Powered by Jasper Roberts - Blog

15:09 20.03.2017
"მეშინია, არ იფიქრონ, რომ ეს დაკავშირებულია პრეზიდენტისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან" - მინდია უგრეხელიძე

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბარია იმასტან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

"მე მომეჩვენა, რომ ამ საქმეზე არსებობდა როგორც ფორმალური, ისე არსებითი საფუძველი საიმისოდ, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. ორ რამეს მოგახსენებთ. პირველი - ვენეციის კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და მან უპირატესობა მიანიჭა იმ მოდელს, რომლის მიხედვითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს და არა პრეზიდენტმა. ეს არის ფორმალური საფუძველი, რომელიც რეალურ მოსაზრებებს ემყარება. არსებითი საფუძველი ფართო მკითხველისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც სპეციალისტები არ არიან, მარტივი გასაგები იქნება. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ და თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორედ დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავებისკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, რა უფრო დემოკრატიული იქნება - მოსამართლის კანდიდატურის ერთი ადამიანის მიერ არჩევა თუ ჯგუფის მიერ არჩევა, რომელშიც ერთიანდებიან როგორც მოსამართლეები, ისე მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები? მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მეშინია, არ იფიქრონ, რომ ეს დაკავშირებულია პრეზიდენტისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან. პირადად მე მასთან და მის ოჯახთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ საკითხი საქართველოს იურიდიული ინსტიტუტის განვითარებას შეეხება და, ამ თვალსაზრისით, სჯობს, ეს გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ", - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge