Powered by Jasper Roberts - Blog

16:55 20.03.2017
ოთარ ჭილაძეს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა (ციტატები)

ქართველ მწერალს, პროზაიკოსს, პოეტსა და დრამატურგ ოთარ ჭილაძეს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. 

 

გთავაზობთ, ოთარ ჭილაძის 10 ფრაზას:

 

1. ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია. რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ.

2. ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთვარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.

3. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია.

4. სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს... ყველაფერი სულერთია შენთვის.

5. ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ.

6. რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს.

7. ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის, მაგრამ ქალმა ერთხელ მაინც თუ გაიტანა შენი ქოთანი თავისივე სურვილით, არათუ გიცნობს უკვე, დედაზე მეტი უფლებითაც სარგებლობს, რადგან დედა რასაც განუსჯელად და სიხარულითაც გააკეთებდა, ის განსჯითა და ზიზღით აკეთებს. ზიზღსაც ძლევს, რადგან ადამიანად გთვლის, სულერთი არა ხარ მისთვის და ყველაფერი აინტერესებს შენი.

8. ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს.

9. ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი.

10. სამშობლო ოჯახიდან იწყება და, თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულ ერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.

11. ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის.

12. მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული.

13. როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.

14. ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს.

15. სიმართლეს ყველას ვერ გაუნაწილებ. 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge