Powered by Jasper Roberts - Blog

16:28 20.03.2017
"პრეზიდენტის ვეტომ ნათელი გახადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა, ჩაერიოს ჩვენს პირად ცხოვრებაში" - ირაკლი აბესაძე

პრეზიდენტის ვეტომ კიდევ ერთხელ ნათელი და ცალსახა გახადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის უხეში უგულვებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 



როგორც აბესაძემ აღნიშნა, სწორად ეწინააღმდეგებოდნენ, როდესაც ხელისუფლებას სთავაზობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად რეალურად დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელზეც იქნებოდა ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და ფარული მიყურადება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემით განხორციელდებოდა. 



”პრეზიდენტის ვეტომ კიდევ ერთხელ ნათელი და ცალსახა გახადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის უხეში უგულვებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენთაგანის პირად ცხოვრებაში, აწარმოოს უკანონო მიყურადება და შემდეგ უკანონოდ მოპოივებული ფარული ჩანაწერებით მოახდინოს ”ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების პოლიტიკური შანტაჟი”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 



მისივე თქმით, არ აპირებენ ეს ბრძოლა შეწყვიტონ. 



”ჩვენ არასამათავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ვაპირებთ საერთო კონსულტაციების შედეგად მივიღოთ შემდგომი გადაწყვეტილება ამ კანონის კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდგომში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების შესახებ”, - განაცხადა აბესაძემ. 

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge