Powered by Jasper Roberts - Blog

12:44 20.03.2017
"ზატულინია ამ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც სძინავს და ესიზმრება საბჭოთა კაშირის აღდგენა" - მამუკა არეშიძე

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალას, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ახალი კანონის მიღებას აპირებს. ახალი კანონით, რუსეთის მოქალაქეობას უმარტივესად მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ოდესღაც არსებული რუსეთის იმპერიის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცხოვრობს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ერთი მსგავსი ინიციატივა ომით დასრულდა. 2006 წელს ოფიციალურმა მოსკოვმა სწორედ ასე გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისათვის, რასაც საბოლოოდ წელიწადნახევარში საქართველო-რუსეთის ომი მოჰყვა. მაშინ საქართველოში შემოჭრის ერთ-ერთ საბაბად რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვა დაასახელა.

 

ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა, მომავალში ახალი შეიარაღებული კონფლიქტების საბაბი გახდეს.

 

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე სწორედ რუსუთის მიერ "საკუთარი მოქალაქეების" დაცვით სპეკულაციას მიიჩნევს ყველაზე დიდ საფრთხედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.

 

"საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით აიღებენ რუსულ პასპორტებს - ჯავახეთშიც, ქვემო ქართლშიც, სხვა ადგილებშიც. ქართველებიც კი აიღებენ. შემდეგ დაიწყება ლაპარაკი, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ავიწროებენ, ან იტყვიან, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოდან დახმარებისთვის მოგვმართეს. შეიძლება ისიც კი თქვან, რომ ამ მოქალაქეებმა რუსეთთან შეერთება მოითხოვეს. უამრავი რამ შეიძლება. ეს მოსკოვის აპრობირებული მეთოდია და მოხდება ის, რაც აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთში მოხდა. ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის ამბავი, მაგრამ სამომავლოდ აქცენტი ამაზეა გაკეთებული. გეგმა სწორედ ესაა," - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

 

 

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს მომავალში რუსეთი იმპერიის, ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას:

 

 

გადაწყვეტილია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიქმნას ერთიანი სამოქალაქო სივრცე და შემდეგში უკვე დაიწყონ ფიქრი, ეს ადამიანები, რომლებსაც რუსული პასპორტები ექნებათ, როგორ გამოიყენონ მთელ სივრცეზე რუსეთის პოლიტიკური გავლენის აღდგენაში. ზატულინია ამ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც სძინავს და ესიზმრება საბჭოთა კაშირის აღდგენა, სულ ამაზე ფიქრობს, - ამბობს მამუკა არეშიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge