Powered by Jasper Roberts - Blog

13:39 20.03.2017
„გამოდის, რომ ვიდრე ადამიანი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, იძულებული იქნება, იცრუოს“- ვახტანგ ძაბირაძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „კვირის პალიტრა“ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრება:

 

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი:


პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს არ ვეთანხმები, რადგან საქართველოში იმდენად შეკვეცილი აქვს უფლებამოსილება, რომ კანდიდატები წინასაარჩევნოდ იძულებული იქნებიან, მოსახლეობას რაღაცებს დაჰპირდნენ ისე, რომ შესრულების მექანიზმი პრეზიდენტს არ ექნება. გამოდის, რომ ვიდრე ადამიანი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, იძულებული იქნება, იცრუოს.


პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, რომელიც საპარლამენტო მმართველობისას არბიტრია და მისი არჩევა ერთ პოლიტიკურ ძალაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. უნდა მოხერხდეს ისეთი მექანიზმის შექმნა, რომ პრეზიდენტი აირჩიოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა. თუ ეს პრინციპი იქნება დაცული, ჩემთვის კოლეგია მისაღებია, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა და უპირატესობა გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას მიენიჭება, მაშინ ის ქვეყნის კი არა, ერთი პარტიის პრეზიდენტი იქნება.

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილების უფრო შეკვეცას, ეს უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლაა, რაც ჩემთვის თავდაპირველად მისაღები არ იყო, თუმცა არგუმენტი, რომელსაც ამ იდეის ავტორები ეფუძნებიან, ანგარიშგასაწევია. საფრთხეების პრევენციასა თუ აღმოფხვრაზე უნდა იმსჯელოს იმ ორგანომ, რომელსაც ამის დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების შესაძლებლობა აქვს, ასეთი კი აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერი არიან. რაც შეეხება ასაკობრივ ცენზს, ჩემი წინადადება იყო, საპრეზიდენტო ასაკად 45 კი არა, 55 დაგვეწესებინა... თუ გვსურს, რომ პრეზიდენტი იყოს ძალთა დამბალანსებელი და გამაერთიანებელი სიმბოლო, მაშინ ეს თანამდებობა არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად... მან თუ ქულების დაგროვება დაიწყო, დაკარგავს იმ ნეიტრალიტეტს, რასაც ვანიჭებთ და გახდება პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალი პოსტი დაიკავოს გამოცდილმა და ჭკუადამჯდარმა ადამიანმა, ამას კი შესაბამისი ასაკი სჭირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge