Powered by Jasper Roberts - Blog

19:31 20.03.2017
ძლიერმა ქარმა საქართველოს ბევრ ქალაქში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა საქართველოს ბევრ ქალაქში პრობლემები შექმნა. რუსთავში, სპორტის ქუჩის #2-თან ორი ხე მოგლიჯა. ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, რუსთავის მერიის „ცხელი ხაზის“ ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად სახურავის დაზიანების თაობაზე მოსახლეობის მიერ რამდენიმე შეტყობინება შევიდა. ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე შენობა დააზიანა. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ტატიანა კვერნაძის განცხადებით, ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ თავად შეაკეთოს დაზიანებული სახურავი. ნალექის შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე გორის მერიის წარმომადგენლები. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა ქარმა დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სახურავის მასალები კორპუსებიდან არ გადმოცვენილა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge