Powered by Jasper Roberts - Blog

12:54 18.03.2017
"სოციალური ფონი პირდაპირ კავშირშია დანაშაულის მომატებასთან"- დიმიტრი ლორთქიფანიძე

განხორციელებული მასშტაბური ამნისტიის მიუხედავად, პატიმართა რაოდენობის მიხედვით საქართველო კვლავ მოწინავე ქვეყნებს შორისაა. დანაშაული კი ძირითადად ნარკოტიკსა და ქურდობას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში პატიმართა 30% ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისათვის იხდის სასჯელს, 28.7% - ქურდობისათვის, 19% - ძარცვისთვის, 13.1% კი - მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობისათვის.


იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს,რომ 2012 წელთან შედარებით პატიმართა რაოდენობა საგანგაშო არ არის, რასაც ვერ ვიტყვით დანაშაულის ჩადენის სტატისტიკაზე.


"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეს პატიმართა რაოდენობა საშუალოდ 9-11 ათასამდე მერყეობს. ამ მონაცემებით, არ არის გამორიცხული, რომ პატიმართა რაოდენობა მაღალ საფეხურზე იყოს, თუმცა, უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში პატიმართა რაოდენობა 30 ათასამდე იყო. მაშინ ციხეების გადატვირთვის მიხედვით ევროპაში პირველზე, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე ვიყავით. საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გათავისუფლდა. როდესაც ფართო ამნისტია ცხადდება, საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 32% კვლავ უკან ბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, რა თქმა უნდა, საქართველოც არ იქნებოდა გამონაკლისი ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლის თვალსაზრისით. თვითონ ის ფაქტი, რომ ნახევარზე ნაკლებია პატიმართა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით, მიანიშნებს, რომ საქართველოში ამ მხრივ საგანგაშო ვითარება არ არის. თუმცა, დანაშაულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნარკოტიკული დანაშაულის რაოდენობის მომატება აშკარად ტენდენციაა, ისევე როგორც სხვისი ქონების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, როგორიც არის ქურდობა და ყაჩაღობა,რაც, სამწუხაროდ, მატულობს და ეს დაკავშირებულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონთან და იმ დეპრესიულ გარემოსთან, რომელიც ქვეყანაშია.


 

სოციალური ფონი პირდაპირ კავშირშია დანაშაულის მომატებასთან. როცა ნარკოდანაშაული მატულობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ დეპრესიული ფონი იზრდება. მაგალითად, ახალქალაქის რაიონში გაცილებით ნაკლებია ნარკო დანაშაული, ვიდრე სხვა რაიონებში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიური თავისებურებებით არის განპირობებული ეს დეპრესიული გარემო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge