Powered by Jasper Roberts - Blog

20:12 20.03.2017
თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებს ასარჩევად სავაჭრო ობიექტები შესთავაზა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა. მცირე მეწარმეებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზებები, თუ სად და რა ფორმით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება. მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიასა და ბაზრობების ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ადგილი სასურველ სავაჭრო ობიექტზე, გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ საქმიანობა. მათთვის გათვალისწინებულია შეღავათები - პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეები იჯარის თანხას არ გადაიხდიან. 
“ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩების გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს შევხდით. დეტალურად განვუმარტეთ, რატომ მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის შეზღუდვა. ასევე, ავუხსენით, რას სთავაზობს, თბილისის მერიის ჩართულობით, მათ ბაზრობების ასოციაცია. აქ იგულისხმება რეგისტრაციის გავლა იმ ბაზრობებზე, რომელსაც თავად მოვაჭრეები აირჩევენ. გარდა ამისა, ისინი, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისაგან და ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში ექნებათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

თბილისის მერიამ უნებართვო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, ანალოგიური ღონისძიებები, უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა ადგილებშიც განხორციელდება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge