Powered by Jasper Roberts - Blog

15:26 20.03.2017
„პრეზიდენტმა ყველაფერი პრემიერს თუ უნდა შეუთანხმოს, ეს უკე სასაცილო ამბავიც კია" - დავით ზურაბიშვილი

გაზეთ „რეზონანსში“რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც საკონსტიტუციო კომისია ახლა მსჯელობს და რაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს, სხვა არაფერია, თუ არა ამ ინსტიტუტის დაკნინება და პრეზიდენტის ბუტაფორიად ქცევა. 

 

პრეზიდენტმა ყველაფერი პრემიერს თუ უნდა შეუთანხმოს, ეს უკე სასაცილო ამბავიც კია. თუკი იმ მოდელში, რომელსაც გვთავაზობენ, ვიღაც ადამიანი ასე ბუტაფორიასავით უნდა იჯდეს და საერთოდ არაფერი ფუნქცია არ ექნება, რატომ უნდა აირჩიოს ის საერთოდ ვინმემ, რას წყვეტს? ე.ი. გამოდის, რომ მხოლოდ ომის დაწყების დროს გვჭირდება პრეზიდენტი. არსებობს ასეთი გამოთქმა - საქორწინო გენერალი, რომლის აზრიც მხოლოდ სუფრის თავში ჯდომაა. პრეზიდენტის შემთხვევაში გამოდის, რომ ის მხოლოდ საომარ გენერლად დარჩება. მანამდე რა ფუნქცია ექნება, კაცმა არ იცის“, - ამბობს ზურაბიშვილი. 

 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგაა მიმართული, ზურაბიშვილი ამბობს:

 

 

რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისთვის, რომ მთელი ძალაუფლება ერთი ძალის ხელში აღმოჩნდეს, ამას მხოლოდ ეს მიზანი აქვს. რაღაც პრინციპებზე, საპარლამენტო რესპუბლიკაზე და სხვა ღირებულებებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალაა და სხვა არაფერი. ეს იცის საზოგადოების 100%-მა. არ მჯერა, რომ ვინმე სხვანაირად ფიქრობს. ცხადია, არის ხალხი, ვისაც ეს მოსწონს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ბატონმა ბიძინამ უკეთ იცის, როგორ უნდა მოაწყოს ქვეყანა. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრების ხალხიც, ესაა რეალობა. ჩვენი, "რესპუბლიკელების," პოზიცია სულ იყო და არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად განმტკიცდეს და გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ინსტიტუციური დემოკრატია. საპარლამენტო რესპუბლიკა კი პირველ რიგში ამას გულისხმობს. გულისხმობს მრავალპარტიულ პარლამენტს, განვითარებულ თვითმმართველობას და ა.შ.

საპარლამენტო რესპუბლიკა არ იწყება და მთავრდება იმით, თუ როგორ აირჩევა პრეზიდენტი - პირდაპირ თუ ირიბად. ვფიქრობ, ეს ცვლილებები სამომავლო პრევენციისთვის სურთ, რომ რამენაირად მომავალში არ გაიპაროს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი გახდება და რაღაც უფლებამოსილებაც ექნება. ეტყობა, სურთ, რომ მათ ძალაუფლებას არავინ მიაკარონ. როგორ მთავრდება ეს მცდელობა საქართველოში, ყველამ კარგად ვიცით“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge