Powered by Jasper Roberts - Blog

14:30 19.03.2017
თბილისური ვენდეტა - ვინა არის ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა

პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, მისი მეგობრის დაპატიმრებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. ამ თემაზე ანა მარგველაშვილმა სურამში, იმ ადგილას ისაუბრა, სადაც 2 დღის წინ  მიხეილ თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მისი თქმით, სამართალდამცველები იგივეს გაკეთებას მისი კიდევ ერთი მეგობრის, თორნიკე კაჭარავას მიმართაც გეგმავენ:„აპირებენ კიდევ იგივეს გაკეთებას ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლის. მგონი, უნდა ვუშველოთ რამე ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა. 

ვინ არის ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი თორნიკე კაჭარავა? გთავაზობთ 2013 წელს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას თბილისური ვენდეტის შესახებ:

2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისი კიდევ ერთი ვენდეტის მოწმე გახდა.. რუსთაველის გამზირზე ასეულობით ადამიანმა დაინახა, როგორ მისდევდა რამდენიმე კაცი უცნობ ახალგაზრდას. როგორც კი მიუახლოვდნენ, რამდენჯერმე ესროლეს. გარდაცვლილი 23 წლის ჩოგბურთელი ზურაბ ტარყაშვილი აღმოჩნდა. მალევე გაირკვა, რომ ზურაბ ტარყაშვილი ადრე მოკლული 20 წლის სანდრო გოგბერაშვილის მამის მხრიდან შურისძიების მსხვერპლი ყოფილა. სანდრო გოგბერაშვილი 2010 წლის მარტში ყაზბეგის ქუჩაზე, კაფე "ჰოლივუდში" მოკლეს. მას შელაპარაკება ზურაბ ტარყაშვილთან რამდენიმე დღით ადრე გრიბოედოვის ქუჩაზე მოუვიდა. კაფე "ჰოლივუდში" ისინი საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ. ტარყაშვილს თავისი მეგობრები - ძმები ჩიჩუები ახლდნენ, ხოლო გოგბერაშვილს - თორნიკე კაჭარავა. საქმის გარჩევას სროლა მოჰყვა. დაიჭრნენ ძმები ჩიჩუები და ზურაბ ტარყაშვილი, სანდრო კი გარდაიცვალა... პოლიციამ დაჭრილი ტარყაშვილი და ძმები ჩიჩუები ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა, შემდეგ კი დააკავა; თუმცა ტარყაშვილი სასამართლოდან გაათავისუფლეს - ბრალი არ დაუმტკიცდა. შურისძიების მიზნით, თორნიკე გოგბერაშვილის მამამ, ივერი გოგბერაშვილმა, ტარყაშვილი თავისსავე უბანში, მთაწმინდაზე მოიხელთა, ორ მეგობართან ერთად რუსთაველამდე სდია და საქვეყნოდ ჩაცხრილა. სამართალდამცავებმა მიმალული ივერი გოგბერაშვილი მოგვიანებით დააკავეს. ერთი ვერსიით, საბოლოოდ, გაირკვა, რომ თორნიკე გოგბერაშვილი არა ზურაბ ტარყაშვილს, არამედ, თავისივე მეგობრის, თორნიკე კაჭარავას ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge