Powered by Jasper Roberts - Blog

12:35 20.03.2017
"შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ, რაც ბათუმში მოხდა, ხალხის ქუჩაში გამოყვანისთვის გამოდგებოდა"-დათო მაღრაძე

გასულ კვირას ბათუმში განვითარებული მოვლენების არაერთი შეფასება მოვისმინეთ. ვინ სოციალურ ამბოხად მიიჩნევს, ვინ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციად, ვინ გარეშე მტრის ხელს ხედავს, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლების გეგმაზომიერმა და ადეკვატურმა მოქმედებამ ვითარება მშვიდობიანად განმუხტა, ხოლო პროვოკაციის მოწყობის მსურველებმა საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღეს. მომხდარს და ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს პოეტი დათო მაღრაძე "კვირის პალიტრასთან" აფასებს:

 

"ამ უმსგავსი ხერხების გამოყენებას წყალწაღებული პროვოკატორები ცდილობდნენ ადრეც და ახლაც... ხალხის სიბრძნე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება, არსად ქრება. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს საქართველოს მოქალაქეში. მე ადრეც მითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავდა მხარდამჭერები, მას ჰყავდა დამჭერები და მათ ხარჯზე ინარჩუნებდა ძალაუფლებას, დღეს კი სრულიად გაშიშვლებულია...


დანარჩენი, ვინ რა თქვა, რა მოჭორა, ეს ყველაფერი აზრდაკარგულია... საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიბრძნე და არ აჰყვა პროვოკატორების მცდელობას... შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება იმსახურებს ღირსეულ ხელისუფლებას. ის არც პროვინციულ შურისმაძიებლურ ვნებებს შეეგუა, არც გახრწნილ კორუფციას, არც აღმოსავლური დესპოტიის მსგავს რეჟიმს...


მაქვს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ეს ხელისუფლება მოახერხებს და დაგვიმტკიცებს, რომ ღირსეულია და ნამდვილად იმსახურებს ქვეყნის სათავეში ყოფნას. ისევ შეერთებულ შტატებს რომ დავუბრუნდე, ის არის დღევანდელი სამყაროსთვის ტენდენციის მიმცემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. მაგრამ რაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებებს მივადევნე თვალი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება მხოლოდ რუსთავი-2- უყურებს და იქ რაღაცას ატყუებენ.


ზემოთ ნახსენები პოლიტკონიუნქტურის ტენდენციის მიმდევრებს შემონახული ჰყავდათ ოდესელი უმუშევარი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც უკრაინაშიც აღარავის სჭირდება და მით უფრო არავის დასჭირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აშშ და .. რატომ ჰყავდათ შემონახული, რა ეგონათ, არ ვიცი...


 

რადგან ალტერნატიულ რეალობაზე ვლაპარაკობ, აქვე უნდა გავიხსენო, რომ ამ ცოტა ხნის წინ ერთსულოვნება-2-იც ვნახეთ, როდესაც წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა. როგორც მიხეილ სააკაშვილის პროკურორი, ისე იდგა თანამშრომლებთან ერთად მღვდელმსახური, რომლის სახელიც არ ვიცი, და სინოდის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა,"-აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში  დათო მაღრაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge