეუძლოდ გახდა. წნევამ აუწია. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დაცვის დახმარებით გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. ექიმები საიმედოს ვერაფერს პროგნოზირებდნენ, მაგრამ ილუზიონისტს, უკვე რამდენიმე დღეა ცნობიერება დაუბრუნდა.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ილუზიონისტთან რამდენიმე თვის წინ ჩაწერა.

 

ბავშობაში ყოველთვის გვაოცებდა ქუდებიდან ამომხტარი ბაჭიები და მტრედები, ან მონეტებისა და წითელი ბურთების უცნაური გაჩენა ჩვენს ჯიბეებში. „- wow, ამას როგორ აკეთებს?!“ -  უცებ აღმოგვხდებოდა. თუმცა იხტიბარს არ ვიტეხდით და ბანქოს დასტებით ვატყუებდით ერთმანეთს. ილუზია, ხელების სისხარტე, მაყურებლის ყურადღების გადატანა, საინტერესო საუბარი - მოსაზრებები ბევრია, მაგრამ თუ როგორ კეთდება ფოკუსი, ეს საიდულმო მხოლოდ ილუზიონისტებმა იციან.

 

ზურაბ ვადაჭკორია ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. 18 წლიდან სცენურ ხელოვნებას ეზიარა. მის შემოქმედებით პალიტრაში იყო მუშაობა მტრედებით, მანიპულაცია ბანქოთი, აგრეთვე ცეცხლი და რთული რეკვიზიტის გამოყენება. 1981 წელს მოსკოვის მეფოკუსეთა კლუბის წევრი გახდა. პირველი სერიოზული გასტროლები ჰქონდა ინდოეთსა და ნეპალში 1984 წელს, სადაც მან პირველად წარმოადგინა ნომრები საათის მოხსნით, გამქრალი საფულით და საქორწინო ბეჭდებით.

 

1986 წელს შეიქმნა თბილისის ილუზიონისტთა კლუბი და ზურაბი  მისი პრეზიდენტი გახდა. გასტროლებით 48 ქვეყანა აქვს შემოვლილი. ამბობს, რომ კონსტრუქტორობა უნდოდა, მაგრამ ფოკუსებმა ისე გაიტაცეს, გადაწყვიტა ილუზიონისტი გამხადრიყო.

 

როდის მიხვდით, რომ ილუზიონისტის ნიჭი გქონდათ?


ადრევე  მივხვდვდი, რომ ილუზიონისტის ნიჭი მქონდა, ისე კონსტრუქტორი მინდოდა ვყოფილიყავი, თვითმფრინავთმშენებელი. ისე ამიყოლია ფოკუსებმა, რომ ამ მიმართულებით წავედი. რა ცოდოა ადამიანი, რომელიც თავისი საქმით იღლება. საქმე თუ შენია და გიყვარს, არასდროს დაიღლები. იღლები მაშინ, როცა შენს საქმეს ვერ აკეთებ. შეიძლება ადამიანი მაგით დაჩაგრო, არ მისცე  საკუთარი საქმის კეთების საშუალება.

 

თქვენ თუ გიშლიდნენ?

 

ეგ ისეთი რაღაცააა, თუ არ მოეშვები შენი საქმის კეთებას, მერე თვითონ გეშვებიან.  თუ შენია საქმე, -  იბრძოლებ, ყველაფერი ხომ ბრძოლაა! ადამიანი რომ იბადება, უკვე იბრძვის.

 

თქვენი ყველაზე ძნელი ფოკუსი, რომელზეც ძალიან ნერვიულობდით

 

ყველა ფოკუსზე ვნერვიულობ, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ. თუ არ ვინერვიულე, ისეთს არაფერს ვკიდებ ხელს, ე.ი. ჩემი არ არის. ეს ყოველთვის ასეა.

 

რა რისკებთან არის დაკავშირებული ფოკუსის გაკეთება?

 

რისკები არის, შეიძლება ასისტენტმა არასწორად გააკეთოს რაღაც, ან რამე ცუდი ამბავი მოხდეს, ან მე გავაკეთო რამე არასწორად. ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ მაყურებელს არ უგვრძნია და არც ვაგრძნობინებთ ამას. უბრალო შედარებას გეტყვით. მაგალითად:  არასდროს მიყვარს, როცა ექიმი ეტყვის პაციენტს, რომ ცუდად ვარ, თავი მტკივა, კუჭი მტკივა. ექიმი არასდროს ამას არ ეუბნება, რადგან პაციენტი კარგავს ნდობას. ან, რომ ვხედავ ექიმი გარიგებს და თვითონ სიგარეტს ეწევა,  ნდობა იკარგება. ასეა ჩვენთანაც.

 

მსოფლიოში ცნოიბილი ილუზიონისტებიდან რომელი მოგწონთ?

 

ყველა მომწონს, ვინც პატოისნად ემსახურება და პროფესიონალურად უდგება თავის საქმეს. ბევრნი არიან: ლარს ბარტონი, მაიკლ ლამარი, დევიდ კოპერფილდი. ზოგადად ჩემი ფრაზა მაქვს - პოპულარობით კი არ უნდა გახდე შემოქმედი, შემოქმედებითად უნდა გახდე პოპულარული. და ვიღაც გამოვა ტელევიზორში 15 წუთი, პოპულარული ხდება და მეორე დღეს მაყურებელლს ავიწყდება, რადგან შემოქმედი არ არის.

 

ამბობენ, რომ ილუზიონისტებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა...


კონკურენცია ყველგან არის  და რომ არ იყოს, არც შეიძლება. ვინც ჭკვიანია სწორ მარკეტინგს აკეთებს. პოლიტიკოსები ეძებენ ან თვითონ ქმნიან ოპოზიციონერებს. თავისზე  დაბალი დონისას მოძებნიან, რადგან მის ფონზე უფრო მაღლა აიწიონ.  ჩვენთანაც ასეა, კონკურენცია უნდა მოძებნო, რომ მერე ჰონორარი კარგი გადაგიხადონ. იმას გაუშვებ, ის რაღაც ჰონორარს ეტყვის, მერე ეუბნები ის ამდენს გთხოვს, მე ამდენი მომეცი. მარკეტინგული პოზიციაა.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ ილუზიონისტ ზურაბ  ვადაჭკორიას გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge