Powered by Jasper Roberts - Blog

15:23 19.03.2017
შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ჯვარი ჩვენი – ის ჯვარი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიტანთ

უფალი ადამიანს აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი ჯვრის ბოლომდე მიტანა. “უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, უარყე თავი შენი, აიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც უარყოფს თავსა თვისსა და აიღებს ჯვარსა თავისასა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი სხვის ჯვარს იღებს – რამდენად მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი. უფალი აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ჯვარი ჩვენი – ის ჯვარი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიტანთ, ის ჯვარი, რომელიც მსუბუქ არს ჩვენთვის, ის ჯვარი, რომელიც ღვთის ნებით იქნება მოცემული ჩვენთვის”, - ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, როგორც ილია მეორემ განაცხადა, 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს შესრულდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელსაც თავად პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge