Powered by Jasper Roberts - Blog

11:29 20.03.2017
თბილისში საცხოვრებელი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა

პირველ ადგილზე საბურთალოა, შემდეგ დიღმის მასივი და დიდუბე



”რეზონანსისა” და ”ეისითის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისელებისთვის ე.წ. პრესტიჟული უბნები ნაკლებ პრიორიტეტული გახდა. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ისინი უძრავი ქონების შეძენისას უფრო მეტად ისეთ უბნებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია. სასურველ ადგილებად კი საბურთალო (30%), დიდუბე-დიღმის მასივი (17%) და ნაძალადევი (11%) დასახელდა. ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ უბნად მიჩნეული ვაკე დიღმის მასივს 8%-ით ჩამორჩება.



უმეტესობა, თბილისში ბინის ყიდვისას, უბანს იმისდა მიხედვით არჩევს, თუ რამდენად მოსახერხებელ, წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს იგი. ”რეზონანსმა” მცირე გამოკითხვის მიხედვით დაადგინა, რომ მობინადრეთა დიდი ნაწილი ხმაურიან, მანქანებით გადაჭედილ, გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქალაქს გაურბის. ასევე გავარკვიეთ, რომ უძრავი ქონების მიმართ ინტერესი სტაბილურად შენარჩუნებულია, თუმცა გახშირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ყიდვის ფაქტი.



ამ საკითხზე უფრო მასშტაბური კვლევა - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა (”ეისითი”) განახორციელა. გამოკითხვა ექსკლუზიურად ინტერნეტჟურნალ ”მარკეტისთვის” ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 417-მა ზრდასრულმა თბილისელმა მიიღო.



მათ მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა - 30%, დიდუბე-დიღმის მასივში ბინის შეძენით დაინტერესებულია 17%. თბილისს გარეთ ცხოვრება 13%-ს სურს. შემდეგ მოდის ნაძალადევი-11%, ხოლო ვაკე-ბაგები - 9%-ით.



417 თბილისელს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ პოტენციური მყიდველები უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ, სადაც ცხოვრობენ ან სადაც მათი ახლობლები არიან დასახლებულნი. გარდა ამისა, ყურადღებას აქცევენ კონკრეტული უბნის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სამსახურთან თუ სასწავლო დაწესებულებასთან სიახლოვეც უბნის შერჩევის საკმაოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.



კვლევამ ცხადყო, რომ უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველებს, ძირითადად, 25-44 წლის დაოჯახებული მამაკაცები წარმოადგენენ, რომლებიც დასაქმებულნი არიან, როგორც დაქირავებული მუშაკები და მათ შემოსავალი 500 ლარს აღემატება.


ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის, ნატა გიორგაძისთვისაც ცენტრალური ქუჩები ნაკლებად პრიორიტეტულია. იგი უპირატესობას ნაკლებად ხმაურიან ადგილს ანიჭებს. ”პრესტიჟული უბნებია ვაკე-საბურთალო, თუმცა მე დასახლებას არც ერთ ადგილას არ ვისურვებდი. მირჩევნია, ცენტრთან ახლოს, წყნარ ადგილას ვიცხოვრო, მაგალითად, დიღმის მასივში, რომელიც ძალიან კარგად გააკეთეს ამ ბოლო დროს. შორს არ არის მეტრო, სხვადასხვა დაწესებულებები. ჯერ რაიმეს შეძენას 2-3 წლის განმავლობაში მაინც არ ვგეგმავ, მაგრამ ტენდენციას მაინც თვალს ვადევნებ. ბოლო დროს დიღმის მასივში ბინის ფასი საბურთალოსაც გაუთანაბრდა, ძალიან გაძვირებულია დიდუბეშიც. მაგალითად, დიღმის მასივში, მშენებარე კორპუსში თეთრ კარკასს, საავადმყოფოსთან, 1 კვადრატულს 1000 დოლარად ყიდიან. ასე ჯდება საბურთალოს ცენტრალურ ადგილას, სააკაძის მოედანზე ”მშენებარეს” შეძენა. ყველაზე ძვირი მაინც ვაკეა. სწორედ ამიტომაც მოთხოვნა შედარებით ნაკლებია”, - ამბობს ნატა გიორგაძე.



წინა რესპონდენტის მსგავსად, გია ჩიბურდანიძეც უპირატესობას ნაკლებად ხმაურიან, გადატვირთულ უბანს ანიჭებს. ასევე საყურადღებოა ის, თუ რამდენად ახლოა მისთვის საჭირო დაწესებულებები. ”უძრავი ქონების შეძენის სურვილი ადრე მქონდა, თუმცა ძალიან რთულია ამხელა თანხის ერთდროულად ხელში ჩაგდება. ბანკს არ მინდა გავეკარო, ძალიან დიდი რისკია. რა თქმა უნდა, უპირატესობას კერძო სახლს ვანიჭებ, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, აბსურდია. შესაბამისად, რეალურად მიმაჩნია კორპუსის ბინის შეძენა. ჩემთვის სასურველი უბანი საბურთალოა, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე. ახლოს მაქვს სამსახური, ბავშვს კი სასწავლებელი ორი ფეხის ნაბიჯზე აქვს, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს. ვფიქრობ, სახლი იმისდა მიხედვით უნდა შეარჩიო, როგორც და სადაც უფრო მოსახერხებელი იქნება შენთვის. ძალიან მომწონს დიღმის მასივი. საბურთალოს შეჩვეული რომ არ ვიყო, ნამდვილად იქ ვიცხოვრებდი. ხმაურისგან, ამდენი ავტომობილისგან გადაჭედილი ქუჩებისგან, გამონაბოლქვისგან დავიღალე. ვისაც ფული და ჭკუა აქვს, ბინას წყნარ ადგილას იყიდის”, - აცხადებს გია ჩიბურდანიძე.



დედაქალაქის მერიამ ცენტრალური უბნების განტვირთვაზე და ახალი უბნების განვითარებაზე დაიწყო მუშაობა. მშენებლობა დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არსებული ადგილი საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. შესაძლოა ამ ადგილის მიმართ ხელისუფლების, ინვესტორების დაინტერესებამ ხალხის ცნობიერებაზეც იქონია გავლენა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ თბილისელებში დიღმის მასივის მიმართ დაინტერესება გაიზარდა და ისეთ პრესტიჟულ უბანსაც კი გაუსწრო, როგორიც ვაკეა.



”ვაკე-საბურთალო კარგია საოფისედ. საცხოვრებლად უფრო ნაკლებად ხმაურიან, ეკოლოგიურად სუფთა ადგილს ავირჩევდი. მაგალითად, თბილისთან ახლოს რომელიმე დასახლებას. ძალიან მომწონს წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, მცხეთა, ასეთ ადგილებში სიამოვნებით ვიცხოვრებდი. საზღვარგარეთ ცენტრში აღარავინ ცხოვრობს. ვისაც საშუალება აქვს, ბინას ქალაქისგან მოშორებით ყიდულობს ან იშენებს. ეს ტენდენცია ინერგება ჩვენთანაც. სხვათა შორის ძალიან მაღალი ფასიც დაედო თბილისის მიმდებარე ზონას. ახლა ბინის ყიდვას არ ვგეგმავ, რადგან ამის საშუალება არ მაქვს. მინიმუმ 500 დოლარი მაინც ღირს 1 კვ/მ. 20000 დოლარზე ნაკლებად ერთოთახიან ბინას ვერ ნახავ, ძალიან გაიზარდა უძრავი ქონების ფასი”, - აღნიშნა ნატალია ზაქაიძემ.



”ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მომავალი 1-2 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენას თბილისის მოსახლეობის 16% გეგმავს. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ შედარებით უფრო მოთხოვნადი სწორედ საცხოვრებელი ფართის - კორპუსის ბინის ან კერძო სახლის შეძენაა. ჩვენმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო წლებია თბილისში უძრავი ქონების ყიდვით უცხოელები ძალიან ინტერესდებიან. დეტალების გასარკვევად უძრავი ქონების სააგენტოებს დავუკავშირდით. ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელმა ნათია ჯანელიძემ ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მსურველები ბინის შეძენისას, პირველ რიგში, ყურადღებას ფასს, ადგილმდებარეობას, გარემოს და სართულს აქცევენ. მათივე განმარტებით, ბოლო დროს გაიზარდა უცხოელების დაინტერესებაც. ისინი საცხოვრებლად წყნარ, ნაკლებად ხმაურიან ადგილს ირჩევენ.


”ყველაზე პრესტიჟული უბანია საბურთალო, ვაკე, წერეთელი, დიღმის მასივი და ვერა. შემდეგ მოდის ორთაჭალა, სამგორის რაიონი, ვარკეთილი. აქ, ძირითადად, ბინას კახეთში მცხოვრებნი ყიდულობენ. უძრავი ქონების შეძენისას აკვირდებიან, ტრანსპორტით მისვლა ადვილია თუ არა, მოძრაობა რამდენად გადატვირთულია, მიმდებარე ტერიტორიაზე რა დაწესებულებებია თავმოყრილი. ამ ბოლო დროს ვაკეში ბინები ნაკლებად იყიდება იმიტომ, რომ ძალიან ძვირია. ვისაც ფული აქვს, იმას ხმაურითა და გამონაბოლქვით შეწუხება არ სურს, ურჩევნია შედარებით ჯანსაღ ადგილას დასახლდეს. ბოლო დროს გაიზარდა მოთხოვნა დიღმის მასივზე, ვაშლიჯვარზე. შენდება ძალიან ბევრი კორპუსი, 1 კვ/მ-ის ფასი 850-1000 დოლარს შეადგენს. იგივე ფასია საბურთალოზე, წერეთელზე. გაიზარდა ასევე უცხოელი მყიდველების რაოდენობა, მათი უმეტესობა ირანელები და თურქები არიან”,- განაცხადეს უძრავი ქონების სააგენტოში.

ავტორ(ებ)ი : bpn.ge