Powered by Jasper Roberts - Blog

13:17 18.03.2017
უნგრეთი ქართველი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.



როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტიპენდიებთან დაკავშირებით განცხადება უნგერეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე გააკეთა.



„იმედი გვაქვს, ქართველი ახალგაზრდები ამით ისარგებლებენ და შემდგომში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. 



მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკურ ურთიერთობების პარალელურად საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში არსებული კონტაქტები კიდევ უფრო აახლოებს ქვეყნებს და ქართველ ახალგაზრდებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის მხარე წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსებას 2014 წლიდან სთავაზობს. ბოლო პერიოდში ასევე გაფორმდა არაერთი შეთანხმება ორი ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელს შორის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge