Powered by Jasper Roberts - Blog

12:26 20.03.2017
„ალექსანდრე ანქვაბი რუსეთიდან ტყუილად არ დაბრუნებულა" - ლონდერ ცაავა

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბრარია, რომ სოხუმი "საპარლამენტო არჩევნების" მეორე ტურისთვის ემზადება. როგორც აფხაზური მედია იუწყება, 26 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე განმეორებითი ტური 22 საარჩევნო ოლქში გაიმართება, ერთ ოლქში კი კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება.

 

12 მარტის "საპარლამენტო არჩევნები" მოულოდნელი შედეგით დამთავრდა - 35 საარჩევნო ოლქიდან, სადაც 137 დეპუტატობის მსურველი იყრიდა კენჭს, გამარჯვებული მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდა. სახელისუფლებო კანდიდატებთან ერთად, არჩევნებში ოპოზიციური პარტიებიდან "აინარის" - 8, "ამცახარას" - 7, "სახალხო ერთიანობის ფორუმის" - 6 და "სახალხო ფრონტის" -3 კანდიდატი მონაწილეობდა.

 

მეორე ტურის წინ "დეპუტატობის" კანდიდატებზე თავდასხმები გახშირდა. 16 მარტს სოხუმის მე-4 ოლქში ბატალ აიბას საკუთარ შტაბ-ბინასთან "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომობილი დაუწვეს. აფხაზური გამოცემის, "ნუჟნაია გაზეტას" ინფორმაციით, 18 მარტს გალის რაიონში დეპუტატობის კანდიდატის, კახი პერტაიას ავტომობილს დაესხნენ თავს.


 „კანდიდატი მოსახლეობასთან შესახვედრად მიემართებოდა, რა დროსაც მძღოლმა დაინახა უცნობი შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ავტომატიდან გაისროლა. მძღოლმა შეძლო მანქანის სწრაფად მობრუნება. კახა პერტაიამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, თუმცა თავდამსხმელი მიიმალა. არავინ დაშავებულა", - წერს თემურ ნადარაია.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩეველი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ლონდერ ცაავა "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ალექსანდრე ანქვაბის ჩასვლა სოხუმში პოლიტიკურ სპექტრთან და საზოგადოებასთან შეთანხმებით მოხდა და ის აუცილებლად იბრძოლებს ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის.


„ალექსანდრე ანქვაბი რუსეთიდან ტყუილად არ დაბრუნებულა. მას გარანტიები ჰქონდა პოლიტიკური სპექტრისგან და მოსახლეობისგან. მისი ავტორიტეტი არის დიდი, ის საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, საკმაოდ მომზადებულიც, კარგად იცის კულუარული თამაშებიც. ხაჯიმბასგან განსხვავებით, არის პრინციპული და ძნელად სამართავი.

მოსახლეობის განწყობაც არის ანქვაბის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ის გახდება პარლამენტის ლიდერი. ის არის იურისტი და კარგად იცის როგორ მოიქცეს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში, პარლამენტი დაიწყებს იმ მოდელზე ფიქრს, როგორიც საქართველოშია - საპარლამენტო რესპუბლიკა“, - აცხადებს ლონდერ ცაავა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge