Powered by Jasper Roberts - Blog

16:39 20.03.2017
"როგორც ვატყობთ, უმრავლესობა დიდ გულზეა"-რომან გოცირიძე

როგორც ვატყობთ, უმრავლესობა ახლა არის დიდ გულზე, ვინაიდან ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების შესახებ კანონი არ იქნება უკან დაბრუნებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.



მისივე თქმით, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, დაძლევს ვეტოს და "ეს იქნება მათი მორიგი შერცხვენა ისე, როგორც წინა შემთხვევებში, როდესაც შემდეგ თავად უხდებოდათ თავიანთი შეცდომის გამოსწორება, მაგალითად რაც მოხდა ეროვნულ ბანკთან მიმართებაში".



"როგორც ვატყობთ, უმრავლესობა ახლა არის დიდ გულზე, ვინაიდან ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ეს არ იქნება გაჩერებული, რადგან როგორც ვიცით, ერთ-ერთ დეპუტატს ჩამოართვეს მანდატი და შემოსეს მანტიით და დარწმუნებული არიან, რომ ეს კანონი არ იქნება უკან დაბრუნებული. მაგრამ, არსებობს პროფესიული სინდისი და არსებობს აშკარა ანტიკონსტიტუციურობა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაბედავს, კვლავ არ დააბრუნოს უკან",- განაცხადა გოცირიძემ.



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება „ორი ძირითადი ხარვეზით“ ახსნა. 



როგორც მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს.



„მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტების პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად და ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადში ორი ხარვეზი: პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე; მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge